რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო კრიმინალური საქმე ტელე-ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ, რომელიც ცნობილია იმით, რომ მარტში, პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პროტესტი გამოთქვა.
მას ბრალად დასდეს, რომ რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის საჯარო კრიტიკით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაცია“ მოახდინა.10 აგვისტოს, ოვსიანიკოვას ადვოკატმა დმიტრი ზახვატოვმა განაცხადა, რომ პოლიცია ოვსიანიკოვას მოსკოვის ბინაში შეიჭრა და მისი იქ არყოფნის დროს ჩხრეკა ჩაატარა. მან იქვე დაამატა რომ ჟურნალისტს ბრალად „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება“ ედება.
ოვსიანიკოვა საერთაშორისოდ ცნობილი გახდა 14 მარტს, როდესაც რუსეთის პირველი არხის პროგრამა „ვრემიას“ სტუდიაში შევიდა პლაკატით: „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. ისინი თქვენ გატყუებენ“. მან ასევე წამოიძახა: „შეაჩერეთ ომი. არა ომს“.
პროტესტის დროს ოვსიანიკოვა პირველი არხის პროდიუსერი იყო. ის მოგვიანებით დააკავეს და სასამართლომ არალეგალური პროტესტების მოწოდებისთვის 490 დოლარით დააჯარიმა.
ოვსიანიკოვა პირველი არხიდან წავიდა და რამდენიმე თვე საზღვარგარეთ, მათ შორის უკრაინაში იმყოფებოდა. მან ომის დაგმობა არაერთხელ გამოხატა.
ის სამი თვის განმავლობაში გერმანულ გამოცემა „დი ველტში“ სწავლებას გადიოდა და ივლისის დასაწყისში რუსეთში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა.
8 აგვისტოს მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ონლაინ პროტესტების გამო 660 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გასულ კვირაში კი სხვა სასამართლომ იმავე ბრალდებით, სამხედრო უწყების დისკრედიტაციისთვის, 820 დოლარით დააჯარიმა. ახალი ჯარიმა დაკავშირებული იყო ივლისის დასაწყისში ერთი ადამიანის პროტესტთან, როდესაც ოვსიანიკოვას კრემლის წინ ეკავა პლაკატი წარწერით: „პუტინი მკვლელია; მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან“.