ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბოინგი" პენტაგონს სთავაზობს, კიევს 160.9 კილომეტრის რადიუსის რაკეტები გაუგზავნონ


სამხედრო წვრთნა "ჰაიმარსის" ტიპის სარაკეტო სისტემებით. ლატვია, 26 სექტემბერი, 2022 წ.
სამხედრო წვრთნა "ჰაიმარსის" ტიპის სარაკეტო სისტემებით. ლატვია, 26 სექტემბერი, 2022 წ.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, უკრაინის დახმარების მიზნით, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი კომპანია "ბოინგის" წინადადებას განიხილავს. კომპანია პენტაგონს სთავაზობს, უკრაინაში გააგზავნონ შედარებით იაფად ღირებული, ნაკლები სიზუსტის მქონე, დაახლოებით, 160.9 კმ. რადიუსის რაკეტები.

ამ ტიპის სარაკეტო სისტემები (GLSDB) კიევს საშუალებას მისცემს რუსეთის ფრონტის ხაზებს მიღმა, გაცილებით შორს მიიტანონ იერიშები. ინფორმაციას "როიტერი" კომპანია "ბოინგის" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ანონიმურობას ინარჩუნებენ.

ევროპის კონტინენტზე მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების შეიარაღების მარაგი მცირდება. რაც უფრო ჭიანურდება ომი, უკრაინა გაცილებით უფრო მოწინავე შეიარაღების მზარდი მოთხოვნის რეალობის წინაშეა - წერს "როიტერი". ასეთ დროს "ბოინგის" შეთავაზება შესაძლოა კარგი გამოსავალი იყოს.

"ბოინგის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ GLSDB-ის შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება 2023 წლის გაზაფხულზე შეეძლებათ. საუბარია კომბინირებულ იარაღზე, რომელიც აერთიანებს GBU-39 მცირე დიამეტრის ბომბს (SDB) და M26 რაკეტის ძრავს, რომელიც ამერიკის შეიარაღებული ძალების მარაგშია.

ამას გარდა, დაგ ბუშმა, შეერთებული შტატების არმიის შეიარაღების შესყიდვების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პენტაგონი განიხილავს 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების დაჩქარებულ წარმოებას. აღნიშნული ტიპის იარაღის დამზადება დღეს მხოლოდ ამერიკის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ ქარხნებში ხდება. დაჩქარებული წარმოების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პენტაგონი ჭურვების წარმოების უფლებას თავდაცვის კონტრაქტორ კომპანიებსაც მისცემს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ამერიკული წარმოების შეიარაღებაზე მოთხოვნა გაზარდა, ამბობს დაგ ბუში. უკრაინის მომარაგების მიზნით, აშშ-ის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებისგან "ბევრი დაკვეთა" მოდის - აცხადებს აშშ-ის არმიის შეიარაღების შესყიდვების ხელმძღვანელი.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" მიერ მოპოვებულ ამ ექსკლუზიურ ინფორმაციაზე კომენტარს "ბოინგი" არ აკეთებს. კომპანიის პრესსპიკერმა, ტიმ გორმანმა უარი თქვა ოფიციალურ განცხადებაზე, უკრაინისთვის რომელიმე "სფეციფიკური შესაძლებლობების" იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. თუმცა, მან ზოგადი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მის მოკავშირეებთან ერთად, "ეძებენ და განიხილავენ ყველაზე შესაფერის სისტემებს" კიევის დასახმარებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG