ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლუსკონიმ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გაამართლა, შემდეგ კი "მიუღებელი" უწოდა


"რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრისკენ უბიძგეს და მას კიევში [ხელისუფლებაში] ღირსეული ხალხის დანიშვნა სურდა", - ამბობს იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი.

იტალიელი ლიდერი, რომლის პარტიაც "ფორცა იტალია" იმ მემარჯვენე კოალიციის ნაწილია, რომელიც სავარაუდოდ კვირას დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს, ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობარია. თუმცა მისი კომენტარები დასავლელ ლიდერებს, სავარაუდოდ, შეაშფოთებთ.

ბერლუსკონი ამბობს, რომ პუტინს "რუსმა ხალხმა, მისმა პარტიამ, მისმა მინისტრებმა" უბიძგეს იმისკენ, რომ ეს "სპეციალური ოპერაცია" დაეწყო და კიევში "ღირსეული მთავრობა" შეექმნა. "მე ისიც კი არ მესმის, რატომ არიან რუსი ჯარისკაცები უკრაინის მასშტაბით განფენილნი, როცა ჩემი აღქმით, ისინი მხოლოდ კიევის ირგვლივ უნდა განლაგებულიყვნენ", - ამბობს 85 წლის პოლიტიკოსი, რომელმაც ვლადიმირ პუტინს ერთხელ თავისი "უმცროსი ძმაც" კი უწოდა. ბერლუსკონიმ ეს განცხადებები საზოგადოებრივი მაუწყებლის, "RAI"-ის ეთერში გააკეთა და რუსეთის მსგავსად უკრაინაში მიმდინარე ომს "სპეციალური ოპერაცია" უწოდა. მისი თქმით, რუსეთის გეგმა კიევის ერთ კვირაში აღება და მომდევნო კვირას რუსეთის ძალების მიერ უკვე ქვეყნის დატოვება იყო.

უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი 7 თვეა გრძელდება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი სამხედროები ჯერ კიევის შემოგარენიდან განდევნა, ახლა კი მათ სამხრეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში უტევს. გათავისუფლებულია არაერთი ტერიტორია, რომლის ხელში ჩაგდებმაც რუსეთის ძალებმა ომის პირველ თვეებში მოახერხა. ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მას დონბასის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვა სურს. ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ბერლუსკონი ამტკიცებდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება პრო-რუსი სეპარატისტების თხოვნის შედეგი იყო, რომლებიც მისი თქმით, პუტინს დაცვას სთხოვდნენ და "ეუბნებოდნენ, რომ თუკი ჩვენ თქვენ არ დაგვიცავთ, არ ვიცით სად აღმოვჩნდებით".

ოპონენტების მხრიდან ძლიერი კრიტიკისა და დაგმობის პასუხად, ბერლუსკონიმ პარასკევს განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მისი განცხადებები "გამარტივებულად" იყო აღქმული. "უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გაუმართლებელი და მიუღებელია. "ფორცა იტალიას" პოზიცია ნათელია. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ევროკავშირისა და ნატოს გვერდით", - ამბობს ის ამ განცხადებაში.

იტალია პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის პირობებში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მკაცრ სანქციებს მხარს უჭერდა. ულტრა მემარკვენე პარტიის "იტალიის ძმების" ლიდერი ჯიორჯია მელონი, რომელიც არჩევნების შემდეგ პრემიერის კანდიდატად მოიაზრება, პირობას დებს, რომ ის ამ პოზიციას შეინარჩუნებს და გააგრძელებს. თუმცა მისი მემარჯვენე მოკავშირეები, ბერლუსკონი და მატეო სალვინი ("ლიგის" ლიდერი) უფრო ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ. საზოგადოებრივი აზრის კვლევის სპეციალისტები "როიტერთან" ინტერვიუებში ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა დიდ ნაწილზე ვერ იმოქმედებს, რადგან მათ ამ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკა ნაკლებ აინტერესებთ.

XS
SM
MD
LG