უკრაინა - უცხოური მედიის შეფასებებით

საერთაშორისო მედია საშუალებები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებენ

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის პერსპექტივა


მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრშია უკრაინა, მაიდანზე განვითარებული მოვლენები. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გადადების შემდეგ საკუთარი ხალხი აუჯანყდა. მოვლენები უკრაინაში შუქდება ყველა საინფორმაციო საშუალების მიერ, როგორც შეერთებულ შტატებში ისე ევროპაში.

„ნიუ იორკ თაიმსი“ დღევანდელ გამოცემაში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე სტატიას უძღვნის. სტატიაში ასახულია ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც იანუკოვიჩის ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმების გადავადებას მოჰყვა. დღეს დილით, რამდენიმე ათასი ადამიანი მინისტრთა კაბინეტის შენობასთან მივიდა და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა. მომიტინგეები ევროკავშირის დროშებით მინისტრთა კაბინეტის შენობასთან მივიდნენ და სკანდირებდნენ „ დატოვეთ ხელისუფლება“. სამთავრობო შენობის ბლოკირების გამო ბევრი თანამშრომელი საკუთარ სამუშაო ოთახში ვერ შევიდა, წერს „ნიუ იორკ თაიმსი“ . „ნიუ იორკ თაიმსის“ კომენტარით, იანუკოვიჩის გადაწყვეტილება და ხალხის პროტესტი ამცირებს პერსპექტივას რომ იანუკოვიჩის საპრეზიდენტო მმართველობა გაგრძელდეს. განხეთქილებაა მის პოლიტიკურ გუნდშიც: გავრცელებული ინფომრაციით, თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ასევე რამდენიმე დეპუტატმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა და ახლა ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე და პოლიციის ძალადობაზე განცხადებებს აკეთებს.

„ვაშინგტონ პოსტის“ ევროპული განყოფილება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს იქ არსებული ვითარების კვალდაკვალ ეხმაურება . დღევანდელ სტატიაში საუბარია იმ სამთავრობო ცვლილებებზე, რომელიც იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ პრემიერ-მინისტრ მიკოლა აზაროვის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტი დღეს სრული შემადგენლობით გადაგდებოდა პარლამენტში გამართული ნდობის ვოტუმის კენჭისყრის დროს. თუმცა, ოპოზიცია პარლამენტში ამჟამად მხოლოდ 170 ადგილს აკონტროლებს, 450 წევრიან რადაში კი გადაწყვეტილების მიღებას 226 ხმა სჭირდება.

აზაროვის პრეს მდივანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების გეგმებში არ შედის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. როგორც მან „ინტერფაქსს“ განუცხადა, ვინაიდან კაბინეტის თანამშრომლებს ადგილზე მუშაობის საშუალება არ მიეცათ, ონლაინ რეჟიმში განაგრძობენ მოვალეობის შესრულებას.
პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია უკრაინაში სტატიის მიხედვით, უკრაინის ეკონომიკას კარგს არაფერს მოუტანს, ქვეყანას, რომელიც უკვე ერთი წელია ეკონომიკური რეცესიის მდგომარეობაშია.

„ასოშეიტედ პრესი“ უკრაინის საპროტესტო აქციებზე, წერს რომ ამ მოვლენების აღსაწერად ახალი სიტყვა გაჩნდა ეს არის ევრომაიდანი. ეს სიტყვა უკვე ფართოდ გავრცელდა სოციალური ქსელებში. ვინ მოიგონა ეს არავინ იცის, თუმცა ლინგვისტურად ზუსტად გამოხატავს დასავლეთის და აღმოსავლეთის პოლიტიკურ პაექრობას რომლის შუაგულში უკრაინა მოექცა.

„გარდიანი“ ვრცელ ანალიტიკურ სტატიას უძღვნის უკრაინის პოლიტიკურად დაძაბულ მდგომარეობას. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ კვირას, კიევის ქუჩებში გამოსული ადამიანების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეს საპროტესტო მსვლელობები რუსეთის სასარგებლოდ ევროკავშირთან ინტეგრაციის პაკეტზე იანუკოვიჩის უარმა განაპირობა. უკრაინის პერიფერიებში საპროტესტო მსვლელობებს უფრო ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა. იყო შემთხვევები, როდესაც დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობებზე შტურმი მიიტანეს. სტატიაში საუბარია შაბათს კიევის მაიდანზე სტუდენტების აქციის დარბევის ფაქტზეც, როდესაც პოლიციამ და სპეცნაზმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა, რის გამოც აქციის ბევრი მონაწილე დაშავდა. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებთა აზრი ორად არის გაყოფილი. აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონები რუსეთთან უფრო ახლო კავშირის დამყარებას უჭერენ მხარს, რასაც ვერ ვიტყვით დასავლეთ და ცენტრალურ რაიონებზე. რუსეთი ევროკავშირთან გარიგების სასტიკი წინააღმდეგი იყო, რუსეთმა გააგრძელა უკრაინისთვის ფინანსური სტიმულაციის შეთავაზება რასაც მუქარის ხასიათიც ჰქონდა, წერს გარდიანი.

გერმანული „შპიგელი“ წერს, რომ ევროპელმა ლიდერებმა მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცეს უკრაინის ნაბიჯს ევროკავშირთან ხელმოწერის გადავადების შეახებ. მოყვანილია ციტატა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადეკ სიკორსის განცხადებიდან. მან რუსეთის ტაქტიკა მე19 საუკუნის მეზობლებთან ურთიერთობის მეთოდებს შეადარა. როგორც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კეთრინ ეშტონმა განაცხადა, „ ეს ძალიან გულდასაწყვეტი გადაწყვეტილებაა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ უკრაინის მოსახლეობისთვისაც.“ კვირას ანგელა მერკელმა გერმანიის ტელევიზიით გამოსვლის დროს, ამ პრობლემის შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის სურვილი გამოთქვა.

რუსული „პრავდა“ ყურადღებას ამახვილებს დემონსტრანტების მიერ სამთავრობო შენობების ბლოკირების თაობაზე. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ძალა გამოიყენა. ანალიტიკოსების შეფასებით, რომ არ მომხდარიყო დარბევა, შეიძლება მომიტინგეები თავისით არ დაშლილიყვნენ. შეტაკების დროს 260 ადამიანი დაშავდა. მათგან 120 პოლიციელი, აქციის 112 მონაწილე და 28 ჟურნალისტი.

„ეხო მასკვი“ წერს, რომ ქვეყანა ელოდება, თუ რას მოიმოქმედებს უკრაინის ხელისუფლება. სამი დასავლეთ რაიონი ლვოვი, ტერნოპოლი, ივანო-ფრანკოვსკი გაფიცულია. მაიდანზე ოპოზიციის მიტინგი გრძელდება. პოლიციამ 11 საქმე აღძრა შაბათს, კიევის ცენტრში მომხდარი შეტაკების ფაქტთან დაკავშირებით.9 პირი დაკავებულია. მოსკოვში, უკრაინის საელჩოსთან დღეს არასანქცირებული მიტინგი გაიმართა. სადაც 11 პირი დააკავეს, მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვია, ასევე პარტიის „ „რპრ-პარნასი“ და „სოლიდარობის“ ორგანიზაციის წევრები. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატი წარწერით „ უკრაინა ჩვენ შენს გვერდით ვართ“.