უკრაინა უკვე თითქმის 7 თვეა დასავლეთისგან ამერიკისა და ნატოს სტანდარტების შესაბამის იარაღს იღებს. მთავარი მიმწოდებლები ამერიკა და დიდი ბრიტანეთი არიან. პენტაგონი კიევს მოწინავე შეიარაღებას მარაგებიდან აწვდის, რომლებიც შემდეგ მწარმოებლებისგან მიწოდებული იარაღით ივსება.
სულ ბოლოს უკრაინამ ამერიკისგან „ნასამსები“ (NASAMS) მიიღო, საჰაერო თავდაცვითი კომპლექსი, რომელიც ამერიკისა და ნორვეგიის ერთობლივი პროექტია.
„მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ ბაიდენს ამ დახმარებისთვის“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შემდეგ, რაც უკრაინაში „ნასამსები“ ჩავიდა. ეს არის საშუალო რადიუსის ანტისაჰაერო სისტემა. ამავე სისტემებით ვაშინგტონში თეთრი სახლის პერიმეტრია დაცული.
"ეს თავდაცვის საშუალება უაღრესად ეფექტურია, რადგან ის გამოიყენება თეთრი სახლის დასაცავად. ეს არის საშუალო დისტანციაზე მოქმედი მიწა-ჰაერის ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსი. ის შედგება ერთი რადარისგან, ერთი ცეცხლის გამანაწილებელი ცენტრისგან და 12 გამშვებისგან. თითო გამშვებში 6 რაკეტა არის განთავსებული", - უთხრა "ამერიკის ხმას" სამხედრო ანალიტიკოსმა სანდრო წერეთელმა.
უკრაინამ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან 15 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო შეიარაღება უკვე მიიღო. დამატებით იგეგმება 11 მილიარდზე მეტი დახმარების გამოყოფაც.
პარალელურად კი ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი მარაგების შევსებაზე მუშაობს. ამ მიზნით პენტაგონი კონგრესმენებთან ერთად განიხილავს ბიუჯეტის დეტალებს და იარაღის მწარმოებლებთან ახალ კონტრაქტებს აფორმებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს დროული ნაბიჯია, რადგან რეზერვების შევსება დროულად უნდა მოხდეს.
„ამერიკა უკრაინაში გზავნის დიდი რაოდენობით სამხედრო შეიარაღებას, რათა დაეხმაროს პარტნიორ უკრაინას მოიგერიოს რუსეთის აგრესია. უკრაინაში ომის პარალელურად, ჩვენი თავდაცვის წარმოების გაძლიერება და გაზრდა აუცილებელია“, - ამბობს სინტია კუკი, თავდაცვისა და ინდუსტრიული ინიციატივების ჯგუფის დირექტორი.
ექსპერტების შეფასებით, ძირითადად იმ იარაღის წარმოება უნდა გაიზარდოს რომელიც უკრაინაში იგზავნება, მათ შორის, ჯაველინების და ჰაიმარსების. სტრატეგიული კვლევების ცენტრის ინფორმაციით, ამერიკაში ამ დროისთვის წლიურად 1000 ცალი ჯაველინის წარმოება ხდება. ამ და სხვა იარაღს, რომელსაც უკრაინა ამერიკისგან იღებს და წარმატებით იყენებს ფრონტის წინა ხაზზე, ძირითადად „ლოკჰიდ მარტინი“ აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამოწვევების მიუხედავად წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ჩვენს სფეროში დღეს ვერავინ იტყვის რომ ყველაფერი კარგად არის. ბევრი გამოწვევაა მსოფლიოში, რაც მათან გასამკლავებლად სწრაფი მოქმედებისკენ გვიბიძგებს. დღეს არ გვაქვს ფუფუნება ვიფიქროთ, რას გავაკეთებთ 5 წლის შემდეგ, ახლა ყველა ერთად ვუმკლავდებით არსებულ გამოწვევებს. ეს უნიკალური ვითარებაა“, - ამბობს ფრენკ ჯონი.
იარაღის მწარმოებლებს სამი ძირითადი გამოწვევა აქვთ - პანდემია, მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები და რუსეთის ომი უკრაინაში. კომპანია "ჯენერალ დაინამიქსის" სახმელეთო სისტემების ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რომ იარაღის მწარმოებლები ერთად ცდილობდნენ გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ინფორმაცია, ერთი თვით ან შედარებით უფრო ადრე ვრცელდებოდა. ყველას ჰქონდა გათვლა, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა ემოქმედა, აქ მთავარი პრობლემა პანდემია იყო, რომელმაც მსოფლიოში წარმოება შეაჩერა. ჩვენ მიწოდებაში პრობლემა არ გვაქვს და პროცესი გრძელდება. პარტნიორებთან ერთად გამოწვევებს ვუმკლავდებით. ჩვენს კომპანიას წინმსწრებად აქვს შეძენილი საჭირო სისტემები და ნაწილები“, - ამბობს გორდონ სტეინი "ჯენერალ დაინამიქსის" სახმელეთო სისტემების ვიცე-პრეზიდენტი.
უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახამრებას უწყვეტად იღებს. იცვლება საჭიროებებიც. თუ ომის პირველ ფაზაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ამერიკულმა ჯაველინებმა, რაც რუსული ჯავშანტექნიკისთვის თავისტკივილი აღმოჩნდა, მეორე ფაზაში გადამწყვეტ როლს "ჰაიმარსები" თამაშრობს. არსებული ინფორმაციით, უკრაინამ ამერიკისგან სულ 16 ცალი ჰაიმარსი მიიღო. რუსეთი, თავის მხრივ ირწმუნება, რომ 20-ზე მეტი გაანადგურა. სპეციალისტები დასავლეთში ამბობენ, რომ ეს სიცრუეა და რუსეთმა არა "ჰაიმარსები", არამედ სატყუარები გაანადგურა - რკინის კონსტრუქციები, რომლებიც კვალის ასარევად თავად უკრაინელებმა შექმნეს და სხვადასხვა ადგილზე განათავსეს.
ბაიდენის ადმინისტრაცია და ამერიკელი კანონმდებლები თანხმდებიან, რომ უკრაინისთვის მოწინავე იარაღის გაგზავნა უნდა გაგრძელდეს. ამის დასტურად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერა და გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, იმდენ ხანს რამდენ ხანსაც ამის საჭიროება იქნება“.
ახლა უკრაინა შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს ითხოვს. ვაშინგტონში მსჯელობენ გადაცემენ თუ არა კიევს ამ ტიპის იარაღს. მოსკოვი ამბობს, რომ ეს რუსეთისთვის წითელი ხაზი იქნება.
Facebook Forum