ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი F-16-ების შესახებ საბოლოო შეთანხმებას ელოდება


ამერიკული მოიერიშე ავიაგამანადგურებელი "ეფ-16" (F16)
ამერიკული მოიერიშე ავიაგამანადგურებელი "ეფ-16" (F16)

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან 6 ივნისს პარტნიორი ქვეყნების ლიდერებისგან საბრძოლო თვითმფრინავებთან დაკავშირებით "სერიოზული და ძლიერი" შეთავაზება მიიღო და ახლა საბოლოო შეთანხმების მოლოდინშია. ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს უკრაინისთვის "ეფ-16" (F16) ტიპის ამერიკული მოიერიშე ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე.

"ჩვენმა პარტნიორებმა იციან, თუ რამდენი თვითმფრინავი გვჭირდება", - თქვა ზელენსკიმ. კონკრეტული რაოდენობის დასახელების გარეშე, მან თქვა, რომ საუბარია პარტნიორების მხრიდან მიღებულ "სერიოზულ, ძლიერ შეთავაზებაზე", რომელიც "შეერთებულ შტატებთან ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე" მოხდება.

ამ ეტაპზე არც ის ზუსტდება, თუ რომელი ქვეყნები მიაწვდიან კიევს ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გასულ თვეში ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დიდი შვიდეულის ლიდერებს უთხრა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინელი პილოტების მოკავშირეთა ერთობლივი ძალებით გაწვრთნას. თუმცა, მაშინ ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თქვა, რომ უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

6 ივნისს, კრემლმა ამერიკული ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით თქვა, რომ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს ბირთვული იარაღის გადატანის შესაძლებლობა აქვთ. მოსკოვი დასავლეთს აფრთხილებს, რომ მსგავსი ნაბიჯი კონფლიქტში შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG