ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზივი: თალიბანის მთავრობას "რაბარი შურას" წევრები დაიკავებენ 


"ამერიკის ხმის" ექსკლუზიური ინფორმაციით, თალიბანმა მთავრობის ფორმირებაზე მუშაობა თითქმის დაასრულა. წყარო, რომელმაც "ამერიკის ხმას" ინფორმაცია მიაწოდა, ანონიმურობის შენარჩუნებას ამჯობინებს. შესაბამისად, მის ვინაობას არ ვასახელებთ. მოგვიანებით, ინფორმაცია "ამერიკის ხმას" თალიბანის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბოლო დეტალების გავლა ხდება, თუმცა როგორც "ამერიკის ხმისთვის" ხდება ცნობილი თალიბანის მთავრობის შემადგენლობა, ამავე ორგანიზაციის „რაბარი შურას" (Rahbari Shuras), ანუ თალიბანის მმართველი რგოლის, სათავეში მყოფი პირებისგან დაკომპლექტდება.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, თალიბები მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციებს ყანდაარში მართავენ, ქალაქში რომელიც მათ სამშობლოდ ითვლება. მათი მთავარი მიზანია, წარდგენილმა მთავრობამ როგორც ავღანეთში, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში ნდობა დაიმსახუროს.

სატელევიზიო მიმართვის დროს, შერ მოჰამედ აბას სტანიქზაიმ, რომელიც თალიბანის ერთ-ერთი გავლენიანი წევრია აღნიშნა, რომ კონსულტაციები მთავრობის ფორმირებაზე სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმდინარეობს. მას დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.

"ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს, ზაბიულა მუჯაჰიდმა, რომელიც თალიბანის პრესსპიკერია თქვა, რომ მთავრობა თითქმის სრულად არის დაკომპლექტებული.

„მთავრობაში შესაძლოა იყოს 26-ზე მეტი წევრი და მოიცავდეს იმ პირებსაც, რომლებიც არ არიან „რაბარი შურას“ წევრები,“- ამბობს "ამერიკის ხმის" კითხვაზე თალიბანის პრესსპიკერი ზაბიულა მუჯაჰიდი.

რაბარი შურა თალიბანის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა და მას ამერ ულ მომინენი, ახუნძადა, იგივე ერთგული ლიდერი, ხელმძღვანელობს.

თალიბანი ერთის მხრივ პირობას დებს, რომ მთავრობა ინკლუზიური იქნება, მეორეს მხრივ, კი მუჯაჰიდი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ძალაუფლების გაზიარება მათი პრიორიტეტი არ არის.

„არ არსებობს შეთანხმება არცერთ პოლიტიკურ ლიდერთან, რომ ისინი მთავრობის მუშაობაში ჩაერთონ. მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ მთავრობის დაკომპლექტების საკითხი სხვებთან გავიზიაროთ,“- ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს თალიბანის პრესსპიკერი.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, თალიბანი მთავრობის შემადგენლობას კვირის ბოლოსთვის დაასახელებს. საჯარო გამოსვლებში თალიბანის პრესსპიკერი ამბობს, რომ მათ მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობა ქვეყანაში ეკონომიკურ პრობლემებს მოაგვარებს და ქვეყანაში სტაბილურობას შექმნის.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG