ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს რეზოლუცია რუსეთს ყირიმის ანექსიის დასრულებისკენ მოუწოდებს


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს ყირიმის „ოკუპაცია“ და უკრაინაში შეიარაღების განთავსება შეწყვიტოს.

რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციას დაჟინებით მოუწოდებს, როგორც ოკუპანტმა ძალამ, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ყირიმიდან“.

რეზოლუცია ასევე საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ყირიმში, უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული ავიამზიდის, რაკეტების, შეიარაღების, სამხედრო აღჭურვილობის და სამხედრო პერსონალის განთავსება.

რეზოლუციას მხარი 63 ქვეყანამ დაუჭირა. 17-მა ხმა წინააღმდეგ მისცა და 62-მა თავი შეიკავა.

რეზოლუცია 40-მა ქვეყანამ წარადგინა, მათ შორის ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, კანადამ, თურქეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა.

იმ 17 ქვეყნის, რომელთაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ჩამონათვალი ასეთია: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, კამბოჯა, ჩინეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ყირგიზეთი, ლაოსი, მიანმარი, ნიკარაგუა, სერბეთი, სუდანი, სირია, ვენესუელა და ზიმბაბვე.

გენერალურმა ასამბლეამ კიდევ სხვა რეზოლუციებიც მიიღო, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაციის და იქ ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ მოუწოდებდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ემინ დჟეპარმა გასულ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის ონლაინ შეხვედრას მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის მილიტარიზება „მნიშვნელოვანი საფრთხეა“.

მოსკოვმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა, რასაც დასავლეთში მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები მოჰყვა. მოსკოვი ასევე მხარს უჭერს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, რომელმაც ამ დრომდე 13,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გასულ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ეუთოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დაგმო.

„ეუთოს სივრცეში, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე უხეშ დარღვევად, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის განგრძობითი აგრესია და ყირიმის ოკუპაცია რჩება“, - განაცხადა ბიგანმა ეუთოს შეხვედრაზე, რომელიც ტელეკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG