„ჩვენ გავაკეთეთ უფრო მეტი ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანამ“ - ამერიკა უკრაინის დახმარებას აგრძელებს  

წელიწადზე მეტია, რაც უკრაინაში რუსეთის ომი მიმდინარეობს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ვაშინგტონმა კიევს უკვე გამოუყო 30 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი დახმარება. 2014 წლის შემდეგ სამხედრო დახმარების ჯამურმა ღირებულებამ 32.4 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.

„მე ვფიქრობ, უკრაინის მხარდასაჭერად ჩვენ გავაკეთეთ უფრო მეტი ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანამ. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინამ თავისი სიმამაცით და ხალხის ერთგულებით შეძლო საკმაოდ წარმატებული ყოფილიყო ამ კონფლიქტში. მაგრამ ამავდროულად, ეს არის დამსახურება იმ სამხედრო დახმარებისა, რომელიც მათ ჩვენ მივეცით, რათა მათ დაიცვან თავი და გაუწიონ კონკურენცია რუსულ ჯარს,“- ამბობს „ამერიკის ხმის“ სომხურ რედაქციასთან საუბრის დროს დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი.

Your browser doesn’t support HTML5

"უკრაინა იქნება თავისუფალი," - ამერიკელი კანონმდებლები

დახმარება მოიცავს შეიარაღებას, ტექნიკას, ამუნიციას, ანალიტიკურ ინფორმაციას, სატელიტურ მხარდაჭერას და ა.შ. გარდა სამხედრო მხარდაჭერისა ვაშინგტონი კიევს ეკონომიკურ დახმარებასაც უწევს.

ასევე ნახეთ: რა დახმარებას იღებს და რა შეიძლება მიიღოს უკრაინამ ამერიკისგან? 

„მე ვამაყობ, იმით რომ უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ [ამერიკის კონგრესში] ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილია ომის დანაშაულები. ჩვენ ერთგულად ვიდგებით უკრაინის გვერდით სანამ [უკრაინა] არ აღდგება,“- ამბობს დემოკრატი სენატორი ალექს პადილა.

სწორედ ამერიკის დახმარებით ჩავიდა უკრაინაში ამ კვირაში „პატრიოტები“. ამერიკული სარაკეტო სისტემა. 20 აპრილს კი ვაშინგტონმა კიევს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ახალი, 325 მილიონ დოლარიანი პაკეტის საშუალებით კიევი ვაშინგტონისგან მიიღებს, საარტილერიო ჭურვებს, რაკეტებს ჰაიმარსებისთვის და სხვა ამუნიციას.

„ჩვენ ნამდვილად ვაკეთებთ ბევრად მეტს, ვიდრე ყველა დანარჩენი ერთად... როდესაც რუსეთმა უკრაინაში [სრულმასშტაბიანი] ომი დაიწყო მსოფლიოს უდიდესი ნაწილის მოლოდინი იყო რომ რუსეთი მთელი უკრაინის დაპყრობას აპირებდა. ეს არ შეიძლება რომ მოხდეს და არ მოხდება შეერთებული შტატების გამო.. უკრაინა იქნება თავისუფალი “,- ამბობს დემოკრატი კონგრესმენი ბრედ შერმანი.

მას შემდეგ რაც უკრაინამ 2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქებისა და სოფლების ნაწილის გათავისუფლება მოახერხა, ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი გარდატეხა არ მომხდარა. მთელი ზამთრისა და გაზაფხულის პირველ ორ თვეში რუსეთი მთავარ აქცენტს ქალაქ ბახმუტზე აკეთებს. თუმცა ამ დრომდე რუსულმა ჯარმა ქალაქის აღება ვერ მოახერხა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთმა ბრძოლის ველზე გარდატეხის მოხდენა ვერ შეძლო, ვერ შეძლო მიზნების მიღწევა და „დამარცხდა“. ამ პოზიციას იზიარებს კონგრესმენი ჯიმ კოსტა. ის „ამერიკის ხმის“ სომხურ რედაქციასთან საუბრის დროს ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის ფონზე, რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას კლავს და ეს კრემლის კარგად დაცდილი ტაქტიკაა.

ასევე ნახეთ: ახალი ცივი ომი?

„ტაქტიკურად ბრძოლის ველზე უკრაინამ რუსეთს მოუგო...რუსეთის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თუ თქვენ არ შეგიძლიათ გაიმარჯვოთ ბრძოლის ველზე უნდა დაბომბოთ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა, ასე შეეცადოთ მათ დამორჩილებას. გახადოთ მათი სიცოცხლე გაუსაძლისი. ეს იყო მათი [რუსეთის] ტაქტიკა ალეპოში. ეს მუშაობდა ჩეჩნეთში... ჩვენ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. რუსეთი ამ ბრძოლას ვერ მოიგებს,“- ამბობს დემოკრატი კონგრესმენი კოსტა.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მას შემდეგ კრემლმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. უკრაინა კი ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ათობით სხვა ქვეყნის მხარდაჭერით იბრძვის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.

ასევე ნახეთ: ჰოჯესი: უკრაინამ რუსებს გამარჯვების შანსი უკვე წაართვა, კონტრიერიში კი ალბათ ზაფხულში დაიწყება

„უკრაინელი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, მათი ოჯახებისთვის და თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ მივაწოდოთ რესურსები ვლადიმირ პუტინისა და რუსული ძალების არაპროვოცირებულ და უკანონო თავდასხმასთან [გასამკლავებლად]. ჩვენ გავაგრძელებთ [მათ] მხარდაჭერას. უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას. მოსალოდნელია კონტრშეტევა... ვიმედოვნებ, რომ უკრაინას ექნება რესურსი, მიაღწიოს წარმატებას და დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები,“- ამბობს კონგრესმენი ბრედ შერმანი „ამერიკის ხმის“ სომხურ რედაქციასთან საუბრის დროს.

ასევე ნახეთ: როგორ იცავს უკრაინა ცას რუსული რაკეტებისგან?

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი ამბობს, ამერიკამ არ უნდა დაუშვას უკრაინის მარცხი რუსეთთან რადგან ამან შესაძლოა მსოფლიოში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს.

„ ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით უკრაინას დაიცვას თავი, ამით ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო წინადადებას რომ არ შეიძლება ძალის გამოყენებით სხვა ტერიტორიის დაკავება. თუ ჩვენ დავუშვებთ ამას, არის ბევრი ქვეყანა მსოფლიოში, ავტორიტარი ლიდერები, რომლებიც შეეცდებიან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების აღებას. ჩვენ უნდა გავგზავნოთ გლობალური მესიჯი, რომ ამას მოჰყვება რეალური შედეგები და ეს არის ის რაც ამ ომში სასწორზე დევს,“- ამბობს სენატორი მენენდესი.

უკრაინის სამხედრო საჭიროების შესახებ კვირის ბოლოს შეხვედრა გაიმართა გერმანიაში, ამერიკის „რამშტაინის“ სამხედრო ბაზაზე. კიევმა შეხვედრაზე პარტნიორებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა უფრო მეტი საბრძოლო თვითმფრინავები და გრძელ რადიუსზე მოქმედი სარაკეტო სისტემები.