ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინა-რუსეთის საკითხს განიხილავს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო სპეციალურად მოწვეულ სხდომაზე უკრაინა-რუსეთის საკითხს განიხილავს. ამ სესიის ჩატარება ამერიკულმა მხარემ მოითხოვა და მისი მიზანი "რუსეთის მიერ რეგიონში 100 000-მდე ჯარისკაცის მობილიზების და უკრაინისადმი მიმართული დესტაბილიზაციის გამომწვევი სხვა ქმედებების" განხილვაა.

ამერიკის ელჩი გაეროში ლინდა თომას-გრინფილდი ამბობს, რომ საბჭოს სხდომაზე ერთობლივად შეეცდებიან რუსეთისგან მოითხოვონ პასუხები ამ შეიარაღებული ძალების მობილიზების მიზეზების თაობაზე.

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრიდან ერთ-ერთია და მას სხვა წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებაც შეუძლია. გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილე დმიტრი პოლიანსკი ამბობს, რომ ეს სხდომა მხოლოდ საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და პიარისთვის გამართული შეხვედრაა.

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესდება, თუკი ის კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, ამასთან დასავლეთი გამორიცხავს, რომ რუსეთის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს და ნატომ აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარები გამოიყვანოს და უკრაინას წევრობაზე უარი უთხრას.

რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა. კრემლი აცხადებს, რუმ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა კი თქვა, რომ ნატოსა და ეუთოს კიდევ ერთხელ მიმართავს განმარტების მოთხოვნით, როგორ უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების კუთხით აღებული ვალდებულებები - როგორ აპირებენ ისინი საკუთარი უსაფრთხოების ისე გაზრდას, რომ სხვების უსაფრთხოება არ დააზარალონ.

ნატომ წევრ სახელმწიფოებში სამხედრო მზადყოფნა გააძლიერა, თუმცა კვირას გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნა არ იგეგმება.

XS
SM
MD
LG