გავრცელებული ინფორმაცია, რომ კრემლი ალექსეი ნავალნის დაკავებას გეგმავდა, და აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე არ დასტურდება. ცოტა ხნის წინ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უარყო, რომ მოკვლევას აწარმოებს ნავალნის გამონათქვამების გამო. მანამდე კი რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე რომელიც ხელისუფლების დამხობის მოწოდებას ეხებოდა.
რუსული კანონმდებლობით ეს მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის ნავალნი გერმანიაში იმყოფება სადაც ის მკურნალობის კურსს ასრულებს.
დილით მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ნავალნიმ თქვა, რომ ახალი სისხლის სამართლის საქმის წარმოებით კრემლი ცდილობს მას რუსეთში დაბრუნების საშუალება არ მისცეს. ის თვლის, რომ გამოძიება, ვლადიმირ პუტინის დავალებით მიმდინარეობს.
რამდენიმე საათის წინ რუსული გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიო "მოსკოვის ექოს" ეთერში ალექსეი ნავალნის ინტერვიუ გავიდა, სადაც ნავალნი პანდემიის დროს რუსეთის მოქალაქეებისთვის ფინანსური დახმარების აუცილებლობის შესახებ საუბრობდა. ამავე კონტექსტში მან თქვა, რომ "რუსეთში ხელისუფლება ახლა უნდა დამხობილიყო".
ოპოზიციის ლიდერის განცხადების შემდეგ წამყვანმა განმარტა, რომ ნავალნის მიერ გაკეთებული განცხადებები არ იყო მოწოდებები გადატრიალებისკენ და ეს მხოლოდ ნავალნის აზრს წარმოადგენდა, რაც თავად ნავალნიმაც დაადასტურა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, გამოძიება საქმეზე 30 ნოემბერს დაიწყო და ახლა სამართალდამცავები ადგენენ, შეიცავდა თუ არა ნავალნის განცხადებები ხელისუფლების გადატრიალებისკენ მოწოდებებს. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უარყო.
ალექსეი ნავალნი ზაფხულში რუსეთში "ნოვიჩოკით" მოწამლეს, ის რუსეთიდან სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანელმა სპეციალისტებმა სხეულიდან აღებული ნიმუშებით თქვეს, რომ ნავალნის წინააღმდეგ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" იყო გამოყენებული. გერმანელი სპეციალისტების ინფორმაცია, მალევე სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც დაადასტურეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, სადაც ის რუსეთს ღიად ადანაშაულებდა "ნოვიჩოკის" გამოყენებით მთავარი რუსი ოპოზიციონერის მოწამვლაში, კრემლმა არ გაიზიარა.
რუსეთი ჯერ ამბობდა, რომ ნავალნი ნასვამი იყო და არა მოწამლული, შემდეგ კრემლში თქვეს, რომ ნოვიჩოკი რუსეთში არ მოიპოვებოდა. თუმცა "ნოვიჩოკი" საბჭოთა კავშირში შეიქმნა და არსებობს მტკიცებულებები, რომ მას რუსული სპეცსამსახურები იყენებენ.
ნავალნის ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მიიღო. სანქციების უკანასკნელი წყება ევრო-გაერთიანებამ და დიდმა ბრიტანეთმა ოქტომბერში მიიღეს. თუმცა რუსი ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან პოლიტიკას უნდა გადახედოს, განიხილოს ახალი და უფრო მოქნილი სანქციების დაწესება.
Facebook Forum