ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლეპტოკრატია, როგორც დასავლეთთან ბრძოლის იარაღი


„კლეპტოკრატიული რეჟიმები კორუფციას იყენებენ როგორც კონტროლის მექანიზმს შინ და გავლენის იარაღს უცხოეთში“ - ეს არის ვაშინგტონში მდებარე „ჰადსონის ინსტიტუტის“ ბოლო კვლევის დასკვნა, რომელიც რუსულ კლეპტოკრატიას და მასთან ბრძოლას ეძღვნება.

„რუსმა ოლიგარქებმა და კრემლის აგენტებმა აითვისეს გლობალური ფინანსური სისტემები და მას ფულის გასათეთრებლად იყენებენ, შემდეგ კი ამ ფულით მოპოვებულ ძალას დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის იყენებენ “ - ვკითხულობთ კვლევაში.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რუსული კლეპტოკრატია უნდა შევაფასოთ არა აქამდე მიღწეული შედეგების, არამედ რუსეთის გრძელვადიანი გეგმების მიხედვით. ავტორები ამბობენ, რომ რუსული კლეპტოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამერიკის სანდოობის შელახვა და მისი დემოკრატიის შესუსტებაა, რასაც რუსეთი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევით შეეცადა.

„შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტო, გამოძიების ფედერალური ბიურო და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო „ღრმად არიან დარწმუნებულნი“ იმაში, რომ რუსეთი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არცევნებში ჩაერია. ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა ეიჩ არ მაკმასტერმა რუსეთის ჩარევას „უტყუარი“ უწოდა, ვკითხულობთ კვლევაში.

რუსეთის რეჟიმის მიერ მოპარული და უცხოეთში გადამალული ფული ჩადებულია უძრავ ქონებაში და ბანკებში
ჯეფრი გედმინი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი

ამავე კვლევის მიხედვით, 2016 წლის არჩევნებში კრემლის ჩარევის მცდელობამ რამდენიმე სისტემური სისუსტე გამოავლინა. „ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გრძელვადიანი სტრატეგია. ამ კვლევაში ჩვენ გამოვდივართ რამდენიმე რეკომენდაციით, რაც ჩვენი აზრით, ადმინისტრაციამ კლეპტოკრატიის წინააღმდეგ უნდა გაითვალისწინოს“, ამბობს ჩარლზ დევიდსონი, „ჰადსონის ინსტიტუტის“ დირექტორი.

„ჰადსონის ინსტიტუტმა“ რუსული კლეპტოკრატიის ცენტრი 2014 წელს დააფუძნა და მისი მიზანი ავტორიტარული კლეპტოკრატიების მიერ დასავლეთისთვის შექმნილი რისკების გამოვლენა და მათზე საპასუხო გეგმის შემუშავებაა. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი ნეით სიბლი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კლეპტოკრატია რიგით ამერიკელებს ისევე ეხებათ, როგორც ამერიკულ ინსტიტუტებს.

„კლეპტოკრატიას ამერიკელ მოქალაქეებზე პირდაპირი გავლენა აქვს. როცა ოლიგარქები ჩვენს ქალაქებში, ცენტრებში ჩამოდიან, როგორიცაა მაიამი, ნიუ-იორკი, ეს საოცრად ზრდის უძრავი ქონების ფასებს, ეს რიგით ამერიკელებს აიძულებს ქალაქებიდან გარეუბნებში გადასახლდნენ. თუმცა ეფექტი ამაზე დიდია. მხოლოდ სახლების ფასების ზრდა რომ იყოს, ასე შეშფოთებულები არ ვიქნებოდით. კლეპტოკრატია ეროვნული უსაფრთხოების რისკია“.

სიბლის შესასებით, რუსული კლეპტოკრატიის მცდელობები ყველაზე მეტად ამერიკის შესუსტების მცდელობაში ვლინდება: „ჩვენ ვხედავთ როგორ ცდილობს პუტინი და კრემლის აგენტები საფუძველი გამოუთხარონ ამერიკულ საარჩევნო სისტემას, მისმა აგენტებმა ამდენის მიღწევა იმ საკანონმდებლო ხარვეზების გამო შეძლეს, რომლებზეც ჩვენს ანგარიშში ვსაუბრობთ - იქნება ეს ოფშორული კომპანიები, ლობისტები თუ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ჩვენი დაბნევა“.

კლეპტოკრატიის მკვლევარებმა არ იციან ზუსტად რა თანხებს მალავენ რუსი ოლიგარქები აშშ-ში ან ევროპაში, მაგრამ ცნობილია, რომ ყველაზე მეტად ისინი შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს აფარებენ თავს.

„სხვადასხვა კვლევის თანახმად, რუსეთის შავი ფულის 80 პროცენტი ამ ორ ქვეყანაშია დაბანდებული. რუსეთის რეჟიმის მიერ მოპარული და უცხოეთში გადამალული ფული ჩადებულია უძრავ ქონებაში და ბანკებში, ფულს ლეიბებში აღარ ინახავენ“, ამბობს ჯეფრი გედმანი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ყოფილი პრეზიდენტი.

მას შემდეგ, რაც ამერიკა ამ სამ მთავარ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, მას შეეძლება იგივე მოთხოვოს მოკავშირეებსაც
ნეით სიბლი, "ჰადსონის ინსტიტუტი"

კვლევის ავტორები ამერიკის მთავრობას კლეპტოკრატიასთან საბრძოლველად 8 პუნქტიან სამოქმედო გეგმას სთავაზობენ. თუმცა, როგორც სიბლი ამბობს, რეკომენდაციებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი სამია - ოფშორული კომპანიების ანონიმურობის დასრულება, „ფარას“ სახელით ცნობილი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის გამკაცრება და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მექანიზმების გამკაცრება

„აუცილებლად უნდა მოგვარდეს ანონიმური მფლობელობის საკითხი, რომელსაც ამერიკაში ფულის გასათეთრებლად იყენებენ. ამის გარეშე არც ერთ სხვა რეკომენდაციას აზრი არ აქვს. მეორე ნაბიჯია, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი - ფარა, რომელიც ამერიკელებს ინფორმაციას აწვდის იმაზე, თუ ვინ ვისთვის მუშაობს, ვინ რომელი მთავრობის თუ უცხოელი ორგანიზაციის მიერაა დაქირავებული. ეს ჩვენი დემოკრატიის საგარეო ჩარევებისგან დასაცავად აუცილებელი ნაბიჯია. მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემის გამართვა, რაც მთლიანად დამოკიდებულია პირველ რეკომენდაციაზე, ამბობს სიბლი.

ამ სამი რეკომენდაციის გარდა, კვლევის ავტორები ასევე გამოდიან იდეით, შეიქმნას სპეციალური დოქტრინა კლეპტოკრატიასთან საბრძოლველად. ამ სტრატეგიამ რუსული კლეპტოკრატიის საფრთხეები და მასთან გამკლავების მექანიზმები უნდა განსაზღვროს. მეხუთე რეკომენდაცია კონგრესში კლეპტოკრატიის კომიტეტის შექმნაა. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში კლეპტოკრატიაზე მუშაობასთან ერთად „ჰადსონის ინსტიტუტი“ გამოდის იდეით, შეერთებულმა შტატებმა ამ საკითხზე მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან და ევროპის კავშირთან. მათი აზრით, ამით რუსეთზე წნეხი გაიზრდება.

„მას შემდეგ, რაც ამერიკა ამ სამ მთავარ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, მას შეეძლება იგივე მოთხოვოს მოკავშირეებსაც, ამერიკას შეეძლება პარტნიორებს უთხრას - ნახეთ, ჩვენ ჩვენი ეზო მოვაწესრიგეთ, ახლა თქვენი ჯერია. ეს საგრძნობლად შეამცირებს კლეპტოკრატიის როლს და შავი ფულის მოცულობას დასავლურ დემოკრატიებში“, ამბობს სიბლი.

რეკომენდაციების მერვე და ბოლო პუნქტი, კლეპტოკრატიაზე რუსეთში ცნობიერების ამაღლებაა, რასაც მკვლევარები ყველაზე რთულ მისიად მიიჩნევენ.

„ვფიქრობ, ყველაზე რთული ნაწილია რუსეთის კლეპტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსი ხლხის ჩართვა. ბევრი რამის გამო, ჩვენი სანდოობა დაბალია, რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ პუტინს უჭერს მხარს. ყველა ჩვენი ნაკლის და შეცდომის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ რუსი ხალხის მტრები. „ცივი ომის“ შემდეგ გვქონდა მცდელობა, რუსეთი საერთაშორისო სისტემებში ჩაგვერთო. რუსეთს უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ გვსურს ვიხილოთ ჯანსაღი და უსაფრთხო რუსეთი“, ამბობს გედმანი, რომელიც რუსეთს და რეგიონს ოცდაათ წელიწადზე მეტია აკვირდება.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციაში რუსულ კლეპტოკრატიასთან ბრძოლის პოლიტიკურ ნებას, სიბლი გვპასუხობს, რომ ადმინისტრაციაში საკითხისადმი ინტერესი დიდია.

„ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა ერთ ღამეში ყველა რკომენდაციას გაითვალისიწნებს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ თეთრი სახლი ხვალვე გამოსცემს სტრატეგიას კლეპტოკრატიაზე, მაგრამ ზოგი რეკომენდაცია ბევრად უფრო რეალისტურია და იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხებზე მთავრობა იმუშავებს“, ამბობს სიბლი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG