ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქეთის პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა და ტელეფონით ესაუბრა. ბაიდენის თქმით, პრეზიდენტებმა ორშაბათს გამართული საუბრისას განიხილეს ანკარის სურვილი ამერიკისგან ავიამოიერიშეების - F-16-ების შეძენის თაობაზე.
საუბარის თემებს შორის იყო თურქეთის წინააღმდეგობა შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ბაიდენმა თურქ კოლეგას უთხრა, რომ ვაშინგტონს სურს, რომ თურქეთმა ამ პოზიციას გადახედოს.
"მე ერდოღანს ვესაუბრე. მივულოცე. მას კვლავ სურს რომ ვიმუშაოთ F-16-ებთან დაკავშირებით. მე კი ვუთხარი, რომ ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა შვედეთის თაობაზე, მოდით დავასრულოთ ეს [საქმე]. ასე რომ, ჩვენ კვლავ დავუკავშირდებით ერთმანეთს", - უთხრა ბაიდენმა რეპორტიორებს თეთრი სახლიდან დელავერში გამგზავრებამდე.
პრეზიდენტ ბაიდენს შვედეთის ნატოში წევრობასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვებიც დაუსვეს, თუმცა პრეზიდენტმა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ამ თემაზე მომდევნო კვირას მეტს ისაუბრებენ.
შვედეთმა და ფინეთმა ნატოს წევრობაზე განაცხადი გასულ წელს შეიტანეს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ფინეთი ალიანსის წევრი გახდა, თუმცა შვედეთის წევრობის თაობაზე გადაწყვეტილების რატიფიცირება თურქეთს და უნგრეთს ჯერ არ მოუხდენიათ.
რაც შეეხება საბრძოლო თვითმფრინავებს, თურქეთს სურს 20 მილიარდის დოლარის ღირებულების F-16-ები და საბრძოლო არსენალის მოდერნიზებისთვის საჭირო 80 კომპლექტი შეიძინოს. თუმცა ეს შესყიდვა ჯერჯერობით ვერ ხორციელდება, რადგან კონგრესი ანკარისგან ნატოს გაფართოებაზე მწვანე შუქს ელოდება და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებითაც შეშფოთებას გამოთქვამს. ხოლო, ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შესყიდვის მომხრეა.