უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ვაშინგტონმა კიევს 6 მილიარდამდე დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია. დახმარება მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, როგორიცაა „HIMARS” - მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები. შეერთებული შტატების მიერ, უკრაინისთვის გაწეული დახმარების შესახებ, „ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორს, ჯონ კირბის ესაუბრა. კირბი იქამდე, თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივნის თანამდებობას იკავებდა.
"უკრაინა განსაზღვრავს, „რა ოპერაციების ჩატარებას გეგმავენ. ეს არის მათი უფლება მასალაზე, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებენ. ეს ახლა მათია. ეს უკრაინის საკუთრებაა და თავად უნდა განსაზღვრონ, როგორ გამოიყენებენ მას“ - აცხადებს კირბი.
მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები „ფოკუსირებულია იმაზე, რომ უკრაინას შეეძლოს გააგრძელოს საკუთარი თავისა და სუვერენიტეტის დაცვა“.
უკრაინაში ამერიკული „HIMARS” 23 ივნისს ჩავიდა. კირბის თქმით, ამ დახმარებას ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია და უკრაინას უპირატესობას ანიჭებს. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, კირბი პასუხობს გამოთქმულ მოსაზრებებს იმის შესახებ, თითქოს კიევი შესაბამის და დროულ დახმარებას არ იღებს.
„ყველა ეს სისტემა ქმნის განსხვავებას. დღესაც კი ისინი ქმნიან განსხვავებას, ამას უკრაინელები დაადასტურებენ და ეს არ არის მხოლოდ დიდი სისტემები. ეს ასევე არის მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ისინი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყოველდღიურად იყენებენ რუსებთან ბრძოლაში. ასე რომ, ეს უკვე ახდენს გავლენას. ჩვენ აშკარად ვართ უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი დონორი უკრაინის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის მთელს მსოფლიოში... თითქმის 6 მილიარდი დოლარი [რუსეთის უკრაინაში] შეჭრის დაწყებიდან. ასე რომ, ეს არის ბევრი მასალა, რომელიც მიდის და პრეზიდენტმა ცხადყო, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს დახმარება მომავალში“ - აცხადებს კირბი.
უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, არ გამორიცხავს, შეერთებულმა შტატებმა, უკრაინისთვის „HIMARS” და „MLRS” [მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა] სისტემების მიწოდება განაგრძოს. 24 ივნისს, უკრაინამ უკვე მიიღო დამატებით "HIMARS" სისტემა.
კითხვაზე, რისთვის აწვდის ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას იარაღს - საკუთარი თავის დასაცავად თუ რუსული ძალების დასამარცხებლად, უკრაინის ტერიტორიებიდან უკუკდებისთვის და საბოლოო გამარჯვებისთვის, კირბი პასუხობს - „ჩვენ დანამვდილებით ორიენტირებულნი ვართ იმაზე, რომ უკრაინას შეეძლოს დაიცვას საკუთარი თავი, სუვერენიტეტი, ხალხი, ტერიტორიული მთლიანობა. ცხადია, ამ ბრძოლაში უკრაინელები არიან, თავად განსაზღვრავენ, რა ოპერაციების ჩატარებას გეგმავენ. ეს მათი უფლებაა. მასალა, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებისგან, ახლა მათია. ეს უკრაინის საკუთრებაა და თავად უნდა განსაზღვრონ, როგორ გამოიყენებენ მათ. ცხადია, ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის სუვერენიტეტის რული პატივისცემა. ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა. მაგრამ, როგორ განისაზღვრება ეს - ბატონმა პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება. მაგრამ, ბატონი ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება.“