ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის და გერმანიის ლიდერები უკრაინა-რუსეთის კრიზისზე ისაუბრებენ


რუსი ჯარისკაცები კემეროვოს რეგიონში (რუსეთი) სამხედრო წვრთნას გადიან - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფოტო. 2 თებერვალი, 2022 წ.
რუსი ჯარისკაცები კემეროვოს რეგიონში (რუსეთი) სამხედრო წვრთნას გადიან - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფოტო. 2 თებერვალი, 2022 წ.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეერთებულ შტატებში ჩამოდის. ვაშინგტონში მომავალი კვირის დასაწყისში დაგეგმილ შეხვედრაზე, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის ლიდერი უკრაინა-რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობაზე ისაუბრებენ. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციის და ქვეყანაში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით, ამერიკა გერმანიასთან მჭიდრო კონსულტაციებს ატარებს. ორივე ქვეყანა საფრანგეთთან და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან ერთად, თანხმდება იმაზე, რომ უკრაინაში შემდგომი შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მკაცრი სანქციები უნდა დაეკისროს. თავად რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს დაბეჯითებით უარყოფს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთს ამ მომენტისთვის ქვეყნის საზღვრებთან 115 000 ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. ნატოს ინფორმაციით, უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ბელარუსში რუსეთი დამატებით 30 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამას გარდა, იქ იგზავნება სპეციალური დანიშნულების საგანგებო ძალების, „სუ-35“ საბრძოლო თვითმფრინავები, „ეს-400“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ბირთვული შესაძლებლობების მქონე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები.

ბაიდენის და შოლცის შეხვედრა ორშაბათს იგეგმება. პარალელურად, რუსეთში და შემდეგ უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩადის. 7 თებერვალს ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ხოლო 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

გერმანული მედიის ცნობით, უკრაინაში ვიზიტს 14-15 თებერვლისთვის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც გეგმავს. ის შემდეგ რუსეთში გაემგზავრება. აღნიშნული ვიზიტების მიზანია რუსეთს და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის მოლაპარაკების გზით თავიდან აცილება.

XS
SM
MD
LG