რუსეთის სამხედრო აგრესიამ რეგიონში უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა. ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვის შემდეგი სამიზნე, თუ ის წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, საქართველო და მოლდოვა შეიძლება იყოს. ხედავს თუ არა კიშინიოვი საფრთხეს მოსკოვიდან, როგორ გეგმავს ოფიციალურად ნეიტრალური ქვეყანა შექმნილ ვითარებასთან გამკლავებას და რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი მოლდოვისთვის? ექსკლუზიურ ინტერვიუში, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკუ პოპესკუს ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.
დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ შეკითხვა შეეხება იმას, თუ როგორ შეიცვალა უსაფრთხოების გარემო მოლდოვისთვის 24 თებერვლის შემდეგ?
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი შოკში ვიყავით უკრაინაში რუსეთის მიერ ორკესტრირებული ამ აგრესიის გამო. თუმცა აქამდეც ნათელი იყო, რომ აღმოსავლეთ ევროპა უსაფრთხოების კუთხით პრობლემური ადგილია. მაგრამ, საფრთხე ევროპის კონტინენტზე მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის დრამატულად გაიზარდა. ფაქტი, რომ საერთაშორისო სამართალი გვერდზე იქნა მიგდებული და საკითხები მსგავსი სასტიკი სამხედრო გზით იჭრება, რა თქმა უნდა, ქმნის ყველასთვის ნაკლებად უსაფრთხო გარემოს, მათ შორის მოლდოვისთვის. ჩვენ ძალიან ვღელავთ.
როდესაც მიმომხილველები საუბრობენ რუსეთის ომზე უკრაინაში, ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში მისი შემდეგი სამიზნე მოლდოვა და საქართველო იქნებიან, ამისთვის ემზადებით და ელოდებით ვითარების მსგავს განვითარებას?
ჩვენ ვემზადებით ვითარების ყველა სახით განვითარებისთვის. მათ შორის, ნოემბრის შემდეგ, ნეგატიური სამხედრო სცენარისთვისაც. ჩვენ ვიღებდით სიგნალებს, რომ ვითარება იყო რთული და შესაძლოა იყო უკრაინის წინააღდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია გვეხილა. ამიტომ ჩვენ ვემზადებოდით ომამდეც. მთავრობას აქვს ამის ვალდებულება. ამ ეტაპზე ვითარება შედარებით მშვიდია, რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ევროპის კონტინენტზე სიმშვიდე შენარჩუნდება, მათ შორის მოლდოვაში.
მოელით, თუ არა, რომ რუსული სამხედრო კონტინგენტი, რომელიც მოლდოვის ტერიტორიაზეა განთავსებული, ჩაერთვება სამხედრო მოქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ, თუ რუსეთი ოდესის დაკავებას ეცდება, რას აკეთებთ ამ კუთხით?
როგორც ვთქვი, სხვადასხვა სცენარისთვის ვემზადებით, და ბევრი მათგანი ნეგატიურია, თუმცა პროგნოზირება ნამდვილად არ შეგვიძლია. რაც შეგვიძლია ისაა, რომ ამ სცენარებისთვის მოვამზადოთ. ვერ გავაკეთებ პროგნოზებს, ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ვესაუბრებით დნესტრისპირეთის დე ფაქტო წარმომადგენლებს. ორივე მხარეს არსებობს მზაობა მოლდოვის ტერიტორიაზე მშვიდობა შენარჩუნდეს. მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში.
დე ფაქტო მმართველობა იძლევა სიგნალებს, რომ სურს სიტუაცია წყნარი და მშვიდი იყოს. როგორც იცით ადგილი ქონდა აფეთქებებს და დაძაბულობას. თუმცა ჩემი კოლეგები ხელისუფლებაში, პრემიერ-მინისტრის მოადგილე, რომელსაც რეინტეგრაციის საკითხები ეხება და სხვა ჩემი კოლეგები, არიან კავშირზე დნესტრისპირეთის, დე ფაქტო ხელისუფლებასთან.
ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ კონფლიქტის გადაჭრის გზა მოლდოვის აღმოსავლეთ რეგიონთან დიპლომატია და დიალოგია. რაც შეეხება რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობას, მოლდოვის ტერიტორიაზე, სეპარატისტულ რეგიონში, ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. ჩვენ ვაგრძელებთ მოთხოვნას, რომ რუსეთის ძალებმა, რომელიც იქ უკანონოდ არის განთავსებული, ტერიტორია დატოვონ.
ამავდროულად, ჩვენთვის, რუსეთის ჯარის გაყვანის მიღწევის, ერთადერთი გზა კიდევ ერთხელ, დიპლომატია და დიალოგია და არა რაიმე სახის არა-დიპლომატური ქმედებები.
რუსეთის ომის ფონზე უკრაინაში, როგორ ფიქრობთ, ის რომ მოლდოვა არის ნეიტრალური ქვეყანა, როცა საქმე ნატოს და სამხედრო ალიანსებს ეხება, მცდარი გადაწყვეტილება იყო?
მოლდოვა კონსტიტუციის მიხედვით, ნეიტრალური 1994 წლიდანაა, ჩვენი ეს პოლიტიკა უკვე სამი ათწლეულია გრძელდება. თუმცა ეს ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს, დემილიტარიზაციას, თვითიზოლაციას, გულგრილობას საერთაშორისო წესების დარღვევის მიმართ, თუ დიპლომატიური პოზიციების არ ქონას. და დიახ, კონსტიტუციით ჩვენი ქვეყანა ნეიტრალურია, როცა საქმე სამხედრო ალიანსებს ეხება, თუმცა ჩვენ ძალზედ ნათლად დავგმეთ რუსეთის აგრესია. Ამასთან, ჩვენს პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რა თქმა უნდა რუმინეთთან, ნატოსთან და ევროკაშირთან უსაფრთხოების პარტნიორობას და უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე დიალოგს ვავითარებთ. გვაქვს ათასობით არხი პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. თუმცა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჯარი, ეს აშკარაა.
რა მოგცათ ნეიტრალიტეტმა, იმის გათვალისწინებით რომ დნესტრისპირეთთან დაკავშრებული პრობლემები რჩება, არ ყოფილა ამ კუთხით მოსკოვის მხრიდან მზაობა, გადაეჭრა ეს საკითხი, ამასთან არ გაქვთ უსაფრთხოების გარანტიები, თუ ხვალ რუსეთი დაგესხმებათ თავზე, ამიტომ გავიმეორებ შეკითხვას, რამდენად სწორია ის, რომ ინარჩუნებთ ნეიტრალიტეტს?
ვფიქრობ ყველა ქვეყანა მსოფლიოს ჩვენ ნაწილში, აღმოსავლეთ პარტნიორობაში, საფრთხის წინაშეა მიუხედავად იმისა, როგორი პოლიტიკა აქვთ, უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით, და როგორ პარტნიორობასაც არ უნდა ირჩევდნენ. როცა რეგიონს უყურებ, როცა ევროპას უყურებ, ყველგან არის სხვადასხვა დონის საფრთხის განცდა და მათ შორის მოლდოვაშიც. ეს საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების წინაშეც დგას. სხვადასხვა ქვეყნები საკუთარი უსაფრთხოების და თავდაცვის განსამტკიცებლად სხვადასხვა გზას ირჩევენ. ეს გზები უსაფრთხოების მთავარ დილემებს მაინც არ ჭრის. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. თუმცა თუ მოლდოვას, ფართო კონტექსტში განიხილავ ნახავ, რომ რეგიონში - ნეიტრალიტეტის თუ მის გარეშე - ბევრი ქვეყანა განიცდის საფრთხეს, და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე ღელავს. ამას ყველაზე აქვს გავლენა.
თუმცა თუ არა სამხედრო ალიანსები, რა გზა გაქვთ საკუთარი უსაფრთხოების გარანტირებისთვის?
