გერმანიამ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სავარუდო მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარება სთხოვა. განცხადება თავად სააგენტომ გაავრცელა, რომელიც ჰააგაში მდებარეობს.
გერმანიამ 20 აგვისტოს უკვე განაცხადა, რომ აქვს იმის მტკიცებულება, რომ ნავალნი საბჭოთა პერიოდის ქიმიური იარაღით, "ნავიჩოკითაა" მოწამლული.
"ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ტექნიკურმა სამდივნომ (OPCW) გერმანიის ფედერალური რესპუბლიკიდან მიიღო თხოვნა ტექნიკური დახმარების შესახებ", წერია ორგანიზაციის განცხადებაში. სააგენტოს ექსპერტებმა " OPCW-ის ლაბორატორიებში ჩასატარებელი ანალიზისთვის ბატონი ნავალნისგან ბიოსამედიცინო ნიმუშები შეაგროვეს".
ტესტების შედეგებს ორგანიზაცია გერმანიას გადაუგზავნის. ქვეყანა ამ დრომდე ორგანიზაციისგან მოითხოვდა, რომ მისი ჩართულობა გამოძიებაში კონფიდენციალური ყოფილიყო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნავიჩოკი ადამიანის მოსაწმლად ბოლო პერიოდში გამოიყენეს. ბოლოს ამ საწამლავით ინგლისში, ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოკვლა სცადეს. OPCW მაშინაც ჩართული იყო გამოძიებაში და დაადასტურა, რომ სკრიპალები ნამდვილად ამ ტოქსიკური ნივთიერებით იყვნენ მოწამლულები.
Facebook Forum