ბელარუსში ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება. კვირას, მინსკსა და სხვა ქალაქებში, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ კიდევ ერთ საპროტესტო გამოსვლაზე, 1 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
მარი სტრუთერსი, "საერთაშორისო ამნისტიის" აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორი ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ კვლავ ძალა გამოიყენა.
"უქმეების განმავლობაში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით უსაფრთხოების ძალებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს და ადამიანის უფლებათა კუთხით ბელარუსში შექმნილი კრიზისი ახალ საფეხურზე გადაიყვანეს. მათ შორის ვიხილეთ შემზარავი კადრები პოლიციელებისა, რომლებიც შეუიარაღებელ დემონსტრანტებს სცემენ და ოფიცრებისა, რომლებიც ხანდაზმულ ადამიანებს პოლიციის მანქანებში ტენიან", - ამბობს სტრუთერსი.
მისივე თქმით, ეს ქმედებები ემატება ლუკაშენკოს ხელისუფლების მხრიდან, "ადამიანის უფლებათა იმ ისედაც მძიმე დარღვევების, ძალის უკანონო გამოყენების, შერჩევითი მასობრივი დაკავებების, წამებისა და შეუსაბამო მოპყრობის დოსიეს".
სტრუთერსი დასძენს, რომ ეს ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ მეტყველებს. "საერთაშორისო ამნისტია" ბელარუსის ხელისუფლებას რეპრესიების შეწყვეტისკენ და ადამიანის უფლებათა პატივისცემისკენ მოუწოდებს.
გასულ უქმეებზე ბელარუსის ქალაქებში უკვე მე-14 საპროტესტო . გამოსვლა გაიმართა. მოქალაქეების ნაწილი ლუკაშენკოს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და 9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს.
ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის "ვიასნას" ცნობით, მხოლოდ ამ უქმეებზე სხვადასხვა ქალაქებში 1 053 ადამიანი დააკავეს, მათგან 9 ჟურნალისტია.
Facebook Forum