ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რუსეთის ძალების უდიდესი გადაადგილება ცივი ომის შემდეგ“ - ნატო


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ბელარუსში რუსეთი დამატებით 30 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ისინი სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ განცხადებებზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს თქვა, რომ ბოლო დღეებში ბელარუსისკენ რუსეთის სამხედრო ძალების „ნიშანდობლივი გადაადგილება“ ხდება. ალიანსის მეთაურის განცხადებით, „ეს რუსეთის ძალების უდიდესი გადაადგილებაა ცივი ომის შემდეგ, და მოსალოდნელია 30 000-იანი საბრძოლო შემადგენლობა“. ნატო ასევე მოელის ბელარუსში ე.წ. სპეციალური დანიშნულების საგანგებო ძალების, „სუ-35“ საბრძოლო თვითმფრინავების, „ეს-400“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების და ბირთვული შესაძლებლობების მქონე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების გადაყვანას.

მოსკოვის და მინსკის ერთობლივი წვრთნის საბაბით, კრემლს უკრაინის საზღვრების გარშემო დამატებითი ჯარების მობილიზების მორიგი შანსი ეძლევა. ეს იმ ფონზე ხდება, როცა უკვე თვეზე მეტია, შეერთებული შტატები და ბრიტანეთი აცხადებენ, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთს ამ მომენტისთვის ქვეყნის საზღვრებთან 115 000 ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. თავად რუსეთი საჯაროდ არ ამბობს, თუ ჯარების რა რაოდენობას აგზავნის ბელარუსში და აცხადებს, რომ ბელარუსში დაგეგმილი წვრთნების მიზანია გარეშე აგრესიის მოგერიების რეპეტიცია და მისთვის სამზადისი. კრემლი მთელი ამ ხნის მანძილზე უკრაინაში შეჭრის გეგმებს დაბეჯითებით უარყოფს.

დღეს ბელარუსში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩავიდა. სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის გარდა, ის შეამოწმებს რუსეთის და ბელარუსის ძალების მზაობას.

შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უარყვეს რუსეთის მოთხოვნა, დაებლოკათ უკრაინა ალიანსში გაწევრიანების გზაზე და გაეყვანათ ნატოს ძალები და თავდაცვის სისტემები აღმოსავლეთ ევროპიდან. თუმცა, დასავლეთმა მზაობაც გამოთქვა განიარაღებისკენ მიმართული მოლაპარაკებების მიმართ.

სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის მთავარი შეშფოთებების იგნორირება გადაწყვიტა. მან შეერთებულ შტატებს პირიქით დასწამა ომში ჩათრევის მცდელობა, თუმცა იქვე ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი დიალოგისთვის მაინც მზად არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG