ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, გამოიძიოს, ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წელს გამართულ რეფერენდუმში, როდესაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხს უყრიდნენ კენჭს. ანგრიშში, რომელიც კომიტეტმა წარადგინა, საუბარია იმაზე, რომ ლონდონი დასავლეთში რუსეთის დაზვერვის და რუსი აქტორების მავნე ქმედებების ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა.
რუსეთის ფარულ, ძალისმიერ თუ კორუფციულ გავლენას ბრიტანეთსა და გერმანიაში „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში“ (CSIS) მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ანგარიშის თანახმად, რომელიც ორგანიზაციამაც ახლახან გამოაქვეყნა, ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთი დიდი ბრიტანეთის დასუსტებას და მსოფლიოში მისი პოზიციის დაკნინებას სისტემატურად ცდილობდა. იყენებდა მცირე უკმაყოფილებებს, აქეზებდა სეპარატისტულ მოძრაობებს, აძლიერებდა ევროკავშირის საწინააღმდეგო სენტიმენტებს და ცდილობდა რეპუტაციული ზიანი მიეყენებინა ნატოში ბრიტანეთის როლისთვის და ამერიკასთან მისი ურთიერთობისთვის.
გავლენის მოსახდენად საჭირო ის ქმედებები, რომლებსაც რუსეთი ბრიტანეთში იყენებდა, ჩვენ ვნახეთ საქართველოში და ბევრ სხვა ქვეყანაშიც.კარენ პირსი, ბრიტანეთის ელჩი აშშ-ში
CSIS-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გარდა თავისთავად გავლენის მახასიათებლებისა, მათ სურდათ გაეგოთ, როგორ ხდება დემოკრატიული ქვეყანა და ხელისუფლება ამ „გავლენის მიმღები“, როგორ ხდება ეს „შიდა საკითხი“ და რამდენად მოწყვლადი ან მდგრადია დემოკრატიული სისტემები ამ „გავლენების ოპერაციების“ მიმართ.
რეიჩელ ელენჰუსი, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ევროპის პროგრამის დირექტორი და კვლევის ავტორი ამბობს, რომ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების ორი ძირითადი მიზანი იკვეთება:
„პირველი მიზანი დიდი ბრიტანეთის, შიდა დასუსტებაა. [ამისთვის] ხდებოდა არსებული დამყოფი საკითხების წინ წამოწევა, თემების გამწვავება, [ევროკავშირის] დატოვებისა და მასში დარჩენის თაობაზე, თუ სხვა. ასევე, იქნებოდა ეს სოფლად და ქალაქში მცხოვრებთა შორის დაპირისპირება, თუ მათი [წაქეზება] ვინც შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფას ამჯობინებდა. მეორე მიზანი კი ბრიტანეთის საერთაშორისო ასპარეზზე დაკნინებას გულისხმობდა. გავლენის ოპერაციები, რომლებიც ამ ჩამონათვალს ემატება, უკავშირდებოდა ნატოს, ევროკავშირსა და ამერიკასთან ურთიერთობას. რუსეთი, როგორც ცხადად ჩანს, აღიარებს, რომ ბრიტანეთი ნატოში წევრობითა და ამერიკასთან ახლო ურთიერთობით უფრო ძლერია, ამ დრომდე კი ევროკავშირის წევრობითაც, და სწორედ ეს იყო საინფორმაციო ოპერაციების სამიზნე“, - ამბობს ელენჰუსი.
კვლევის თანახმად, ბევრი მიმართულებით, ბრიტანეთი საკმაოდ მდგრადი და გამძლე აღმოჩნდა: ხელისუფლება გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია, მთავრობის შტოებს შორის ძალაუფლება დაბალანსებულია, მედია მდგრადია, ბრიტანეთის 50% ინფორმაციას BBC-ისგან იღებს და არც დიასპორა აღმოჩნდა მოწყვლადი. თუმცა ქვეყანაში მაინც არსებობს ორი ძირითადი მწვავე წერტილი: ერთი, ეს მარეგულირებელი კუთხით არსებული ჩავარდნებია, მეორე კი - საზოგადოების პოლარიზება.
„კანონმდებლობამ კამპანიის დაფინანსების თაობაზე შექმნა შავი ხვრელები, რამაც შეიძლება კამპანიებში უფრო მეტი უცხოური ფულის შემოსვლა განაპირობა. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ამის უტყუარი მტკიცებულება, მაგრამ ბევრ კვალს სწორედ აქეთკენ მივყავართ. ამასთან, ბევრი რამ იყო განსხვავებული ბრიტანეთის მონარქიის სტრუქტურისა და ე.წ. „გვირგვინის მიწების“ ტერიტორიების თვალსაზრისითაც“, - ამბობს ელენჰუსი და განმარტავს, რომ მეორე და ასევე ძალზედ სუსტი ნაწილი - საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაციაა:
„იქნება ეს პოლიტიკური, თუ ზოგადად, იდეოლოგიური პოლარიზაცია, რასაც ჩვენ მთელ ევროპასა და ამერიკაში ვხედავთ, როგორც ჩანს, საზოგადოების მოწყვლადი ნაწილია. ვფიქრობ, ბრიტანეთმა საპასუხო ქმედებებში სცადა ამ სისუსტეებთან გამკლავება: მაგალითად, კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის შეცვლით თუ მედია ცნობიერების გაზრდის ძალისხმევით, რათა დეზინფორმაცია და ყალბი ცნობების ამოცნობა იყოს შესაძლებელი.“ თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარის აზრით, ბრიტანეთის გზა დადებითია, ელენჰუსი ამბობს, რომ რუსეთის ტაქტიკები იცვლება, და საპასუხო ზომებიც შესაბამისად უნდა განვითარდეს.
დიდი ბრიტანეთის ელჩი შეერთებულ შტატებში კარენ პირსი ამბობს, რომ რუსეთისა და ბრიტანეთის ურთიერთობა ასწლეულებს ითვლის, ბრიტანეთი ყოველთვის აღიარებდა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის როლს და ბოლო დროსაც ქვეყანა გამუდმებით სთავაზობდა რუსეთს თანამშრომლობას.
რუსეთის გავლენა არ არის გატარებული მაინცდამაინც რუსი გენერლების მიერ, რომლებსაც ხაკისფერი უნიფორმა აცვიათ და ეპოლეტები უკეთიათ. ეს ხდება იმ ადამიანების ხელით, ვინც მომხიბვლელია, გამართული ინგლისურით საუბრობს. ფულის გასათეთრებლად პუტინის წრის ოფშორული სქემების ნაწილი კი სწორედ ბრიტანელი პროფესიონალების დახმარებითაა შექმნილი. ამგვარი ქმედებების შესაჩერებლად ტრადიციული დიპლომატიური პასუხი შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი, თუმცა რკინის დარტყმაა მაინც მათი ოფშურული ანგარიშების მიზანში ამოღებაა.ლუკ ჰარდინგი, "გარდიანის" გამომძიებელი ჟურნალისტი
„თუმცა მაშინ, როდესაც მე და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი მოსკოვში ჩავედით, ვფიქრობდით, რომ ეს გზავნილი რუსებისგანაც მიღებული და დაფასებული იყო, მაგრამ იქიდან 3 თვის შემდეგ ვნახეთ, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა სალისბურიში სკრიპალები მოწამლეს. ამან კი ევროპიდან და ამერიკიდან, ბრიტანეთისა და მისი პარტნიორების მიერ 150-ზე მეტი დიპლომატის გაძევებამდე მიგვიყვანა. ჩვენ ყველაფერში ვერ დავეთანხმებით რუსეთს, მაგრამ როგორც უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ორ ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად გვაქვს საერთო ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს რთული, მაგრამ ნაყოფიერი საუბრების საფუძველი. თუმცა ვერ ვხედავთ, რომ რუსეთი იქცეოდეს ისე, როგორც მუდმივი წევრი. ის ქმედებები, რაც აღწერეთ, ჩვენ ვნახეთ საქართველოში და ბრიტანეთის გარდა ბევრ სხვა ქვეყანაშიც“, - ამბობს ბრიტანელი დიპლომატი და განმარტავს, რომ როგორც მარტივი დკავირვებაც აჩვენებს, ეს ყველაფერი ვლადიმირ პუტინის აღზევების ხანას უკავშირდება:
„ამაში არის რაღაც მნიშვნელოვანი, ეს განმეორებითი გზავნილი, მანტრა, რომელიც რუსებს დასავლეთის დასასრულის შესახებ აქვთ. მცდელობა აჩვენონ, რომ დასავლური ღირებულებები აღარაა მნიშვნელოვანი, რომ დასავლური მიდგომა ვაჭრობისადმი, საერთაშორისო შეთანხმებებისადმი, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტებისადმი - აღარაა მნიშვნელოვანი და ამ ყველაფრისთვის ძირის გამოთხრაში ისინი ძალიან დიდი ძალისხმევას ხარჯავენ.“
თუმცა ღიად რჩება კითხვა, მიუხედავად გაორმაგებული ძალისხმევისა რუსეთის მხრიდან, რამდენად რეალურ გავლენას ახდენს ის საზოგადოებრივ განწყობაზე, გადაწყვეტილებებსა და რეალურ ვითარებაზე.
„გავლენის გაზომვა ძალიან ძნელია. თუმცა, თუკი ამ გავლენების შესწავლა გვინდა, ვფიქრობ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უნდა დავაკვირდეთ, რომლებსაც რუსეთის მთავრობისგან იმაზე მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ვინმე სხვას. ისინი კი ნამდვილად წუხან ერთგვარ კუმულაციურ ეფექტზე ისეევე, როგორც ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე. ასე რომ, რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობები გარკვეული დროის განმავლობაში, [პერსპექტივაში] შეიძლება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, რასაც ახლა ჯერ ვერ ვიაზრებდეთ“, - ამბობს ელჩი.
კარენ პირსი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთი მაინც მეტ-ნაკლებად მომზადებული აღმოჩნდა ამ გავლენისთვის: მედია და საზოგადოება მდგრადი, რუსული გზავნილები კი იმდენად ცხადად ანტიდემოკრატიულია და იმდენად ეწინააღმდეგება ადგილობრივ ტრადიციას, რომ ხალხი მათ მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.
„ჩვენ გვჯერა, რომ რუსი აქტორები იყვნენ ჩართულნი ბოლო არჩევნების კამპანიაში; გვჯერა, რომ ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დოკუმენტების მოპარვასა და გამოქვეყნებაში; ჩვენ რუსულ დაზვერვას დავუკავშირეთ ვაქცინასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპარვის მცდელობაც. სკრიპალების საქმეზე ძლიერი პასუხი მათთვის ალბათ გასაკვირი იყო, არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც. 150-ზე მეტი გაძევებული დიპლომატი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ამერიკის მიერ სანქციების გაზრდა. ვფიქრობ, არ ელოდნენ არც უშიშროების საბჭოში სიტუაციის გართულებას და არც მონაცემების მოპარვის გამოაშკარავებას. მგონია, რომ ბრიტანეთის ქმედებები მათ შეაკავებს, მაგრამ ვშიშობ, რომ ამან შეიძლება მხოლოდ ის გამოიწვიოს, რომ ისინი მავნე ძალისმხევას იმ ქვეყნებზე გადაანაწილებენ, რომელთა შიდა სისტემებიც შეიძლება ასეთი მდგრადი ან მრავალფეროვანი არ იყოს“, - ამბობს ბრიტანელი დიპლომატი.
„რუსები არ ფიქრობენ ისე, როგორც ჩვენ გვგონია, რომ ისინი უნდა ფიქრობდნენ“, - ამბობს ლუკ ჰარდინგი, “გარდიანის“ უცხოეთის კორესპონდენტი და გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც 2011 წელს რუსეთიდან გამოაძევეს:
„სამწუხაროდ, პუტინი არ არის დაინტერესებული ორმხრივ მომგებიანი გამოსავლით, მას ურჩევნია ორივე მხარემ წააგოს, ვიდრე - ორივემ მოიგოს. ამასთან, ის მსოფლიოს და გეოპოლიტიკას, საერთაშორისო ლინზაში ხედავს KGB-ის პრიზმიდან - მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი და კომუნიზმი წარსულს ჩაბარდა, ის გენეტიკურად ფიქრობს, როგოროც KGB და ამგვარი პარანოიდული, კონსპირაციული მსოფლმხედველობით, ის ხედავს რუსეთს, როგორც ნატოთი და სხვა მტრულად განწყობილი [სახელმწიფოებით] გარშემორტყმულს“, - მიიჩნევს ჰარდინგი .
ჟურნალისტი განმარტავს, რომ ამერიკა და ბრიტანეთი ამ მსოფლმხედველობით, რუსეთის მთავარ მეტოქეებად მიიჩნევიან, პუტინი კი ბოლო წლებში გამუდმებით იყენებდა ძველ, საბჭოთა თამაშის წესებს მტრისთვის არეულობის შექმნის, დასავლური საზოგადოებებისთვის ძირის გამოთხრის, [მათ] სისუსტეზე უპირატესობის აღების ტაქტიკებს. მან ეს ყველაფერი განაახლა, „გააპრიალა“ და „ფეისბუქის“, „ტვიტერისა“ და სოციალური მედიის ეპოქას მოარგო. თუმცა ამავე დროს, ჰარდინგი ამბობს, რომ პუტინი არც ისე ძლევამოსილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს:
გავლენის გაზომვა ძალიან ძნელია. თუმცა, თუკი მისი შესწავლა გვინდა, ვფიქრობ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უნდა დავაკვირდეთ, რომლებსაც რუსეთის მთავრობისგან იმაზე მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ვინმე სხვას. ისინი კი ნამდვილად წუხან ერთგვარ კუმულაციურ ეფექტზე ისეევე, როგორც ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე.კარენ პირსი, ბრიტანეთის ელჩი აშშ-ში
„ის არაა გამოქვაბულში მჯდომი ბოროტი სული, რომელიც ღილაკებზე თითის დაჭერით ცუდ რაღაცებს აკეთებს ვაშინგტონში, ლონდონში ბერლინში თუ სხვაგან, ის კლასიკური KGB ოპორტუნისტია, ცდის, ტესტავს - რა იმუშევაბს, და რა - არა.“ ჰარდინგის აზრით, მისი ორი ყველაზე წარმატებული ოპერაცია 2016 წელს იყო, ერთი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, მეორე კი „ბრექსიტის“ კამპანია და შოტლანდიის რეფერენდუმი. განმაპირობებელი ფაქტორები სხვაც ბევრი იყო, თუმცა ვიწრო განსხვავების, თითქმის თანაბრად გაყოფილი საზოგადოებრივი აზრისას, ხშირად „ტროლების ქარხანა“ თუ ბოტების ქსელი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მაშინაც, როდესაც ამ გავლენების უშუალო მასშტაბების შეფასება ძნელია, აუცილებელია მისი მოქმედების ლოგიკას თვალი მივადევნოთ, რათა რეალურ ზემოქმედება ამოვიცნოთ. თუმცა ლუკ ჰარდინგის აზრით, ბრიტანეთში რუსული გავლენის „გამტარი“ მრავალშრიანი სისტემა მოქმედებს. მისი შეფასებით, ლონდონი ერთგვარად უნიკალური ადგილია იმისთვის, რასაც რუსეთის მავნე ქმედებებს უწოდებენ: იქაა ელიტების ძლიერ დიდი რაოდენობა; მოსკოვის ფული, რომელიც ბრიტანეთშია დამალული, ჩაშვებულია ბრიტანულ კომპანიებში, ან ე.წ. „გვირგვინის მიწების“ ტერიტორიებში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე და ა.შ. კორუფცია კი - კართანაა.
ჰარდინგი ამბობს, რომ მოსკოველი გავლენიანი პირები ბრიტანეთში განსხვავდებიან ძველი საბჭოთა ბიუროკრატისგან, "რომელსაც შესაძლოა მოსკოვში სხვებთან შედარებით მაღალჭერიანი ბინა და მანქანა ჰქონოდა, ზაფხულობით კი შავ ზღვაზე დაესვენა. პუტინის ირგვლივ მყოფი ადამიანები მულტიმილიონერები არიან: იახტებით კორსიკაზე, ღვინის კოლექციებით შვეიცარიაში და შვილებით, რომლებიც ლონდონში სწავლობენ“.
ჰარდინგი ამბობს, რომ ბრიტანეთმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს ამ გავლენის შესამცირებლად, ნაბიჯები კი აღიარებით უნდა დაიწყოს:
„უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის გავლენა არ არის გატარებული მაინცდამაინც რუსი გენერლების მიერ, რომლებსაც ხაკისფერი უნიფორმა აცვიათ და ეპოლეტები უკეთიათ. ეს ხდება იმ ადამიანების ხელით, ვინც მომხიბვლელია, გამართული ინგლისურით საუბრობს, ოლიგარქები-ბიზნესმენები, რომლებიც იმავე ნოველებს კითხულობს, რომლებსაც - ჩვენ. ფულის გასათეთრებლად პუტინის წრის ოფშორული სქემების ნაწილი კი სწორედ ბრიტანელი პროფესიონალების დახმარებითაა შექმნილი. ამგვარი ქმედებების შესაჩერებლად, კი ხშირად ტრადიციული დიპლომატიური პასუხი სულაც არ არის გამოსადეგი. ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი, თუმცა მთავარი მაინ მათი ოფშორული ანგარიშებია და თუკი მათ ამოიღებ მიზანში, ეს უკვე რკინის დარტყმაა“, - განმარტავს გამომძიებელი ჟურნალისტი.
Facebook Forum