ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა: "დაკავებულია ორი პირი, ვინც თავდაცვის მინისტრის მკვლელობას გეგმავდა"


უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ დააკავა ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის დაზვერვის სამსახურებისთვის მუშაობდნენ და უკრაინის თავდაცვის მინისტრისა და სამხედრო დაზვერვის სააგენტოს უფროსის მკვლელობას გეგმავდნენ. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურმა, "ეს-ბე-უ"-მ განაცხადა.

უშიშროების სამსახური ამბობს, რომ რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს, იგივე "გრუ"-ს საბოტაჟის გეგმა გაშიფრა. ამ გეგმის თანახმად, სამი მკვლელობა იყო დაგეგმილი, მათ შორის ცნობილი უკრაინელი აქტივისტიცაა.

ამ ცნობების შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებლად დამოწმებული ცნობები ჯერ-ჯერობით არ აქვთ. განცხადება არ გაუკეთებია არც მოსკოვს, და არც კრემლის მიერ კონტროლირებად მედიაში გავრცელებულა ცნობები.

ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთი ლუჰანსკის რეგიონის მცხოვრებია, მეორე კი - კიევის. "ეს-ბე-უ"-ს ცნობით, რუსული მხარისგან დავალების შესასრულებლად თითოეულ მათგანს 150 000$-ის ოდენობის თანხა უნდა მიეღო. ამავე განცხადების თანახმად, მამაკაცი, რომელიც წარმოშობით ლუჰანსკიდანაა, უკრაინაში ბელარუსიდან შევიდა და უკრაინის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კოველში მის თანამზრახველთან ერთად დააპატიმრეს.

თანამდებობის პირთა მხრიდან შესაძლო ღალატის, ან რუსეთის მიერ დაგეგმილი საბოტაჟის საქმეების მიმართ უკრაინის მთავრობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს.

უშიშროების სამსახური გამორჩეული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ კიდევ უფრო მოექცა, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი ხელმძღვანელი მთავარ პროკურორთან ერთად, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზად კი მათ უწყებებში კოლაბორაციის შემთხვევების დიდი რაოდენობა და არასათანდო რეაგირება დასახელდა.

XS
SM
MD
LG