თქვენ იცით რომ რეგიონში სხვა ქვეყნები ნატოშის გაწევრიანების გზაზე არიან, და ისინი ჯერ არ გამხდარან ალიანსის წევრები, და რთულია იმის თქმა რომ ისინი თავს ბევრად უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ ვიდრე მოლდოვა. გამომდინარე იქიდან, რაც უკრაინაში ხდება, ვერ იტყვი რომ არსებობს, გზა რომელიც მოგვცემდა ჩვენი ქვეყნების უსაფრთოხების სრულ გარანტიას და ეს რა თქმა უნდა პრობლემაა. ჩვენ ყველას გვქონდა იმედი, რომ საერთაშორისო სამართალს უფრო მეტ პატივს სცემდნენ და დიპლომატიას და დიალოგს ექნებოდა შედეგები. ამიტომ მართალი ხართ. არ მგონია, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ვინმემ თქვას სრული თავდაჯერებულობით, რომ უსაფრთხოების და თავდაცვის მექანიზმები რაც არსებობს, სრულად ეფექტურია.
თუმცა უნდა ვთქვათ, რომ სხვა ქვეყნები მოლდოვისგან განსხვავებით იღებენ შეიარაღებას, წვრთნებში მონაწილეობენ და ა.შ. თუმცა არ მინდა ამ საკითხზე ბევრი დრო დავკარგოთ, მინდა გადავიდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რას ცვლის ეს მოლდოვისთვის და რას ნიშნავს ეს დასავლეთში ინტეგრაციის პროცესში?
ეს მოლდოვისთვის დიდი ისტორიული ნაბიჯია. როგორც იცით, სხვა ქვეყნები ამ შანსს ათწლეულობით ელიან. მათ შორის ჩვენც, დიდი ხანია ველით... ჩვენ ვიცით, რომ ისტორიული პროცესის ნაწილი ვართ... ბრიუსელი დაპირებას გასცემს დათქმით, რომ გარკვეული რეფორმები შესრულდება. ამ დღეებში, ამ კვირებში, ისტორიული მოვლენების მომსწრენი ვართ, როცა საქმე მოლდოვას, და ასევე უკრაინასა და საქართველოს შეეხება. მოლდოვაში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, რეფორმები უნდა გავატაროთ, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის. ვიცით, რომ ამას ბევრი დრო და ბევრი მუშაობა დასჭირდება. თუმცა ამ დღეებში ხდება ის რასაც ველოდით ათწლეულები.
ეს ჩვენ საზოგადოებებისთვის, ჩვენი დემოკრატიებისთვის ნამდვილად შესანიშნავი ამბავია. ვიტყოდი, რომ ეს კარგი ამბავია ასევე ევროპის კონტინენტისთვის, ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის, რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი მიზანი ევროკავშირისა, როცა ის შეიქმნა, იყო დაემყარებინა მშვიდობა ევროპის კონტინენტზე. ეს მიზანი ჯერ საბოლოოდ არ შესრულებულა და მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მიღება ევროკავშირში, კონტინენტის სტაბილიზაციაში როლს ითამაშებს და ეს ყველას, მთელი კონტინენტის ინტერესებშია.
როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა საქართველოს გარიყვა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეულიდან?
მე არ ვარ საუკეთესო პოზიციაში, გავაკეთო კომენტარი და შევაფასო ურთიერთობები ევროკომისიის, წევრ სახელმწიფოებს, ახლო მოკავშირესა და მოლდოვის ახლო მეგობარ საქართველოს შორის. ვფიქრობ ძალზედ პოზიტიურია ის, რომ ევროკომისიამ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. მოლდოვის ინტერესი და სურვილია, რომ ევროკავშირში საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად იყოს, მას შემდეგ რაც ჩვენი ქვეყნები გაივლიან გარდაქმების იმ ეტაპებს, რაც საჭიროა.
მინდა გკითხოთ, დნესტრისპირეთზე, როგორ ხედავთ კონფლიქტის გადაჭრის გზას და ხედავთ კი ამის შესაძლებლობას?
