კანის კაზინოები, ვილები ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე, პარიზისა და მილანის მაღაზიები - სწორედ ესაა რუსი ოლიგარქების საყვარელი გასართობი და აქ ხარჯავენ ფულს. თუმცა, მალე, შესაძლოა, ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული კორუმპირებული ოლიგარქებისა და ოფიციალური პირებისთვის ეს მიუწვდომელი გახდეს.
ევროკავშირში 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, ოფიციალურად, ხელი მოეწერება ე.წ „მაგნიტსკის აქტს“, რომელიც ადამიანის უფლებათა დამრღევევებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს და ანაგრიშებს დაუბლოკავს ოლიგარქებსა და ოფიციალურ პირებს, ვინც მსგავს დანაშაულში ბრალდებული იქნება.
სერგეი მაგნიტსკი, რუსი იურისტი იყო, რომელიც სახელმწიფო კორუფციას იძიებდა. ის მოსკოვის ციხეში, 2009 წელს გარდაცვლილი იპოვეს, სხეულზე კი წამების კვალი ეტყობოდა. მაგნიტსკი მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსი ოფიციალური პირების მიერ, 230 მილიონი დოლარის ღირებულების საგადასახადო თაღლითობის სქემა გაშიფრა. მაგნიტსკის მკვლელობისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.
თითქმის, ათი წელია, რაც სერგეის ყოფილი დამქირავებელი ბილ ბროუდერი ცდილობს მაგნიტსკისთვის სამართლიანობა იპოვოს. ის სხვადასხვა მთავრობებს სთხოვს, სანქციები დაუწესონ იმ რუს ოფიციალურ პირებს, რომელთაც მაგნიტსკის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვით. ბროუდერის მცდელობა საკანონმდებლო ინიციატივად იქცა და მაგნიტსკის აქტის სახელითაა ცნობილი.
ბილ ბროუდერი ევროკავშირის მიერ ამ აქტის მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს მომავალში განსაზღვრავს იმას, თუ როგორ მოიქცევიან კორმუპირებული ოლიგარქები და ოფიციალური პირები.
“ადგილები, რომლებიც დიქტატორებს და კლეპტოკრატებს ვიზიტებისთვის მოსწონთ არის სამხრეთ საფრანეთი, სარდინია, ესპანეთი. იქ არის, ის რაც მათ ნამდვილად იზიდავთ. ასე, რომ თუ „მაგნიტსკის აქტი“ ნამდვილად ამოქმედდება და ამოქმედდება ფართოდ, მაშინ ამას დრამატული გავლენა ექნება ადამიანის უფლებათა დამრღვევების საქციელზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - ამბობს ბორუდერი.
ევროკავშირის კანონმდებლებს ამ თემაზე რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნიც ესაუბრა. ის, ზაფხულში, რუსეთში მოწამლეს და სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანელმა სპეციალისტებმა სხეულიდან აღებული ნიმუშების მიხედვით თქვეს, რომ ნავალნის წინააღმდეგ ნერვული აგენტი "ნავიჩოკი" იყო გამოყენებული. გერმანელი სპეციალისტების ინფორმაცია, მალევე, სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც დაადასტურა.
ნავალნი თავის მოწამვლაში ბრალს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებს, თუმცა, პუტინი ბრალდებებს უარყოფს.
“მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენს თავს უნდა დავუსვათ ისაა, თუ რატომ წამლავენ და კლავენ ამ ხალხს? პასუხი კი ძალიან, ძალიან მარტივია: ფული. ასე რომ, ევროკავშირმა მიზანში, სწორედ ფული და რუსი ოლგიარქები უნდა ამოიღოს და არა მხოლოდ ძველი, არამედ ახალი ოლიგარქებიც პუტინის წრიდან. ისინი უნდა იყვნენ ამ სანქციების მთავარი სამიზნე“, - უთხრა ნავალნიმ ევროკავშირის კანონმდებლებს ონლაინ შეხვედრის დროს.
შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და კანადამ „მაგნიტსკის აქტი“ უკვე მიიღო. თუმცა, ევროკავშირის მიერ მიღებულ აქტს მაგნიტსკის სახელი არ აქვს. ეს დანიამ მოითხოვა, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ კანონი რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული.
შეერთებული შტატების კონგრესმა მაგნიტსკის სახელობის აქტი 2012 წელს მიიღო, რომლითაც სანქციები დაუწესდა სერგეი მაგნიტსკის საქმეში ჩართულ ხალხს. ამავე აქტით სანქციები დაწესდა იმ პირებზე, ვინც მაგნიტსკის მიერ გამოძიებულ საქმეში ფიგურირებს და მისი პატიმრობით და გარდაცვალებით სარგებელი მიიღო. სიაში შედიან რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, ვინც უკანონო ქმედებებში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში და მკვლელობებში მონაწილეობდნენ.
2017 წლის 20 დეკემბერს კი შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა მაგნიტსკის აქტის თანახმად სანქციები კიდევ 5 ადამიანზე დააწესა. მათ შორის მოხვდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კაპიტანი აიობ კატაევი. კადიროვს და კატაევს სანქციები იმ პირების დევნისთვის, წამებისთვის და მკვლელობებისთვის დაუწესდათ, ვინც რუსეთის ხელისუფლების უკანონო ქმედებებს ავლენდა. სანქციები ასევე დაუწესდათ ალექსეი შეშენიას, იულია მაიოროვას და ანდრეი პავლოვს. ისინი მაგნიტსკის მიერ გამოძიებულ თაღლითობაში მონაწილეობდნენ.
ბრიტანეთმა, „მაგნიტსკის აქტი“. 2020 წლის ივლისში მიიღო. აქტის მიღების შემდეგ, სანქციების ქვეშ მოექცა მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული 25 რუსი ოფიციალური პირი.
ბრიტანეთმა ასევე დააწესა სანქციები საუდის არაბეთის იმ 20 პირზე, რომლებსაც გამოცემა “ვაშინგტონ პოსტის” კონტრიბუტორის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ედებათ ბრალი. სხვა სანქციები კი ბირმელ და ჩრდილოეთ კორეელ თანამდებობის პირებზე ვრცელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბროუდერი დიდ იმედებს ამყარებს ამ კანონპროექტზე, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ევროკავშირის ცალკეულ წევრებს, ამ კანონის მიღების მიუხედავად, მაინც ექნებათ საშუალება, რომ სანქციებს ვეტო დაადონ. მაგალითად კი რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი უნგრეთი და კვიპროსი მოჰყავთ, სადაც ბევრი რუსი ოლიგარქი ინახავს ფულს.
Facebook Forum