ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ბელარუსში მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსის საქმეებში უცხო ძალები უპრეცედენტოდ ძლიერად ერევიან და მან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უთანხმოების მოლაპარაკებებით და დიალოგით გადაჭრისკენ მოუწოდა.

რუსეთის ახლო მოკავშირე ქვეყანაში მასობრივი პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, რომლის ოფიციალური შედეგებითაც, ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას სათავეში უკვე თითქმის 30 წელია უდგას, კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია მას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მას შემდეგ რამდენიმე თვეა პროტესტი არ წყდება. დაკავებული და დაშავებულია ათასობით ადამიანი. ოპოზიცია ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებს.

მოსკოვის პოზიციას დასავლეთშიც და ბელარუსშიც ყურადღებით აკვირდებიან, რადგან კრემლის მხარდაჭერა ლუკაშენკოსთვის უმნიშვნელოვანესია. ვლადიმირ პუტინის საუბრის ტონის ცვლილება კი შესაძლოა მიანიშნებდეს ძალაუფლების ერთგვარი "მართული გადაცემის" პროცესის შესახებ.

"მე მართლაც იმედი მაქვს, რომ ბელარუს ხალხში არის პოლიტიკური სიმწიფე იმისთვის, რომ მშვიდად და მკვეთრი მოძრაობების გარეშე დაიწყონ შიდა დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და თავადვე გადაწყვიტონ შიდა საკითხები საგარეო წნეხისა და ჩარევის გარეშე", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-ბელარუსის უსაფრთხოების ბლოკის ონლაინ-შეხვედრაზე, რომელსაც ალექსანდრ ლუკაშენკოც ესწრებოდა.

რუსეთი თითქოს ლუკაშენკოს მხარს უჭერდა პოლიტიკური კრიზისის პერიოდში, თუმცა ანალიტიკოსების აზრით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ კრემლს ლუკაშენკოს მხრიდან სიტუაციის დე-ესკალაციის და პოლიტიკური დიალოგის დაწყება სურს, საბოლოოდ კი ლუკაშენკოს გადადგომა. ლუკაშენკო მოსალოდნელ ცვლილებებზე და გარკვეულ მზაობაზე თავადაც საუბრობდა, თუმცა ამის პარალელურად მისი ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას აგრძელებს. ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი დაკავებულია ან ქვეყნიდანაა გაქცეული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG