ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტის დაკავებას რუსეთში უპრეცენდენტო პროტესტი მოჰყვა


რუსეთის ხელისუფლება უმეტეს შემთხვევაში სამოქალაქო პროტესტის წინაშე უკან არ იხევს. თუმცა გასულ კვირას, ჟურნალისტის ივან გოლუნოვის საქმე განსხვავებულად განვითარდა. გოლუნოვს ნარკოტიკები ჩაუდეს და დააკავეს, რამაც სამოქალაქო აქტივისტების და მედიის, მათ შორის კრემლთან დაკავშირებული მედიის, აღშფოთება გამოიწვია.

მთავრობის ლიდერები სწრაფად ეცადნენ კრემლის და პრეზიდენტ პუტინის ამ საქმისგან დისტანცირებას. გოლუნოვი, ლატვიაში განთავსებული, დამოუკიდებელი, რუსული გამოცემის „მედუზას“ ჟურნალისტია. გამოცემა ბალტიისპირეთიდან იმ მიზეზით ახორცილებს საქმიანობას, რომ გვერდი აუაროს რუსულ ცენზურას.

სამი მთავარი რუსული გაზეთის პირველი გვერდი, გოლუნოვის მხარდასაჭერად, ერთნაირი წარწერით დაიბეჭდა
სამი მთავარი რუსული გაზეთის პირველი გვერდი, გოლუნოვის მხარდასაჭერად, ერთნაირი წარწერით დაიბეჭდა

მის დაკავებას ფართო პროტესტი მოჰყვა. გოლუნოვს მხარი სამთავრობო ტელევიზიებმაც დაუჭირეს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც კრემლისგან მწვანე შუქი მიიღეს.

„კორუფციის მოწინააღმდეგე რუსი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის დაკავების გარშემო გამოწვეულმა შეშფოთებამ, რუსეთის ხელისუფლების უკან დახევა გამოიწვია“, - ამბობს ბილ ბროუდერი, ამერიკაში დაბადებული ფინანსისტი, რომელიც საერთაშორისო დონეზე რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის და "მაგნიცკის აქტის" შემოქმედია.

გოლუნოვი ოფიციალურად 11 ივნისს გაათავისუფლეს. მას ბრალად ნარკოტიკების შენახვა-გასაღება ედებოდა. ნარკოშემოწმებამ აჩვენა, რომ ჟურნალისტი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ იყო, რის შემდგომაც მოსკოვის პოლიციამ აღიარა, რომ ფოტოები, რომლებიც მათ გაასაჯაროვეს ჟურნალისტის სახლში არ იყო გადაღებული.​

გოლუნოვის მხარდამჭერი აქცია
გოლუნოვის მხარდამჭერი აქცია

​არატრადიციული ნაბიჯი გადადგა მათ შორის მოსამართლემაც, რომელმაც ჟურნალისტს ციხის ნაცვლად წინასწარი საშინაო პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ დაკავებისას მას პოლიციამ სცემა.

ახლა გამოძიების ქვეშ თავად პოლიციაა. კრემლმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის ორი მოადგილე და მოსკოვის პოლიციის უფროსი და ნარკოკონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაათავისუფლა. გოლუნოვის წინააღმდეგ საქმე კორუმპირებულ პოლიციელებს უკავშირედება, რომლებიც ბიზნესმენებთან ერთად სახელმწიფო პროექტებიდან ფულს ითვისებენ. გოლუნოვის ბოლო სტატია სწორედ ამ სახელმწიფო მოხელეებს უკავშირდებოდა, მათ კავშირებს მაფიასთან და პოლიციასთან და იმას, თუ როგორ ათეთრებენ ფულს ისინი მოსკოვში დამკრძალავი ბიზნესის მეშვეობით.

გოლუნოვის გათავისუფლებას სამოქალაქო საზოგადოება სიხარულით შეხვდა. თუმცა, გამოცემა „დი ბელ“ (The Bell) წერს, რომ სიხარული ნაადრევია. „ადრეა დათბობაზე საუბარი“, - ამბობს გამოცემა. მათი თქმით, რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება და სოლიდარობა ჯერ ისევ მყიფეა.

თუმცა მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ გოლუნოვის საქმე შეიძლება მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად ჩაითვალოს. ისინი ამბობენ, რომ ამ საქმემ აჩვენა კრემლის უუნარობა გააკონტროლოს მთავრობის ოფიციალური პირების, ელიტის თუ უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების და კორუფციის შემთხვევები.

ივან გოლუნოვი
ივან გოლუნოვი

„ჩანს, რომ რუსები მოცემულობით უფრო და უფრო უკმაყოფილოები არიან და უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რომ რაიმე შეიძლება შეიცვალოს“, - ამბობს მარკ გალეოტი, ავტორი და მიმომხილველი. „რევოლუციები იმედზეა დაფუძნებული და არა სასოწარკვეთაზე, და ავტორიტარული რეჟიმის უდიდესი უპირატესობა აპათიაა“, - ამბობს ის.

"[პუტინს] შეუძლია ელიტის გადამეტებების და უკანონობის აღკვეთა, და შედეგად, ის სუსტი ჩანს. პოლიტიკა აღქმაა, და თუ სუსტი ჩანხარ, სუსტი ხდები“, - ამბობს გალეოტი.

გოლუნოვის გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე, ჩენჩნეთში სასამართლომ ადამიანის უფლებების დამცველი, ოიუბ ტიტიევი პირობითი სასჯელით გაათავისუფლა. მან შეთხზული ნარკოდანაშაულის ბრალდებით პატიმრობაში ერთ წელზე მეტი დაჰყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG