რა იწვევს რუსული თვითმფრინავების ჩამოვარდნას?

ბოლო სამი თვის განმავლობაში რუსეთმა, სულ ცოტა, ექვსი სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა ისე, რომ ამაში უკრაინულ ანტისაჰაერო სისტემებს წვლილი არ შეუტანიათ.

ამ ექვსი თვითმფრინავიდან, ოთხი უკრაინაში რუსეთის ომში მონაწილეობდა, ორმა კი კატასტროფა წვრთნების დროს განიცადა.

"ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა", - ამბობს კორპორაცია „რენდის“ ანალიტიკოსი მაიკლ ბოჰნერტი.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავების უმრავლესობა „სუ 25“-ია, ერთი „მიგ 31“ ხოლო ერთი „სუ 34“, რომელიც რუსეთში საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. მისმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.

ასევე ნახეთ: რუსეთში ბომბდამშენის კორპუსთან შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

რა შეიძლება გამხდარიყო თვითმფრინავების კატასტროფის მიზეზი და არის თუ არა ეს რუსული სამხედრო ავიაციის სისტემური პრობლემა?

ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ შესაძლოა რუსული სამხედრო თვითმფრინავების კატასტროფის მიზეზი გამოუცდელი ეკიპაჟი იყოს. თუმცა პრობლემები რუსულ სამხედრო ავიაციაში გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდებოდა, რომელმაც რუსულ ჯარს დიდი რაოდენობით გამოუცდელი პერსონალი შემატა.

ექსპერტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ პრობლემები რუსეთის საჰაერო ძალებში ნაწილობრივ სანქციებმა გამოიწვია, რის გამოც მოსკოვი თვითმფრინავების შეკეთებას ვეღარ ახერხებს.

„რუსული თვითმფრინავების ჩამოვარდნის ყველაზე სავარაუდო მიზეზი, როგორც ჩანს, საჭირო სათადარიგო ნაწილების ნაკლებლობაა. ეს კი პირდაპირ არის კავშირში დასავლეთის მიერ თვეების წინ დაწესებულ ყოვლისმომცველ სანქციებთან, რომელთა გამოც შეჩერდა სამხედრო ნაწილების იმპორტი რუსეთში“, - ამბობს ბოჰნერტი.

ასევე ნახეთ: "ბოინგი" პენტაგონს სთავაზობს, კიევს 160.9 კილომეტრის რადიუსის რაკეტები გაუგზავნონ

რუსეთი უკრაინაში ძირითადად "სუ 25"-ებს იყენებს, რომლებიც მოძველებული თვითმფრინავებია, რის გამოც მათ შეკეთება და მუდმივი კონტროლი სჭირდება.

დასავლური სანქციების გამოცხადებული მიზანი სწორედ ისაა, რომ რუსეთმა სამხედრო აღჭურვილობის, ტექნიკის და შეიარაღების წარმოება, შესყიდვა ან შეკეთება ვერ შეძლოს და შედეგად უკრაინაში დაწყებული ომი შეწყვიტოს.

„მიზანმიმართული სანქციების გამო, რუსეთში აღარ იყიდება კრიტიკული ელემენტები, რომლებიც მათ ომისთვის სჭირდებათ. მათ აქვთ პრობლემები ხელოვნური ინტელექტის კუთხით, ქიმიკატების დეფიციტი, მოწინავე მასალების, მათ შორის, მიკროჩიპების დეფიციტი. ამის გამო, რუსებს ყოველდღიურად უწევთ გადადგან ნაბიჯი უკან და ძველი სამხედრო შეიარაღების გამოყენებას დაუბრუნდნენ“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი ჯეიმს ობრაიანი. ის განმარტავს, რომ დროთა განმავლობაში სანქციების გავლენა უფრო გაიზრდება.

ასევე ნახეთ: "ის რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს არის ტერორისტული აქტები" - მაკფოლი

„რუსმა სამხედროებმა და მათმა ხელმძღვანელებმა უნდა იცოდნენ, რომ გუშინდელი დღე რომ ცუდი იყო, დღევანდელი უფრო ცუდია და ხვალ უარესი იქნება“, - თქვა ობრაიანმა მაშინ, როცა ის ამერიკელი სენატორების კითხვებს პასუხობდა იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია დასავლეთის კოორდინირებული სანქციები.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დასავლეთის კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთის მიერ სანქციებზე თავის არიდების მცდელობა წარუმატებლად დასრულდეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი ყოველდღიურად მუშაობენ იმ ქვეყნებთან, რომელთა გამოყენებაც რუსეთმა პოტენციურად შეიძლება სცადოს იარაღის ან სამხედრო ინდუსტრიული ბაზისთვის საჭირო მასალების ყიდვა.

„ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, თუ მათ სურთ ჩვენს ბაზარზე წვდომა შეინარჩუნონ, არ უნდა ითანამშრომლონ რუსეთთან, არ უნდა დაეხმარონ მას სანქციების გვერდის ავლაში. ამ საკითხს ყურადღებით ვსწავლობთ. ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებს“, - ამბობს ობრაიენი.

ასევე ნახეთ: ვის შეეხება ახალი სანქციები? 

დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის ომის შეჩერება თავდაპირველად დიპლომატიური გზით სცადა, გაიმართა შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, პარალელურად კი რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედროების მობილიზებას ახდენდა. მაშინ კრემლი ამტკიცებდა, რომ უკრაინის საზღვართან მხოლოდ წვრთნებს მართავდა და ომისთვის არ ემზადებოდა. დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატებიც, ამ ვერსიას უარყოფდა და რუსეთს საპასუხოდ სანქციებს უანონსებდა. საბოლოო ჯამში, 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

Your browser doesn’t support HTML5

ზამთარი ფრონტის ხაზზე - რა გეგმა აქვს უკრაინას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად კი დანაპირები შეასრულა და რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები აამოქმედა, როგორც ეკონომიკური ასევე ფინანსური. დასავლეთი კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებას გეგმავს და უკრაინის დახმარების პარალელურად, რუსეთზე ფინანსური თუ ეკონომიკური წნეხის გაზრდას აპირებს, რათა უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული ომი დასრულდეს.