პირველი ვადით არჩევისთანავე, ამერიკის პრეზიდენტებმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა (რესპუბლიკელი) და ბარაკ ობამამ (დემოკრატი), რუსეთთან ურთიერთობის დრამატულად გაუმჯობესების სურვილი გამოთქვეს. თუმცა, მათი მიდგომა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი, მალევე შეიცვალა. ანალიტიკოსები და დიპლომატები ფიქრობენ, რომ ჯო ბაიდენი მათგან განსხვავდება.
ახლო წარსული და პრეისტორია
როცა რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშს პუტინთან შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილების გაზიარება სთხოვეს, მან ისეთი რამ თქვა, რასაც ოპონენტები მის გასაკრიტიკებლად მოგვიანებით, ძალიან ხშირად იყენებდნენ. "მე კაცს თვალებში ჩავხედე. აღმოვაჩინე, რომ ის ძალიან პირდაპირი და სანდოა - მის თვალებში მე მისი სული შევიგრძენი" - თქვა მაშინ ჯორჯ ბუშმა.
ამ ფაქტიდან 8 წლის შემდეგ, დემოკრატმა ბარაკ ობამამაც რუსეთთან პოლიტიკის შეცვლა, ე.წ. გადატვირთვა გადაწყვიტა. მისი იმედებიც მალე გაქარწყლდა. მოგვიანებით, რუსეთმა 2014 წელს, უკრაინის კუთვნილი ტერიტორიის, ყირიმის ანექსია მოახდინა.
რაც შეეხება ჯო ბაიდენს, ის უმაღლეს ოფისში პირველად არ იქნება და რუსეთს დიდი ხანია, კარგად იცნობს. 8 წლის მანძილზე მას ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, ჯო ბაიდენმა კრემლის პოლიტიკა უარყოფით კონტექსტში არაერთხელ მოიხსენია. ოქტომბერში, "სი-ენ-ენის" მიერ მოწყობილ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთი ამერიკის "ოპონენტია".
საერთაშორისო პოლიტიკაში კარგად გამოცდილი ბაიდენი სიტყვებს ფრთხილად არჩევს. შედარებისთვის: ჩინეთთან დაკავშირებით, მან იმავე შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის ამერიკის "სერიოზული კონკურენტია".
ახლა უკვე ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მანამდე, საარჩევნო კამპანიის დროს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დისტანცირებას საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც ცდილობდა. ის ტრამპს პუტინთან "რბილი" მიდგომისთვის გამუდმებით აკრიტიკებდა. ეს ეხებოდა ავღანეთში, რუსეთის მიერ ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის დაწესებული ჯილდოს თაობაზე, კრემლისთვის პასუხის არმოთხოვნას, თუ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე, თეთრი სახლის მხრიდან მკაცრი რეაქციის არქონას.
პრეზიდენტი ტრამპი და მისი თანაშემწეები თავს იცავდნენ. ტრამპმა არაერთხელ თქვა: "ბოლო ადამიანი, ვინც რუსეთს უნდა, რომ [პრეზიდენტის] ოფისში იხილოს, დონალდ ტრამპია, რადგან არავინ არ ყოფილა რუსეთის მიმართ ისეთი მკაცრი, როგორც მე".
თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კანდიდატები საარჩევნო კამპანიის დროს ერთს ამბობენ, მაგრამ შემდეგ, როცა პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდებიან, იქ სხვა რეალობა ხვდებათ. შესაბამისად, ისინი შემდეგ განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
მოხდება თუ არა ეს ბაიდენის რუსეთთან დამოკიდებულების მიმართულებით?
'გადატვირთვა' არ იქნება
"არ მგონია ბაიდენი პუტინის ზედმეტად მოთაფვლას აპირებდეს" - ამბობს დევიდ კრამერი, რომელიც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო. კრამერი იგონებს იმასაც, რომ მოსკოვი ბაიდენის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას გამუდმებით აგრძელებდა და ფიქრობს, რომ დათბობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
კრამერის თქმით, "ვგულისხმობ იმას, რომ გადატვირთვა არ იქნება. არაფერს 2009 წლის მსგავსს, ის აღარ ცდის". ის ფიქრობს, რომ ბაიდენს ახლა ფოკუსირება უფრო შიდა პრობლემებზე მოუწევს, კოვიდ-19-ის პანდემიის და მისი ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით.
"იმ დოზით, რა დოზითაც საგარეო პოლიტიკაზე იქნება საჭირო ფოკუსირება, რუსეთი პრიორიტეტთა სიის სათავეში არ აღმოჩნდება" - უთხრა კრამერმა "ამერიკის ხმას". თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის იგნორირებაც შეუძლებელი იქნება, რადგან "ის ჩვენს წინაშე არსებულ ბევრ პრობლემაში მონაწილეობს". კრამერი დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ამერიკა ახლა ტრანსატლანტიკურ ალიანსს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ბაიდენი პუტინს შეხვედრია, თუმცა დიდი ენთუზიაზმის გარეშე. 2011 წელს, ჟურნალ "ნიუ-იორკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მაშინ ვიცე-პრეზიდენტის როლში მყოფმა ბაიდენმა თქვა, რომ როცა რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, მას ასე უთხრა: "თვალებში გიყურებ და არ მგონია, სული გაგაჩნდეს". შემდეგ კი გააგრძელა: "მან შემომხედა, გაიღიმა და მითხრა: "ჩვენ გვესმის ერთმანეთის".
