ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საჰაერო ძალებმა შემთხვევით საკუთარი ქალაქი დაბომბეს


რუსმა მფრინავებმა საკუთარი ქალაქი, ბელგოროდი დაბომბეს, მოგვიანებით განმარტეს, რომ სამხედრო თვითმფრინავიდან ბომბი შემთხვევით ჩამოვარდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანდა რამდენიმე შენობა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად 20 მეტრის სიგანის ღრმული გაჩნდა, ჩაიმსხვრა საცხოვრებელი სახლების ფანჯრები და დაზიანდა ავტომობილები.

მომხდარიდან მალევე რუსი კომენტატორები და სამხედრო ბლოგერები ამბობდნენ, რომ რუსულ ქალაქზე იერიში უკრაინამ განახორციელა, თუმცა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსული ქალაქი რუსმა მფრინავებმა შემთხვევით დაბომბეს. სამინისტრომ თქვა, რომ რუსული სუ34-დან შემთხვევით მოხდა ბომბის გაშვება. კრემლი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ბელგოროდში ჩამოგდებული ბომბი 500 კილოგრამს იწონიდა.

ქალაქ ბელგოროდის გუბერნატორი ამბობს, რომ კორპუსი რომელიც აფეთქების შედეგად დაზიანდა, ევაკუირებულია.

ბელგოროდი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს და იქ 340 000 ადამიანი ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ქალაქზე თავდასხმა რამდენჯერმე მოხდა. კრემლი ხშირად ამტკიცებს, რომ ამა თუ იმ თავდასხმის უკან კიევი დგას, თუმცა უკრაინა ბრალდებებს უარყოფს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG