ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელფები VS ტროლები - როგორ ებრძვის ცენტრალური ევროპა რუსულ პროპაგანდას


2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა და უკრაინაში ომი დაიწყო, საფრთხე ცხადად იგრძნეს არა მარტო უკრაინელებმა, არამედ ლიეტუველებმაც. ქვეყანაში, რომელიც 1990 წელს პირველი გამოეყო საბჭოთა კავშირს, სხვადასხვა პროფესიის და ასაკის მოხალისეებმა გადაწყვიტეს, რომ რუსულ პროპაგანდასა და ჰიბრიდულ ომთან ბრძოლა უნდა გამოეცხადებინათ. ასე დაიბადნენ „ელფები“, ეკრანებსა და ალგორითმებს ამოფარებული უჩინარი ადამიანები, რომლებიც ასევე უჩინარ კრემლის ტროლებს უკვე 8 წელია ებრძვიან.

ტროლების ყველაზე დიდი ქარხანა სანკტ-პეტერბურგში აღმოაჩინეს. გაირკვა ისიც, რომ ტროლებს თვეში 400 ევროს უხდიან და  დღეში სიძულვილის გამომხატველი 135 კომენტარის დაწერა ევალებათ.

ელფების მოძრაობა ლიეტუვიდან დაიწყო, სადაც რამდენიმე თანამოაზრე შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ სამსახურისგან თავისუფალ დროს, რუსულ დეზინფორმაციასთან დაეწყოთ ბრძოლა. თავდაპირველად 20-30 ადამიანით და სამი ქვეყნით დაწყებული მოძრაობა, ახლა 4,000-მდე წევრს ითვლის 13 სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი, ძირითადად, ბალტიის ქვეყნებსა და ჩეხეთში ცხოვრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, იქაური ელფები ფიქრობენ, რომ რუსეთი კვლავ სერიოზულია საფრთხეა, როგორც მათთვის, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც.

ელფები მონიტორინგს უწევენ მედია სფეროს, ანალიზს უკეთებენ სხვადასხვა ნარატივებს და ტროლების გავლენის სფეროებს ინიშნავენ. ისინი ფოკუსირებული არიან კრემლის მიერ გავრცელებულ ცრუ და მავნე ინფრომაციასთან ბრძოლაზე და ხშირად ახერხებენ რუსი ტროლების ყალბი ანგარიშების გაუქმებას სოციალურ ქსელებში.

2014 წელს დაწყებული ჰიბრიდული ომი უკრაინასთან რუსეთს არ შეუჩერებია. სულ ცოტა ხნის წინ, უკრაინის მთავრობის საიტებზე კიბერ შეტევა დაფიქსირდა. ყველა სამთავრობო ვებ საიტზე ეწერა: „გეშინოდეთ და უარესის მოლოდინში იყავით!“. ოფიციალური კიევი მომხდარს პირდაპირ უკავშირებს რუსეთს. თუმცა, კრემლი ამ და სხვა ბრალდებებსაც კიბერ შეტევასთან დაკავშირებით, უარყოფს.

კრემლის უარყოფის მიუხედავად, მიმდინარე კვირას, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენ ნიუბერგერმა ოფიციალური კიევი გააფრთხილა, რომ რუსეთი დიდი ალბათობით, განაგრძობს კიბეშეტევებს უკრაინაზე და ჰიბრიდულ ომს თავის ერთ-ერთ მთავარ იარაღად აქცევს.

„ჩვენ ვაფრთხილებდით (უკრაინას ) კვირების და თვეების განმავლობაში, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად, პოტენციური საფრთხეების შესახებ. რუსები ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყენებდნენ კიბერ თავდასხმებს, როგორც მათი ძალის ძირითადი კომპონენტის ნაწილს,“- თქვა ნიუბერგერმა რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ონლაინ პრესკონფერენციაზე.

ტროლებს უხდის და კოორდინაციას უწევს კრემლი, რათა [ტროლებმა] ჩაატარონ საინფორმაციო ოპერაციები კრემლის ოპონენტების საწინააღმდეგოდ.

რუსეთს რომ ტროლების ქარხანა აქვს და მას პუტინთან დაახლოებული პირები მართავენ, ეს სხვადასხვა ქევყნების სადაზვერვო სამსახურებმაც ბევრჯერ დააფიქსირეს. ე.წ ტროლების ქარხნის გავლენიანი პირები რამდენჯერმე მოხვდნენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ქვეშაც. ისინი კიბერ შეტევებს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და კრემლის სასარგებლო ნარატივს ავრცელებენ, როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ერევიან სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებშიც, რაც 2019 წელს მკაფიოდ გამოჩნდა ამერიკის მაგალითზე.

„რუსეთის მთავრობა ჩვენს არჩევნებში მასშტაბური და სისტემატური სახით ჩაერია“. ეს სიტყვები ყოფილმა საგანგებო გამომძიებელმა, რობერტ მალერმა 2019 წელს, კონგრესის სადაზვერვო და იურიდიულ კომიტეტებს, ჩვენების მიცემის დროს უთხრა. მაშინ მალერმა თქვა, რომ სოციალური მედიის გამოყენებით, რუსეთი ჩაერია ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ამას 2020 წლის არჩევნების დროსაც შეეცდებოდა. მალერი მართალი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელის გამო, ამერიკის მაშინ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სანქციებიც დაუწესა რუსეთს და კონგრესის ტრიბუნიდანაც გააფრთხილა, რომ მათ ქმედებებს შესაბამისი პასუხი მოჰყვებოდა.

თუმცა, ტროლები განაგრძობენ უჩინარ სამყაროში ბრძოლას. რატომ იყენებს რუსეთი ტროლებს, როდესაც ბრიტანული მედია BBC-ის მიხედვით, რუსეთის ტელევიზიების უმეტესობა სახელმწიფოს, ან კრემლთან დაახლოებული კომპანიების მიერაა მართული? ყველაზე პოპულარული გაზეთებიც ქვეყანაში პროკრემლისტურია. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მედიის დიდ ნაწილს აკონტროლებს, მათ სჭირდებათ საკუთარი ნარატივის გავრცელება როგორც ქვეყნის შიგნით სოციალურ ქსელებში, ისე ქვეყნის გარეთ. ამისთვის არსებობენ ტროლები და ბოტები.

„როგორც 2014 წელს ფინელმა ჟურნალისტმა, ჯესიკა არომ აღმოაჩინა, ტროლებს უხდის და კოორდინაციას უწევს კრემლი, რათა [ტროლებმა] ჩაატარონ საინფორმაციო ოპერაციები კრემლის ოპონენტების საწინააღმდეგოდ. ტროლების ყველაზე დიდი ქარხანა სანკტ-პეტერბურგში აღმოაჩინეს. გაირკვა ისიც, რომ ტროლებს თვეში 400 ევროს უხდიან და დღეში სიძულვილის გამომხატველი 135 კომენტარის დაწერა ევალებათ“,- ამბობს ადელა კლეჩკოვა, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჰიბრიდული ომის სპეციალისტი.

ადელა პირველია, ვინც ცენტრალურ ევროპაში წამოწყებული ონლაინ ელფების საქმიანობა შეისწავლა და რამდენიმე მათგანთან კომუნიკაციაც დაამყარა. ელფები, როგორც წესი, თავიანთ საქმიანობას ასაიდუმლოებენ და არავის ეუბნებიან, როგორ ატარებენ სინამდვილეში თავისუფალ დროს.

„არავის ვეუბნები, რომ ელფი ვარ და არც არასდროს ვსაუბრობ ელფებზე. თუ ვინმე შემეკითხება მათზე, ვპასუხობ, რომ გამიგია ელფების შესახებ და სულ ესაა“,- ეს ამონარიდია გასულ თვეს „ფრანს 24“-ში გამოქვეყნებული ინტერვიუდან, რომელიც ერთ-ერთმა ლიეტუველმა ელფმა მედია გამოცემას მისცა.

ელფმა ზედმეტსახელად „ქორი“ ჟურნალისტს უთხრა, რომ ისინი არ ამჟღავნებენ თავიანთი ელფური საქმიანობის შესახებ, ვინაიდან არ სურთ, რომ პირადი თავდასხმის და შეურაცხყოფის მხვერპლი გახნდნენ ტროლების მხრიდან.

ელფების მკვლევარი ადელა კლეჩკოვა ამბობს, რომ ელფების ნაწილი შიშობს, რომ თავიანთი საქმიანობის გამჟღავნების შემთხვევაში, ისინი თავდასხმის მსხერპლი გახდებიან არა მარტო ტროლების, არამედ თავიანთი დამსაქმებლების მხრიდანაც და „ისინი დაკარგავენ სამსახურებს“.

ჰიბრიდული ომების სპეციალისტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიერ მართულ ტროლებთან მებრძოლი ელფები უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში გრძნობდნენ თავს და ეს მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ. „ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, რომ ისინი, ვინც თავიანთ თავისუფალ დროს, სრულიად უსასყიდულოდ ჩვენ, ჩვენს დემოკრატიას და ცხოვრების სტილს იცავს რუსეთისგან, შიშში უნდა ცხოვრობდნენ“,- ამბობს კლეჩკოვა.

ფიზიკური სამყაროდან ციფრულ სამყაროში დაპირსპირების გადატანა, ალბათ ისეთივე ძველია, როგორც ტექნოლოგიები და ინტერნეტი. სფეროს ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ „კიბერ სივრცე კვლავ იქნება ბრძოლის წინა ხაზი“. ეს სიტყვები ნადია კოვალჩკოვას ეკუთვნის, უსაფრთხოების სწავლების ევროკავშირის ინსტიტუტის პროფესორს, რომელიც თვლის, რომ კიბერ უსაფრთხოება პირდაპირაა მიბმული რეალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებთან.

„არსებობს ფიზიკური საფრთხეები, რომლებსაც ახლა ჩვენ რეალურ სამყაროში ვხედავთ უკრაინაში, ასევე საქართველოში, ყაზახეთში და სამწუხაროდ, ევროპის მიღმაც. გარკვეულ მომენტში ფიზიკური და კიბერ/ინტერნეტ სივრცე იკვეთება და ეს ფიზიკურ საფრთხესა და უსაფრთხოებაზე ზეგავლენაში ითარგმნება“,- ამბობს კოვალჩიკოვა. ამიტომაც, სფეროს ექსპერტები ელფების საქმიანობას და ვირტუალურ სამყაროში კრემლის ტროლებთან ბრძოლას უკიდურესად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

კოვალჩიკოვა თვლის, რომ ელფებმა მეტად უნდა წერონ არა მხოლოდ იმ ენებზე, რომელი ქვეყნიდანაც მუშაობენ, არამედ საერთაშორისო ენებზეც, რათა მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა და მეტი ნდობა მოიპოვონ ინტერნეტ სივრცეში.

ამ ყველაფრის პარალელურად, უკრაინის საზღვართან სამხედრო სიტუაცია სულ უფრო მწვავდება. კიევში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ჩადიან და უკრაინელებს ადგილზე უცხადებენ სოლიდარობას. ნატოს წევრი და მოკავშირე ქვეყნები სხვადასხვა სახით ეხმარებიან უკრაინას. აღმოსავლეთ ევროპაში გაიზარდა ნატოს ჯარების, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვიც. პარალელურ, ციფრულ სამყაროში კი კრემლის წინააღმდეგ ომს აგრძელებენ ელფები, რომლებსაც სჯერათ, რომ რუს ტროლებზე ერთ დღესაც საბოლოოდ გაიმარჯვებენ.

XS
SM
MD
LG