იტალიის ოპოზიციური პარტიის ლიდერები კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარ მარცხს ერთიანობის ნაკლებობას აბრალებენ და ამბობენ, რომ ამომრჩეველმა პოპულიზმის გზა აირჩია. არჩევნებში ჯიორჯია მელონის ლიდერობით მემარჯვენე ბლოკმა მნიშვნელოვანი განსხვავებით მოიპოვა გამარჯვება.
თითქმის საბოლოო შედეგების თანახმად, კონსერვატიულმა ალიანსმა, რომელიც მელონის "იტალიის ძმებს", მატეო სალვინის "ლიგასა" და სილვიო ბერლუსკონის "ფორცა იტალიას" აერთიანებს, პარლამენტში საგულისხმო უმრავლესობა მოიპოვა.
ცენტრისტულ-მემარცხენე და მემარცხენე პარტიებმა ერთობლივად მემარჯვენეებზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობა უფრო ხელსაყრელია მათთვის, ვინც არჩევნებში ფართო კოალიციით მონაწილეობს და მანდატების ნაწილს ისინი [მემარჯვენეები] სწორედ ამ პრინციპით მიიღებენ.
ჯიორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება. იტალიის პოლიტიკაში შედარებით ახალი პირის მიერ 2019 წელს მხარდამჭერებისადმი წარმოთქმული მიმართვა, სავარაუდოდ, დიდწილად განაპირობებს კიდეც ნაციონალისტი ლიდერის მმართველობასა და მიდგომებს.
"მე ვარ ჯიორჯია, მე ვარ ქალი, ვარ დედა, იტალიელი, ქრისტიანი და ამას ვერავინ წამრთმევს", - ასე წარდგა ის მხარდამჭერების წინაშე. სამი წლის შემდეგ კი მისი ლიდერობით მოქმედმა გაერთიანებამ ამომრჩეველთა თითქმის 26 % მოიპოვა, რაც მას პარლამენტის ორივე პალატასში უმრავლესობას მისცემს. 2018 წლის არჩევნებზე ამ გუნდმა ამომრჩეველთა მხოლოდ 4.3 % -ის მხარდაჭერა მიიღო. ამავე დროს გრძელდებოდა "იტალიის ძმების" ტრანსფორმაცია და პოსტ-ფაშისტური პერიოდის ჩრდილიდან გამოსვლაც. მელონი გაემიჯნა ნაცისტურ სენტიმენტებს და თქვა, რომ მის პარტიას ნოსტალგიური განწყობები არ აქვს.
მელონი და მისი გუნდი საკუთარ მიდგომებს ამერიკის რესპუბლიკურ და ბრიტანეთის კონსერვატორთა პარტიას ადარებენ. მელონი ამბობს, რომ მისი პოლიტიკა მკაფიოდ პრო-დასავლური იქნება, გაძლიერდება თავდაცვის დაფინანსება და მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთსა და ჩინეთს. მისი თქმით, ირალია ისტორიის გამოწვევებს "სპაგეტითა და მანდოლინებით" აღარ შეხვდება.