ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის შეეხება ახალი სანქციები? 


კრემლის ნაბიჯს, მოეხდინა უკრაინული რეგიონების ანექსია, ვაშინგტონის მწვავე რეაქცია და ახალი სანქციები მოჰყვა.

"ჩვენ არ შევეგუებით პუტინის მიერ მიწების თაღლითურად მიტაცებას", - თქვა ამერიკის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელინმა და ახალი სანქციები გამოაქვეყნა.

ახალი სანქციები 900-ზე მეტ ადამიანს ეხება, როგორც რუსეთში, ასევე ბელარუსში.

სანქციები დაუწესდათ: რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ ელვირა ნაბიულინას, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ოჯახის წევრებს, რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკს, პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის ოჯახის წევრებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, სანქციები მოიცავს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 109 წევრს და ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს 169 წევრს.

"პასუხისგებაში მივცემთ ნებისმიერ ინდივიდს, სუბიექტს ან ქვეყანას, რომელიც პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის უკანონო მცდელობებს შეცვალოს უკრაინის ტერიტორიის სტატუსი,"- ასე გამოეხმაურა კრემლის ქმედებას ენტონი ბლინკენი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

სწორედ ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა ახალ სანქცირებულ პირთა სია. სანქციების შესახებ კი პირველი განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.

„რუსეთის სიყალბის საპასუხოდ, შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დღეს ახალ სანქციებს აცხადებენ. ეს სანქციები ეხება იმ ინდივიდებსა და სუბიექტებს, როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ უკრაინის ტერიტორიების სტატუსის შეცვლის უკანონო მცდელობებს,“- წერია განცხადებაში.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აქვე ამბობს, რომ ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება, გაგრძელდება სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებაც. აქვე, პრეზიდენტი ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის კონგრესი დაამტკიცებს დამატებით 12 მილიარდ დოლარს უკრაინის მხარდასაჭერად.

უკრაინული ტერიტორიების ანექსიას ბაიდენის ადმინისტრაცია სიყალბედ აფასებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ეს ქმედება „საერთაშორისო კანონებს და გაეროს წესდებას არღვევს და გამოხატავს ზიზღს მშვიდობიანი ერების მიმართ“.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა, უჭერს და დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„არ შეგეშალოთ, ამ ნაბიჯს არ აქვს ლეგიტიმაცია“ წერია განცხადებაში. თეთრი სახლი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და მოუწოდებს, ქვეყნებმა უარი თქვან, „რუსეთის ანექსიის უკანონო ნაბიჯზე და მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს".

მანამდე, ვლადიმირ პუტინმა ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსირებას ხელი მოაწერა. საუბარია, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებზე, რომელიც დღეს მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა.

პარალელურად კი მოსკოვი ამბობს, რომ თუ რომელიმე მათგანზე თავდასხმა მოხდება, ეს იქნება თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი „მათ არ უღალატებს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG