ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულმა რაკეტამ სავაჭრო ცენტრში, სულ მცირე, ორი ადამიანი იმსხვერპლა


უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ორშაბათს, უკრაინის ქალაქ კრემენჩუგის ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრს რუსული რაკეტა მოხვდა. შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

სარაკეტო თავდასხმამ დიდი ხანძარი გამოიწვია. სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტმა ნახა სავაჭრო კომპლექსის დანახშირებული კედლები და ჩამოშლილი სახურავი. მეხანძრეები და პოლიციელები გადარჩენილების მოსაძებნად ტერიტორიას ლითონის დეფორმირებული კონსტრუქციებისგან ათავისუფლებდნენ.

„არ ვიცით, ნანგრევების ქვეშ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს“, თქვა ტელევიზიით გამოსვლისას რეგიონული სამაშველო სამსახურის უფროსმა.

ზელენსკიმ თქვა, რომ თავდასხმის დროს, სავაჭრო ცენტრში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მსხვერპლის შესახებ დეტალებზე არაფერი უთქვამს, მაგრამ თქვა: „მსხვერპლის რაოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.“

ზელენსკიმ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ „უაზრობაა რუსეთისგან წესიერებას და ჰუმანურობას მოელოდე“.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ თქვა, რომ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა და დაშავებულებიდან ცხრა ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. „მაშველები ყველა მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილზე მიდიან, რათა ხანძარი ჩააქრონ და შედეგების ლიკვიდაცია მოახდინონ“, თქვა ტიმოშენკომ.

რუსეთს, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობის შეგნებულად სამიზნედ ამოღებას უარყოფს, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ ამ თავდასხმისთვის რუსეთს შესაძლოა სამი მოტივი ჰქონოდა.

„პირველი, ეჭვგარეშე, პანიკის დათესვაა, მეორე ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებაა და მესამე ფსონების აწევაა, რათა ცივილიზებული დასავლეთი აიძულოს, კვლავ მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს“, თქვა დენისენკომ.

XS
SM
MD
LG