რუსი ტელეჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც საზოგადოებას პირდაპირ ეთერში უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის საპროტესტო პლაკატით დაამახსოვრდა, 17 ივლისს მოსკოვში, საკუთარი სახლის წინ პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.
ოვსიანიკოვამ "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ ის მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონში პოლიციის დეპარტამენტში გადაჰყავდათ. ამის შემდეგ მან კიდევ დაწერა, რომ მას ბრალი წაუყენეს "რუსეთის არმიის დისკრედიტაციის შემცველი ქმედებებისთვის" იმ ინტერვიუს დროს, რომელშიც ის ბასმანის სასამართლოსთან დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ილია იაშინის შესახებ საუბრობდა. თავად ოპოზიციონერი რუსეთის არმიის შესახებ "ყალბი ინფორმაციის გავრცელების" ბრალდებითაა დაკავებული.
ოვსიანიკოვამ გასულ კვირას კრემლის მისადგომებთან ომის საწინააღმდეგო პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატა. ერთკაციანი პიკეტირებისას, მან უკრაინაში მოკლული ბავშვების ფოტოები და ბანერები გამოფინა, რომლებზეც ეწერა "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები - ფაშისტები". ჟურნალისტი მაშინ არ დაუკავებიათ.
ოვსიანიკოვა მაყურებლების დიდ ნაწილს იმით დაამახსოვრდა, რომ ის რუსეთის პირველ არხზე 14 მარტს, საინფორმაციო გამოშვება "ვრემიას" მიმდინარეობისას, წამყვანის უკან პლაკატით გამოჩნდა, რომელზეც ეწერა: "შეწყვიტეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. ისინი თქვენ გატყუებენ". მან რუსულად შესძახა კიდეც: "შეწყვიტეთ ომი, არა ომს!"
ოვსიანიკოვა იმ დროს არხის პროდიუსერი იყო. ამის შემდეგ პირველად მან 11 აპრილს თვალსაზრისი Die Welt-ის ონლაინ გამოცემაში გამოაქვეყნა, სადაც მისი პროტესტის შედეგებზე წერდა.
მოგვიანებით, ის უკანონო პროტესტისთვის დააკავეს და დაახლოებით $500-ის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გამოუშვეს. ჟურნალისტმა არხზე თანამდებობა დატოვა და მომდევნო რამდენიმე თვე საზღვარგარეთ გაატარა, მათ შორის უკრაინაშიც, სადაც გამუდმებით გმობდა ომს.
რამდენიმე თვე ის გერმანულ გამოცემაში გადიოდა ტრენინგს, ივლისის დასაწყისში კი განაცხადა, რომ რუსეთში ბრუნდებოდა. რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპონენტების წინააღმდეგ წნეხი კიდევ უფრო გააძლიერა. ჟურნალისტები იძულებულნი არიან, ქვეყანაში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს "სპეციალური ოპერაცია" უწოდონ.