ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჟურნალისტი მცირეხნიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს


რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც რუსეთის პირველ არხზე 14 მარტს ომის საწინააღმდეგო პლაკატი გამოფინა და ამის შემდეგაც გაანგრძობდა პროტესტს, მცირეხნიანი დაკავების შემდეგ, გაათავისუფლეს.

"მე სახლში ვარ, ყველაფერი რიგზეა. ახლა უკვე ვიცი, რომ სჯობს სახლიდან გასვლისას თან ჩანთა და პასპორტი მქონდეს", - დაწერა მან ორშაბათ ღამით "ფეისბუქზე".

მისი ადვოკატი დმიტრი ზახვატოვი ამბობს, რომ ის "რუსული არმიის დისკრედიტაციის" შესახებ ეჭვის საფუძველზე დააკავეს. საქმე იმ კომენტარს შეეხებოდა, რომელიც მან გასულ კვირას დაკავებული ოპოზიციონერი აქტივისტის ილია იაშინის სასამართლო პროცესის შემდეგ გააკეთა. მას ჯარის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ედავებოდნენ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში აიკრძალა ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შესაძლოა ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის ომის თაობაზე ყალბ ცნობებად მიიჩნიოს. სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ დრომდე ოვსიანიკოვას წინააღმდეგ ბრალდების თაობაზე ხელისუფლებას არაფერი უთქვამს.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ოვსიანიკოვამ კრემლის მისადგომებთან ომის საწინააღმდეგო პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატა. ერთკაციანი პიკეტირებისას, მან უკრაინაში მოკლული ბავშვების ფოტოები და ბანერები გამოფინა, რომლებზეც ეწერა "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები - ფაშისტები". ჟურნალისტი მაშინ არ დაუკავებიათ.

ოვსიანიკოვამ მას შემდეგ მიიპყრო ყურადღება, რაც რუსეთის პირველ არხზე 14 მარტს, საინფორმაციო გამოშვება "ვრემიას" მიმდინარეობისას, წამყვანის უკან პლაკატით გამოჩნდა, რომელზეც ეწერა: "შეწყვიტეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. ისინი თქვენ გატყუებენ". მან რუსულად ეთერის მიმდინარეობისას შესძახა კიდეც: "შეწყვიტეთ ომი, არა ომს!"

მოგვიანებით, ოვსიანიკოვა უკანონო პროტესტისთვის დააკავეს და დაახლოებით $500-ის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გამოუშვეს. ჟურნალისტმა არხზე თანამდებობა დატოვა და მომდევნო რამდენიმე თვე საზღვარგარეთ გაატარა, მათ შორის უკრაინაშიც, სადაც გამუდმებით გმობდა ომს.

რამდენიმე თვე ის გერმანულ გამოცემაში გადიოდა ტრენინგს, ივლისის დასაწყისში კი განაცხადა, რომ რუსეთში ბრუნდებოდა. რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპონენტების წინააღმდეგ წნეხი კიდევ უფრო გააძლიერა. ჟურნალისტები იძულებულნი არიან, ქვეყანაში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს "სპეციალური ოპერაცია" უწოდონ.

XS
SM
MD
LG