ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით, ბილ ბროუდერი ამბობს, რომ ეს ფაქტი ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსთა მკვლელობების "კანონზომიერებაში" ჯდება და მსგავსი ქმედება ოპონენტებთან ანგარიშსწორების "ლაჩრული" გზაა. "ერმიტაჟ-კაპიტალის" მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა “ამერიკის ხმას” რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის თაობაზე ინტერვიუ ლონდონიდან “სკაიპის" მეშვეობით მისცა.
ბროუდერის აზრით, პუტინს ეშინოდა ნავალნის წინააღმდეგ რაიმე თავდასხმა განეხორციელებინა, რადგან ის მოსახლეობის უზარმაზარი მხარდაჭერით, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა ახლა, როდესაც ბელარუსში ცნობილი მოვლენები ხდება, მას ეშინია, რომ მღელვარების ტალღა არსებულ ზღვარს გადალახავს და რუსეთში მასობრივი გამოსვლების მაპროვოცირებელი გახდება. ოპოზიციის ორგანიზების ყველაზე დიდი პოტენციალი კი სწორედ ნავალნის გააჩნია.
“ვფიქრობ, ნავალნისადმი მოსახლეობის მხარდაჭერის გამო, პუტინს ნავალნიზე თავდასხმის ეშინოდა, თუმცა ვფიქრობ, პუტინს უფრო მეტად ის აშინებს, რომ ბელარუსის ვითარება რუსეთისკენ მოემართება და ნავალნი ამბოხებას ჩაუდგება სათავეში”, თქვა ბროუდერმა.
მისი აზრით, თავდასხმის ბრძანება პუტინმა გასცა და და მას ამის ძალა იმიტომ შესწევს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო, მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. ბროუდერის თქმით, დასავლეთს რომ გარკვევით განეცხადებინა პუტინისთვის: “ნემცოვის მკვლელობისთვის დიდ საფასურს გადაიხდი”, ალექსეი ნავალნის არ მოწამლავდნენ.
ბროუდერი წარმოშობით ამერიკელი ფინანსისტია, რომელიც რუსეთში 10 წლის მანძილზე მუშაობის დროს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკით გამოირჩეოდა. მოსკოვმა 2005 წელს მას რუსეთში შესვლა აუკრძალა. მოგვიანებით, ბროუდერი შეერთებულ შტატებში აქტიურად ლობირებდა ე.წ. მაგნიტსკის აქტს, კანონს, რომლის მეშვეობითაც ამერიკამ მაგნიტსკის დევნაში მონაწილე რუს თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესა.
Facebook Forum