ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"როლს-როისმა" საავიაციო წყალბადის ძრავა წარმატებით გამოსცადა


"როლს-როისის" საწარმოო და საცდელი ობიექტი ვირჯინიაში, აშშ.
"როლს-როისის" საწარმოო და საცდელი ობიექტი ვირჯინიაში, აშშ.

ბრიტანული კომპანია "როლს-როისი" აცხადებს, რომ თვითმფრინავებში წარმატებით გამოსცადა წყალბადზე მომუშავე ძრავა. მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, რომელიც ადასტურებს, რომ ავიამშენებლობაში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ძრავების ჩანაცვლება შესაძლებელია და არ არის გამორიცხული ეს წყალბადის საშუალებით მოხდეს.

"როლს-როისის" ექსპერიმენტში AE 2100-A ძრავა გამოიყენეს. გამოცდაში ასევე მონაწილეობდა პარტნიორი კომპანია "იზი-ჯეტი". ორშაბათს, 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მათ წყალბადი სუფთა ენერგიით, ქარის და ტალღის გამოყენებით გამოიმუშავეს.

კომპანიები ახლა ტესტირების მეორე ეტაპს გეგმავენ, რომლის დროსაც ძრავებს ფრენის დროს გამოცდიან. "როლს-როისი" და "იზი-ჯეტი" გამოთქვამენ იმედს, რომ მომავალში მათ მიერ შექმნილი ძრავები სამოქალაქო ავიაციაში დაინერგება.

მსგავს ძრავებს ასევე ცდის ავიამწარმოებელი კომპანია "აერობუსი". ამ პროექტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, წყალბადზე მომუშავე ძრავები ჰაერის დაბინძურებას შეამცირებს და ხელს შეუწყობს გლობალური დათბობის შენელებას. ამჟამად, წყალბადზე მომუშავე ძრავა მხოლოდ ერთია ბენზინის ჩანაცვლების რამდენიმე სხვა ვარიანტს შორის, რომელზეც მეცნიერები და ტექნოლოგები მუშაობენ, რათა ნახშირორჟანგის გამოყოფა 2050 წლამდე მინიმუმზე დავიდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG