მექსიკამ, ავღანეთიდან ევაკუირებული 124 ჟურნალისტი შეიფარა. მათ შორისაა ნიუ-იორკ თაიმსის ჟურნალისტიც. ინფორმაციას მექსიკის მთავრობა ავრცელებს.
ქაბულიდან მექსიკაში ჩასულ მედიაში მომუშავეებს, აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარსელო ებრარდი დახვდა. “მექსიკამ გადაწყვიტა, რომ დევნილობის, თავშესაფრისა და ჰუმანიტარული ვიზები გასცეს მათთვის, ვინც ეს მოითხოვა”,- თქვა მინისტრმა ებრარდმა.
ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტების ევაკუაციისა და მექსიკაში ჩაყვანის გეგმას თავად საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. მედიის წარმომადგენლები მექსიკაში დოჰას გავლით ჩავიდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟურნალისტების ევაკუაციის თხოვნით, თაიმსის ქაბულისა და მექსიკის ბიუროს ყოფილი უფროსი მივიდა. ამავე მედია გამოცემის მიხედვით, მიგვიანებით, ქაბულიდან მექსიკაში სხვა დასავლური გამოცემების ჟურნალისტების ჩაყვანაც იგეგმება.
Facebook Forum