პირადი განწყობების და არსებული გამოცდილების მიუხედავად, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა ეკონომიკური სანქციებითაც იმდენად გართულებულია, რომ ამ ვითარების გამოსწორება ისედაც არ იქნება იოლი. ყირიმის ანექსიის შემდეგ და დასავლეთის მოწინავე ქვეყნებზე დღესაც მიმდინარე კიბერშეტევების ფონზე, ბაიდენს კრემლთან ურთიერთობის დარეგულირებისთვის დიდი შესაძლებლობები არ გააჩნია.
ე.წ. რუხი სივრცე
დასავლეთის ყოფილი დიპლომატებიც ფიქრობენ, რომ ვაშინგტონს და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა ახლო მომავალში არ იკვეთება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია რუსეთის ანტაგონიზმი დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების მიმართ და მათი ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის გამუდმებული მცდელობები.
გასულ კვირაში, მარკ სიდუელმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავარმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, შემდეგი ინფორმაცია გაამჟღავნა. ბრიტანეთმა დაიწყო საიდუმლო კიბერ-ოპერაციები რუსეთის ლიდერების და მათი ინტერესების წინააღმდეგ. ეს ფაქტობრივად კონტრიერიშია, ვინაიდან სიდუელის თქმით, მათი მიზანია, დასავლეთზე მიტანილი კიბერ-იერიშების გამო, კრემლს "მოსალოდნელთან შედარებით, გაცილებით დიდი საფასურის გადახდა მოუწიოს".
მსგავს ნაბიჯებს, ანალიტიკოსების აზრით, შეერთებული შტატებიც დგამს, რაც კრემლთან ერთგვარი "კიბერ-კონფლიქტის" არსებობაზე მიუთითებს. ეს ერთგვარი რუხი სივრცეა, რომელიც თითქოს ცივი ომიც არ არის, მაგრამ ამ დროს, ნამდვილად არსებობს ჩვეულებრივ სახელმწიფო ურთიერთობებს და შეიარაღებულ კონფლიქტს შორის.
შეერთებულ შტატებს და დასავლეთის სხვა ქვეყნებს, მოსკოვთან გადაუჭრელი პრობლემების მთელი სპექტრი აქვს, იქნება ეს ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დესტრუქციული ქმედება; სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა; ბრიტანეთის მოქალაქის, რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტი, თუ სხვა.
ბრიტანეთში მოქმედი "ჩატამ ჰაუსის" მკვლევარის, ჰედერ უილიამსის თქმით, ბაიდენის ახალ ადმინისტრაციას ფოკუსირება უფრო ორი მიმართულებით მოუწევს. ერთი იქნება განიარაღების პროცესის აღდგენა და მეორე - ნატოს გაძლიერება, რუსეთის მეტად შეკავებისთვის.
"ერთის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა ძლიერი შეკავების პროცესის შენარჩუნება უნდა შეძლოს და მოკავშირეებთან ნდობა უნდა აღადგინოს. ამავე დროს, ის განიარაღების და რისკების შემცირების შესაძლებლობებსაც უნდა მიჰყვე" - ამბობს მკვლევარი.
არჩევნების ფინალურ ეტაპზე, კრემლი თითქოს აკვირდებოდა, თუ ვისკენ გადაიხრებოდა სასწორი. მაშინ, როცა რესპუბლიკელების მთავარი კომპრომატი ჯო ბაიდენზე, წარსულში ჰანტერ ბაიდენის, მისი შვილის უკრაინაში და ჩინეთში საქმიანობა იყო, პუტინმა განაცხადა: "დიახ, უკრაინაში მას ბიზნესი ჰქონდა და შეიძლება ახლაც აქვს. ეს ჩვენ არ გვეხება. ეს ამერიკელების და უკრაინელების საქმეა. მე ამაში კრიმინალს ვერ ვხედავ". არ არის გამორიცხული, რუსეთის ლიდერს ბაიდენთან საერთო ენის გამონახვა სურდეს, განსაკუთრებით - ბირთვული განიარაღების მიმართულებით.
ბირთვული განიარაღება
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ამ თვეში წინადადებით გამოვიდა, ამერიკა-რუსეთს შორის ბოლო არსებული ბირთვული შეთანხმება შენარჩუნდეს. START-ის ხელშეკრულებას ვადა თებერვალში გასდის. "ძალიან დასანანი იქნება, თუ შეთანხმება არსებობას შეწყვეტს" - თქვა პუტინმა.
ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს, 2010 წელს მოეწერა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი იყო, თუმცა ქვეყანას არაფორმალურად მაინც პუტინი მართავდა. ისტორიული პაქტის საფუძველზე, ორივე ქვეყანას ლიმიტები დაუწესდა. შეერთებულ შტატებს და რუსეთს არ შეუძლია 1 550-ზე მეტი ბირთვული ქობინის და 700-ზე მეტი რაკეტის განთავსება.
ბაიდენმა ამერიკის სენატში 3 ათეულ წელზე მეტი იმსახურა. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, ის ცნობილი იყო, როგორც ბირთვული განიარაღების მიმართულებით მებრძოლი, წარმატებული სენატორი. მან პირობა დადო, რომ START-ის შეთანხმებას გაახანგრძლივებდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ის ამ მიმართულებით აუცილებლად იმუშავებს და სავარაუდოდ, შეთანხმების ვადას, სულ ცოტა, 5 წლით გაზრდის.
Facebook Forum