ამ ეტაპზე, როგორც ვთქვი, მთავარი ფოკუსია უსაფრთხოების და სიწყნარის შენარჩუნება, მოლდოვის რესპუბლიკის კანონიერ ტერიტორიაზე, მის მთელს ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე კონფლიქტის მოგვარების დისკუსი წინ არ მიდის, უკრაინაში ომის გამო. ჩვენი კონფლიქტის მოლაპარაკებების ფორმატი, 5+2 [ეუთოში] მოიცავს რუსეთსა და უკრაინას. ასევე ეუთოს, ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს. და როცა რუსეთი და უკრაინა ომობენ, ეს არაა კარგი მომენტი რეალური მედიაციისთვის. ამიტომ ჩვენი ფოკუსი არის ყოველდღიურად ქვეყანაში მშვიდობიანი ვითარების უზრუნველყოფა. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმისა, რომ საჭიროა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით, დიალოგითა და დიპლომატიით გადაიჭრას. ახლა ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას კონკრეტულ პირობებსა თუ ქმედებებზე ვისაუბროთ, კონფლიქტის გადაწყვეტის კუთხით.
მინდა შიდა პოლიტიკაზე გკითხოთ, წარსულში მოლდოვაში ვხედავდით პოლიტიკოსებს, თქვენ ოპონენტებს, რომლებიც ღიად პრო-რუსულნი იყვნენ, მოსკოვში დადიოდნენ ვიზიტებით; ასევე ვნახეთ რომ სანქციები დაუწესეს ერთ-ერთი ლიდერს, [ვლადიმირ] პლაჰოტნიუკს. როგორ ფიქრობთ, ეს ძალები წარმოადგენენ პრობლემას დასავლური ინტეგრაციის გზაზე, და ეს სენტიმენტები პოლიტიკური ელიტის პრობლემაა თუ ასევე მოსახლეობის?
ნათელია, რომ ჩვენ საზოგადოებას უკვე წლებია სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ისინი ზედმიწევნით აძლევენ ხმას, პრო-ევროპულ ძალებს. და როცა ძალები, რომლებიც ნაკლებად იყვნენ ერთგულნი ევროპული ინტეგრაციისა, მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ არ ქონდათ მანდატი იმისა, რომ უარი ეთქვათ ევროპულ გზაზე. ჩემს სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, 2005 წლის შემდეგ, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრო ჰქვია. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება იყო ის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მოლდოვის საგარეო პოლიტიკა, ყველა მთავრობის მიერ.
ჩვენი უდიდესი პრობლემა, და სწორედ ამიტომ მისცა მოსახლეობამ მანდატი პრეზიდენტ მაია სანდუს, კორუფციის აღმოფხვრაა, და კორუფციასთან ბრძოლა უნდა დაიწყოს პოლიტიკური კლასიდან. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ წინა ლიდერები ძალიან კორუმპირებულები იყვნენ და ამიტომ აირჩია ხალხმა ეს მთავრობა Რათა კორუფციის აღმოიფხვრას, და ამ გზით უკეთეს მმართველობამდე მივიდეთ. ამას ვაკეთებთ, და მოსახლეობა ამას ძლიერად უჭერს მხარს.
და ბოლო კითხვა დასავლეთს შეეხება, როგორ ფიქრობთ დასავლეთში, ევროპის კონტინენტზე არსებობს თუ არა გრძელვადიანად, რეალური აღქმა იმისა თუ რას წარმოადგენს რუსეთი თუ კვლავ ვიხილავთ სურვილს, რომ ძველი ურთიერთობები დაბრუნდეს, თუ ამ ეტაპს უკვე გავცდით?
ვფიქრობ ნათელია, რომ ადგილი აქვს გადაფასებას ყველაფრისა ყველას მიერ. ყველა ქვეყანაში ევროპის კონტინენტზე ფიქრობს მის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკაზე, ენერგო-პარტნიორობაზე, პოლიტიკაზე განახლებადი ენერგიის, ინფრასტრუქტურის თუ ლოგისტიკის კუთხით. და ეს საუბარი გაგრძელდება. ამ ომის საშინელი ეფექტები თავს მრავალი წლის განმავლობაში შეგვახსენებს, თუ ათწლეულების არა. ეს უდიდესი ტრაგედიაა, ტრაგედიაა ევროპის კონტინენტისთვის, ამის გადალახვა და დავიწყება რთული იქნება.
Facebook Forum