ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის გუნდის თქმით, "ნოვიჩოკი" სასტუმროში, ბოთლებში აღმოჩნდა


ალექსეი ნავალნის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, როგორც ჩანს, ქალაქ ტომსკში მოწამლეს და არა აეროპორტში, როგორც ეს თავდაპირველად მიიჩნეოდა. მათი თქმით, ცარიელი ბოთლი, რომელშიც ნერვული აგენტი, "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს, ტომსკში, მისი სასტუმროს ოთახში აღმოჩნდა.

ნავალნი გასულ თვეში თვითმფრინავში გახდა ცუდად და ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიწყვანეს. გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიები ადასტურებენ, რომ ის ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკითაა" მოწამლული. "ნოვიჩოკი" საბჭოთა სამხედრო ძალების მიერ შემუშავებული ქიმიური იარაღია, თუმცა რუსეთი ამ ფაქტთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ნავალნის "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მისი გუნდის წევრები სასტუმროს ოთახს ოპოზიციონერის ცუდად გახდომიდან 1 საათის შემდეგ ამოწმებენ. ამ სასტუმროში ის 20 აგვისტოს ღამეს დარჩა.

"გადაწყდა, შეგვეგროვებინა ყველაფერი, რაც შესაძლებელია გერმანელი ექიმებისთვის გამოსადეგი ყოფილიყო. ცხადი იყო, რომ საქმეს რუსეთში არ გამოიძიებდნენ", - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

სასტუმროს ოთახში გადაღებულ ვიდეოში საწერ მაგიდაზე მდგარი წყლის ორი ბოთლი ჩანს, ერთიც საწოლის გვერდით მდგარ მაგიდაზე. ნავალნის გუნდის წევრები დამცავი ხელთათმანებით ამ ბოთლებს ლურჯ, პლასტიკურ ჩანთებში ათავსებენ. ორი კვირის შემდეგ კი, ამავე განცხადების თანახმად, გერმანიის ლაბორატორიამ "ნოვიჩოკის" კვალი სწორედ ამ ოთახიდან ამოღებულ ბოთლზე აღმოაჩინა. შემდეგ კი სხვა ევროპულმა ლაბორატორიებმაც დაადასტურეს, რომ ნავალნი სწორედ ამ ნივთიერებით იყო მოწამლული.

ვლადიმირ მილოვი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ნავალნის მოკავშირე ამბობს, რომ მათ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს დაასწრეს და მტკიცებულება ქვეყნიდან გაიტანეს.

გერმანიამ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას უკვე სთხოვა დახმარება კრემლის აქტიური კრიტიკოსისა და ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგის აკრძალული ნივთიერებით სავარაუდო მოწამვლის საქმის გამოძიებაში. გერმანიის ხელისუფლების ოფიციალური განცხადების თანახმად, არსებობს მტკიცებულება, რომ ნავალნი 20 აგვისტოს, საბჭოთა დროის ქიმიური აგენტით, "ნოვიჩოკით" მოიწამლა. სააგენტო უკვე გამოეხმაურა გერმანიის განცხადებას და მათი თქმით, სააგენტოს ექსპერტებმა უკვე შეაგროვეს ბიოლოგიური და სამედიცინო ნიმუშები ალექსეი ნავალნის ორგანიზმიდან იმისთვის, რომ სპეციალური ანალიზები ჩაატარონ. შედეგები გერმანიის მთავრობას გადაეცემა.

ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია. თუმცა ამ დრომდე მას პარტიის ჩამოყალიბების საშუალება არ მიეცა.

გერმანიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთისგან ახსნა-განმარტება უკვე მოითხოვეს და არსებობს მოწოდებებიც მოსკოვის მიმართ ამ მოწამვლის გამო სანქციების დაწესებისა. რუსეთი ამ ინციდენტთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ მართალია წინასაგამოძიებო ქმედებები უკვე ჩაატარა, მაგრამ სანამ მეტ მტკიცებულებას არ ნახავს, ოფიციალური, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ვერ დაიწყებს.

"ნოვიჩოკი" ის ნერვული აგენტი და ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც 2018 წლის მარტში ორმაგი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოსაწამლად ბრიტანეთში, ქალაქ სალისბურიში გამოიყენეს. მამა-შვილი გადარჩა, თუმცა გარდაიცვალა მოქალაქე, რომელმაც "ნოვიჩოკის" შემცველი ბოთლი ხელში აიღო. მოსკოვი მოწამვლასთან ყველანაირ კავშირს უარყოფდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG