ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონმა "მაგნიტსკის აქტი" მიიღო, სანქციები უწესდება 25 რუს პირს


ბილ ბროუდერი
ბილ ბროუდერი

სერგეი მაგნიტსკი - რუსი იურისტი, რომელიც სახელმწიფო კორუფციას იძიებდა მოსკოვის ციხეში, 2009 წელს გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე წამების კვალი ეტყობოდა. მისი მკვლელობისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

თითქმის ათი წელია, რაც სერგეის ყოფილი დამქირავებელი ბილ ბროუდერი ცდილობს მაგნიტსკისთვის სამართლიანობა იპოვოს. ის სხვადასხვა მთავრობებს სთხოვს, სანქციები დაუწესონ იმ რუს ოფიციალურ პირებს, რომელთაც მაგნიტსკის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვით. ბროუდერის მცდელობა საკანონმდებლო ინიციატივად იქცა და მაგნიტსკის აქტის სახელითაა ცნობილი.

გასულ კვირას, ბროუდერმა კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო. ბრიტანეთის მთავრობა დათანხმდა ამ ადამიანების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

„მათ, ვისაც სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, დესპოტებს, ავაზაკებს, დიქტატორთა ამფსონებს - ამ ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლა და „კინგს როუდზე“ სახლის შეძენა აღარ შეეძლებათ, ვეღარ წავლენ საშობაო საყიდლებზე „ნაითს-ბრიჯზე“ და ვერ შეძლებენ ჭუჭყიანი ფულის გათეთრებას ბრიტანული ბანკების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით“, - განაცხადა დომინიკ რააბმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა.

მაგნიტსკის მკვლელობაში, სავარაუდოდ 25 რუსი ოფიციალური პირი მონაწილეობდა, მათ შორის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის დირექტორი, რომელიც პირდაპირ პუტინის ზედამხედველობის ქვეშაა. ასევე, პროკურატურის წევრები. მათ ანგარიშები გაეყინებათ და მოგზაურობა აეკრძალებათ.

რუსეთმა ინტერპოლს შვიდჯერ სთხოვა ბროუდერის დაკავება, გადასახადების დაფარვის ბრალდებით. ბროუდერი ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და რომ ეს მისი კამპანიის წარმატებას აჩვენებს.

„პუტინისთვის ფულს უფრო მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენ შევქმენით მექანიზმი, რომელიც მას ფულს წაართმევს. ეს მისთვის უპატიებელია“, - ამბობს ბროუდერი, „ჰერმიტიჯ კაპიტალ მენეჯმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ბრიტანეთმა ასევე დააწესა სანქციები საუდის არაბეთის იმ 20 პირზე, რომლებსაც გამოცემა “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის სასტიკ მკვლელობაში ედებათ ბრალი. სხვა სანქციები კი ბირმელ და ჩრდილოეთ კორეელ თანამდებობის პირებზე ვრცელდება.

ზოგიერთ ბრიტანელი კანონმდებელი ითხოვს ჰონგ-კონგის მმართველის, ქერი ლამის წინააღმდეგაც მიიღონ სანქციები მას შემდეგ, რაც პეკინმა ჰონგ-კონგზე ეროვნული უსაფრთხოების კანონი გაავრცელა. ის ბრიტანეთის ყოფილ კოლონიას ავტონომიას და ადამიანის უფლებებს, ისეთებს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, უზღუდავს.

„ჩინეთი, ალბათ, მთავარი მაგალითია ადამიანის უფლებების დამრღვევთა შორის, რომლის წინააღმდეგაც სანქციები უნდა დავაწესოთ. მათ უნდა გადაიხადონ საფასური იმისთვის, რაც უიღურ მოსახლეობას და ჰონგ-კონგს გაუკეთეს“, - ამბობს ბროუდერი.

პუტინის 20 წელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:09:12 0:00

შეერთებულ შტატებს და კანადას უკვე აქვს მაგნიტსკის აქტის ვარიაცია საკუთარ კანონმდებლობაში. აქტის ვერსიაზე ევროკავშირიც მუშაობს.

„თუ ევროკავშირი არ იქნება ჩართული, მაშინ ეს ადამიანები სამხრეთ საფრანგეთში ვილებს იყიდიან, გერმანულ ბანკებში შეინახავენ ფულს და საკუთარ შვილებს შვედურ სკოლებში გააგზავნიან. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება, რომ ევროკავშირი ჩვენს გვერდით დადგეს“, - თქვა მან.

მაგნიტსკის აქტი, რომელიც დღეს შეერთებულ შტატებში არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ მთელს მსოფლიოზე ვრცელდება, კრემლის გაღიზიანებას უკვე თითქმის ათწლეულია იწვევს. თუმცა, ვაშინგტონს ახლა უკვე ლონდონი დაემატა. ლონდონისთვის ეს ნაბიჯი ევროკავშირის დატოვების შემდეგ გლობალურ დონეზე უფრო მეტი როლის მორგების საშუალებაცაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG