ევროპელი ლიდერები ცდილობენ დაარწმუნონ უკრაინა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეთანხმება გააფორმოს, თუმცა ამის ფონზე ბევრი უკრაინელი საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს მაინც ეჭვის თვალით უყურებს. საბჭოთა კავშირის რამდენიმე ათეულ წლიანი მმართველობის პერიოდში უკრაინა ძალიან იყო დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე. ახლაც ბევრი ცდილობს, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს.
ჟერნკლოვი უკრაინის პერიფერიაში მდებარე სოფელია, რომელსაც რუსეთის წარსული ნაკვალევი კიდევ შემორჩენია და დღევანდელი გავლენაც საკმაოდ აქვს. საბჭოთა მეომრების მონუმენტებს სოფლის შემაღლებულ ადგილებზე ადვილად შენიშნავთ. ასევე ნახავთ სამხედრო ვერტმფრენსაც, რომელსაც ცისკენ აქვს ცხვირი მიმართული.
ამ მონუმენტების გვერდით ასევე არის 1933 წლის მონუმენტი, რომელიც დიდი შიმშილობის პერიოდს ასახავს.
ბევრი უკრაინელი გარდაიცვალა შიმშილობის გამო, საბჭოთა დიქტატორის სტალინის მიერ შემუშავებული კოლექტივიზაციის რეფორმის შედეგად.
სოფლის მერი, გრიგორი ტიმოფიევიჩი ამბობს, რომ ისტორიის დავიწყება შეუძლებელია.
გრიგორი ტიმოფიევიჩი: როდესაც ადამიანები განიხილავენ 1933 წელს მომხდარ მოვლენებს, ამას სტალინს რატომღაც არ უკავშირებენ. არავინ თანამედროვე რუსეთს ამაში დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ოთხთვალა ეტლებში შებმული ცხენები და რუსული წარმოების ტრაქტორები გულმოდგინედ მუშაობენ სოფლის მიმნდვრებში. წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდი ნაწილი - კარტოფილი და სიმინდი რუსეთში იგზავნება გასაყიდად.
მერი ამბობს, რომ ხალხს უკრაინის დიდი, აღმოსავლეთით მდებარე მეზობლისგან უცბად დასავლეთის მიმართულებით შებრუნების ეშინია.
გრიგორი ტიმოფეივჩი: ეკონომიკა გასაჭირშია, მათ უკვე აქვთ რუსეთთან მჭიდრო კავშირი ჩამოყალიბებული. მათ არ შეუძლიათ უცბად დაარღვიონ ეს კავშირები და ევროკავშირს შეუერთდნენ. შესაძლოა, ევროკავშირში მცხოვრებ ადამიანებს ცხოვრების უკეთესი სტანდარტები აქვს, თუმცა რუსეთთან ამ ურთიერთობის გაწყვეტა არ იქნება კარგი გადაწყვეტილება.
ადგილობრივი ფერმერი, იგორი იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც აღმოსავლეთელი მეზობლისკენ იხრებიან. ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახლა იმის დრო არ არის, რომ რუსეთს ზურგი აქციონ, თუმცა ის ამბობს იმასაც, რომ უკრაინის ევროპაში ინტეგრაცია, მათი ბედია.
იგორი; არ მჭირდება ევროპა არაფრისთვის, თუმცა ეს ჩემი შვილებისთვის არის აუცილებელი, რომ ევროპის ნაწილი იყოს ქვეყანა.
რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით, დასავლეთისკენ, კიევის ცენტრში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ფუნქციონირებს, სადაც ბოქსით დაკავებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო დაძაბულობა ეტყობათ. სავარჯიშოდ ახალგაზრდა ათლეტები ქალაქში სხვადასხვა რაიონებიდან ჩავიდნენ. გამარჯვებულები უკრაინის სახელით იასპარეზებენ და შეიძლება ვიტალი კლიჩკოს დონის წარმატებასაც მიაღწიონ. კლიჩკო მძიმე წონიანთა კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონია და უკრაინის ოპოზიციურ ძალებს ლიდერობს, რომელთაც ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვთ.
თექვსმეტი წლის ოლეგ სკრიპლენკო დარწმუნებული არ არის თუ რა არჩევანი უნდა გააკეთოს ქვეყანამ.
ოლეგ სკრიპლენკო: პირველ რიგში მას სურს, რომ მისი ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს. მეორეს მხრივ, ევროპასთან დაახლოება სწორი ნაბიჯია, რადგან უვიზო მიმოსვლა შევა ძალაში. თუმცა, შეიძლება ყველაფერი ამოტრიალდეს და ეკონომიკა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, აცხადებს სკრიპლენკო.
ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი, მორიგი აქციის გასამართად გვიან ღამით ისევ შეიკრიბა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ უკრაინამ ევროპაში ინტეგრაციის თავისი შანსი ხელიდან გაუშვა.
დემონსტრანტებს შორის სტუდენტი მაქსიმიც არის.
მაქსიმი: უკრაინელები ქუჩაში ქვეყნის ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით, საკუთარი აზრის გამოსახატად გავიდნენ და თუკი ამ შანსს გამოიყენებენ, უკეთესად იცხოვრებენ. ევროკავშირში შესვლა უკრაინას უფრო ძლიერ დემოკრატიას მოუტანს.
ცხადია, რომ უკრაინაში დებატები ამ საკითხზე არ დასრულდება. დილემა კი ამაში მდგომარეობს: რა უნდა ქნას კიევმა, ახალი გზა აირჩიოს, თუ ისევ თავის ძველ პარტნიორთან დარჩეს.