ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ის რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს არის ტერორისტული აქტები" - მაკფოლი


მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, შემდეგ კი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთი ასი ათასობით ადამიანმა დატოვა. რამდენი რუსი წავიდა ქვეყნიდან ამის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, საშუალოდ საუბარია 200 000-ზე მეტ ადამიანზე.

დასავლეთში უკვე კვირებია მსჯელობენ როგორი პოლიტიკა ჰქონდეთ რუსეთის მოქალაქეების მიმართ, მიიღონ ისინი, გააძვირონ ვიზის გადასახადი თუ საერთოდ არ შეუშვან რუსები ქვეყანაში. მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე არც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელს მაიკლ მაკფოლს აქვს.

„რუსებს არ აქვთ უფლება იტალიური წვეულება მოიწყონ, ეს პრივილეგიაა“.

მისი აზრით, გადაწყვეტილება ინდივიდუალურად ქვეყნებმა თავად უნდა მიიღონ, ამბობს, რომ გაქცეული რუსების მიღების „ვალდებულება“ არავის აქვს და არც ის იქნება სწორი ნაბიჯი, რომ ყველა რუსისთვის კარი ჩაიკეტოს, ან მითუმეტეს, ყველა რუსს მკაცრი სანქციები დაუწესდეს.

„მე არ მგონია, რომ ყველა რუსის მიმართ უხეში სანქციები უნდა დაწესდეს, რადგან ვიცი, რომ ყველა რუსი მხარს არ უჭერს პუტინის ომს. მე მყავს მეგობრები, რომლებიც ახლა ციხეში არიან და ვიცი, რომ არ უჭერენ პუტინის ომს მხარს....ბატონი იაშინი, კარამურზა, ბატონი ნავალნი - ერთ დღესაც გამოვლენ ციხიდან და გადაწყვეტენ ევროპაში წასვლას, თუმცა ისინი ვერ შეძლებენ ამას, რადგან რუსები არიან. ეს აბსურდულად მეჩვენება,“- ამბობს მაკფოლი.

გამოცდილი დიპლომატი მაკფოლი ფიქრობს, რომ ქვეყნებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რადგან ასი ათასობით რუს დევნილს შორის აგენტებიც არიან.

„აბსურდულია ყველა ქვეყანამ აიღოს ტვირთი და მიიღოს ათიათასობით რუსი, რომლებიც არ ვიცით მხარს უჭერენ თუ არა რუსეთის ომს. სხვათა შორის, ამ რუსებიდან ნაწილი რა თქმა უნდა დაზვერვის აგენტი იქნება. მოდი ვიყოთ გულახდილები, კარგად ვიცნობთ პუტინის დაზვერვის სამსახურს. ეჭვი არ მეპარება ზოგიერთი მათგანი (რუსეთიდან წასული) იქნება დაზვერვის ოფიცერი,“- ამბობს მაკფოლი.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი დიპლომატი „ამერიკის ხმის“ რუსულ სერვისთან საუბრის დროს ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყნებმა რუს დევნილებს საზღვარზე სპეციალური ფორმები შეავსებინონ და უკრაინის რეკონსტრუქციისთვის თანხა გადაახდევინონ.

„გამოსავალი არის ორი რამ, ერთი ყველა რუსეთიდან წასულმა მოქალაქემ, როცა ისინი ჩავლენ ყაზახეთში, საქართველოში ან სადმე სხვაგან, თქვან, რომ მე არ ვუჭერ მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მე არ ვუჭერ მხარს ვლადიმირ პუტინის ომს უკრაინაში. ასევე ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი, რასაც მე [უკრაინის] რეკონსტრუქციის გადასახადს ვუწოდებ. იქნება ეს 100 ევრო ან რამდენიც გინდა, მაგრამ რაიმე სახის დამატებითი გადასახადი მათ ვიზაზე. ეს იქნება სარწმუნო ჩვენება, რომ მხარს უჭერენ უკრაინულ მხარეს ამ ომში,“_ ამბობს მაკფოლი.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ თუ რუსეთისთვის ქვეყნები საზღვარს ჩაკეტავენ, ეს არ არის საერთაშორისო წესების დარღვევა.

„არავის აქვს უფლება ეწვიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს არგუმენტი ლავროვს გავაცანი, როცა მაგნიცკის აქტი მივიღეთ. მან (ლავროვმა) თქვა, რომ ეს არღვევს ადამიანის უფლებებს. მე ვუთხარი, ბატონო ლავროვ თქვენი მოქალაქეები ამერიკის მოქალაქეები არ არიან, მათი უფლება არ არის დისნეილენდის მონახულება, ეს პრივილეგიაა,“ - ამბობს მაიკლ მაკფოლი

რუსი დევნილები - მაკფოლი შესაძლო გამოსავალზე საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:43 0:00

„ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს მაკფოლი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას მექანიზმი, რომლებიც სანქცირებულ პირებს საშუალებას მისცემს მოიხსნას შეზღუდვები.

დიპლომატის თქმით, ამ მექანიზმის მიღების შემთხვევაში ადამიანებს ექნებათ საშუალება გაემიჯნონ პუტინის ომს და ასევე გადაიხადონ გარკვეული გადასახადი, რომელიც უკრაინას მოხმარდება.

„სანქციების დინამიკა არ მომწონს“

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელი „ამერიკის ხმის“ რუსულ სერვისთან საუბრის დროს ამბობს, რომ ის უკმაყოფილოა დასავლეთში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. მეტიც, ფიქრობს, რომ დასავლეთი უფრო მკაცრი უნდა იყოს კრემლის ქმედებების საელ

პასუხოდ. მაკფოლი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში „ტერორისტულ აქტებს აწყობს“

„არ მომწონს სანქციების მიმდინარეობის დინამიკა, რამდენიმე ადამიანი [სანქცირებული] აქეთ, რამდენიმე ადამიანი იქით. ეს მაშინ, როცა მე ვხედავ, რომ პუტინი ახდენს ანექსიას და რა თქმა უნდა, მხოლოდ ქაღალდზე არა, არამედ რეალობაში, პორტუგალიის ზომის ტერიტორიის, ეს აღმაშფოთებელია. ასე რომ, ჩვენ ამაზე უნდა გვქონდეს პასუხი, პასუხი მის აღმაშფოთებელ ქცევაზე და არა დამატებითი პასუხი,“-ამბობს ის.

გამოცდილ დიპლომატს სჯერა, რომ ამერიკამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად უნდა გამოაცხადოს. მისი აზრით, ეს სრულად იქნება შესაბამისი რუსეთის ქცევასთან.

"რუსები ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას,"_ მაკფოლი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:27 0:00

„ის ქმედებები რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს არის ტერორისტული აქტები. ისინი ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას. მე არ ვარ იურისტი, მაგრამ ვეცნობი მათ. ძნელია ნორმატიულად ითქვას, რომ ის, რასაც რუსეთის აკეთებს უკრაინაში არ არის ტერორიზმი“,- ამბობს მაკფოლი.

დიპლომატი განმარტავს, რომ თეთრი სახლის არგუმენტები, რატომ არ უნდა გამოცხადდეს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ესმის, თუმცა მისი პოზიციაა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდება.

„მე მყავს კოლეგები, რომლებიც მუშაობენ თეთრ სახლში. მესმის მათი შეშფოთება, რასაც ფიქრობენ. მესმის ეს ნაბიჯი იქნება რთული, რადგან თუ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყანად იქნება გამოცხადებული, გარკვეული თანამშრომლობა ვერ იქნება შესაძლებელი. თუმცა კანონი პრეზიდენტს აძლევს უფლებას გააკეთოს გარკვეული შესწორებები გამონაკლისის კუთხით. ასე რომ, ეს სიმართლე არ არის. შეგახსენებთ, რომ ირანი ამ სიაშია და მაინც გვაქვს ირანთან მოლაპარაკებები. ამ სტატუსს ხელი არ შეუშლია, დავმსხდარიყავით მათთან ერთად და გვემსჯელა მნიშვნელოვან საკითხებზე,“- ამბობს მაკფოლი.

ახალი სანქციები

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფმა ცოტა ხნის წინ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც რუს პროპაგანდისტებს ეხება. ჯგუფი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს გაზარდონ სანქცირებულთა წრე.

„დოკუმენტი, რომელიც ჩვენ სულ ახლახანს გამოვაქვეყნეთ, უფრო მეტად ეხება პროპაგანდისტებს. პროპაგანდისტები მხოლოდ ის ადამიანები არ არიან, რომლებიც ტელევიზორში ჩანან და უჭერენ მხარს ომს, ესენი შეიძლება იყვნენ სხვადასხვა, რბილი ძალის წარმომადგენლები. ისინი ირიბად უჭერენ მხარს პუტინის რეჟიმს და პუტინის ომს. ჩვენ გვჯერა, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ამ ადამიანებს. ისინი არ არიან უდანაშაულოები, ისინი ატარებენ კონცერტებს რუსი სამხედროების მხარდასაჭერად, მით უმეტეს, თუ ეს კონცერტები ანექსირებულ ტერიტორიაზე ტარდება, რუსეთის მიერ არალეგალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ ასეთი საქმიანობისთვის პასუხი უნდა აგონ,“- ამბობს მაკფოლი.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. ჯგუფი არ მუშაობს რომელიმე ქვეყნისთვის ან კონკრეტული მთავრობისთვის.

„ჩვენ კოორდინაციაში ვართ რუსეთთან და უკრაინის მთავრობასთან, ბატონ იერმაკთან. მაგრამ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ჯგუფი დამოუკიდებელია როგორც უკრაინის, ასევე შეერთებული შტატების მთავრობისგან. ჩვენ ვესაუბრებით ყველას, თუმცა დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ვართ, არცერთი ჩვენგანი არ მუშაობს არცერთი ქვეყნის მთავრობისთვის,“- ამბობს მაკფოლი.

მაიკლ მაკფოლის თქმით, ისინი გასცემენ რეკომენდაციებს, რომლებსაც შემდეგ სხვადასხვა მთავრობები იყენებენ იმისთვის, რომ დაასანქცირონ ესა თუ ის პირი ან პირთა წრე. ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, მათი რეკომენდაციების საფუძველზე კი დასავლურმა სახელმიწფოებმა ასობით ადამიანი დაასანქცირეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG