კახოვკის კაშხლის ჩამოშლის შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში წარმოქმნილი წყალდიდობის გამო, კიევი საევაკუაციო სამუშაოებს აგრძელებს. იმის მიუხედავად, რომ წყლის დონემ შედარებით დაიწია, სახიფათო ზონებიდან უკრაინის შესაბამის უწყებებს მოსახლეობა ჯერ კიდევ გაჰყავს.
პარალელურად, კიევი აქვეყნებს ინფორმაციას დაღუპულთა და დაკარგულთა შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, წყალდიდობის დროს დაიღუპა სულ მცირე, 5 ადამიანი, 13 დაკარგული უკრაინელის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ დააზუსტა, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაკარგულად ითვლება - ხერსონის რაიონში, ხოლო ერთი ადამიანი გარდაიცვალა მიკოლაივის რეგიონში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება ხალხის გადასარჩენად მუშაობს.
"ევაკუაცია გრძელდება. სადაც კი შესაძლებელია ხალხის გამოყვანა წყალდიდობის ზონიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ," - თქვა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია დატბორილი ადგილები, სადაც უკრაინელი საგანგებო სამსახურების თანამშრომლები იყენებდნენ ნავებს ადამიანებისა და ცხოველების გადასარჩენად.
ადგილზე რუსეთის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რვა ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ კონტროლირებულ ოკუირებულ ტერიტორიაზე და 5 800-ზე მეტი ევაკუირებული იქნა სახლებიდან.
უკრაინამ რუსული ძალები დაადანაშაულა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ კაშხლის აფეთქებაში, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ხაზშია მოქცეული. მოსკოვი კაშხლის განადგურებაში უკრაინას ადანაშაულებს.