ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ირანი ამერიკის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ


ორი სახელმწიფო, რუსეთი და ირანი, ამერიკის ხელისუფლების ქსელებსა და კომპიუტერულ სისტემებზე თავდასხმას აძლიერებენ. გააქტიურებულია დეზინფორმაციის კამპანიებიც იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დღეებით ადრე, კენჭისყრის პროცესისადმი ამერიკელ ამომრჩეველთა ნდობა შესუსტდეს.

ამერიკის დაზვერვისა და არჩევნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ოფიციალურმა პირებმა, ამის შესახებ მოქალაქეები მას შემდეგ გააფრთხილეს, რაც ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ირანი ღიად დაადააშაულა ამერიკაზე სენსაციურ თავდასხმაში და თქვა, რომ ამომრჩეველთა დაშინების კამპანიის უკან, სწორედ თეირანი იდგა.

გამოძიების ფედერალური ბიუროსა და კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ მოქალაქეების მიერ მიღებული ელექტრონული შეტყობინებები, მხოლოდ ნაწილია იმ უფრო ფართო კამპანიისა, რომელსაც ირანი და რუსეთი ამერიკული არჩევნებისთვის ძირის გამოსათხრელად იყენებენ.

მათი ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მხრიდან თავდასხმები სექტემბერში დაიწყო და მათი სამიზნე შტატების თუ ადგილობრივი ხელისუფლების ქსელები იყო, მათ შორის ისეთ განსხვავებულ სფეროებთან დაკავშირებული აქტივობები, როგორიც თუნდაც განათლება ან ავიაციაა. სააგენტოები ამბობენ, რომ რუსულმა მექანიზმმა მოახერხა სულ მცირე, ორი სერვერის გატეხვა.

თავდამსხმელებმა ასევე მოიპოვეს ზოგიერთი ის მონაცემი, რომლებითაც ამა თუ იმ ქსელში შეღწევას შეძლებენ იმ კრიტიკული ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომლის გამოყენებასაც მოგვიანებით ეცდებიან, მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნების დასაზიანებლად. უსაფრთხოების სამსახურები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ არჩევნებს კონკრეტული საფრთხე ემუქრება, ან რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ისეთი ინფორმაცია გამჟღავნდა, რომელიც არჩევნების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

უსაფრთხოების სამსახურების ლიდერები აცხადებენ, რომ ამერიკის არჩევნებში ჩარევის მსურველთა რიცხვი იზრდება. მცდელობები კი შემაშფოთებელია, თუმცა არა - საკვირველი. ამასთან, დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა თქმით, ირანის გააქტიურებულ მცდელობას, მოიპოვოს ინფორმაცია, რომლის გამოყენებაც მოგვიანებით შეეძლება, დამატებითი ყურადღება უნდა მიექცეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG