ბოლო დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით ინტენსიურად შეუტია. ეს ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე ძლიერი შეტევა იყო, რაც სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის მოახლოებას, 9 მაისს უკავშირდება. როგორც წესი, ამ დღესასწაულს მოსკოვი პომპეზურად აღნიშნავს.
კიევის მერიის მიერ 8 მაისს გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსებმა უკრაინის სამიზნეებზე იერიში 60 დრონთ მიიტანეს. მათ შორის 36 დედაქალაქი კიევისკენ გაუშვეს. შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში დრონის სამიზნეებს შორის სურსათის საწყობი იყო, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.
ე.წ. კამიკაძე-დრონები ირანშია დამზადებული. კიევში მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა დედაქალაქში აფეთქებების გამო 5 ადამიანი დაშავდა. 3 ადამიანი დაშავდა ოდესაშიც.
დრონებით მიტანილი იერიშების გარდა, გაძლიერდა რუსეთის იერიში ბახმუტზე. კიევში ფიქრობენ, რომ ეს მოსკოვის ბოლო მცდელობაა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღეზე ბახმუტის მოპოვება პრიზად მიართვან.
სამშაბათს, 9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმი იგეგმება. ამ დღეს პუტინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. რუსეთის პრეზიდენტი 1945 წელს, ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის ტრიუმფალურ გამარჯვებას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად ხშირად იყენებს.
ასევე ნახეთ: ბახმუტისთვის ბრძოლა კიდევ უფრო მწვავდებანაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე უკრაინისთვისაც მნიშვნელოვანი თარიღია. თუმცა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის ორშაბათს, 8 მაისს აღნიშნა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე დღესასწაულად და უქმედ 8 მაისი გამოცხადდა - იმავე დღეს, როცა მას დასავლელი მოკავშირეები აღნიშნავენ.
"ვიგონებთ რა მილიონობით უკრაინელის გმირობას ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენს ჯარისკაცებში დღეს იგივე გმირობას და ქმედებებს ვხედავთ" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ერისადმი მიმართვა კიევის ხედზე, მთის წვერიდან გააკეთა.
"სამწუხაროდ, ბოროტება ისევ მობრუნდა. როგორც მაშინ, ახლაც ბოროტება ჩვენს ქალაქებში და სოფლებში სწრაფად შემოიჭრა. როგორც მაშინ, ახლაც მან ჩვენი ხალხი დახოცა... და როგორც ის ძველი ბოროტება, თანამედროვე რუსეთის მიერ მობრუნებული ბოროტებაც დამარცხდება ზუსტად ისე, როგორც ეს ნაციზმის შემთხვევაში მოხდა" - აცხადებს ზელენსკი.
გამარჯვების დღის თარიღის შეცვლას კრემლის მხრიდან რეაგირება მაშინვე მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ზელენსკის "მოღალატე" და "21-ე საუკუნის იუდა" უწოდა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით უღალატა იმ უკრაინელთა ხსოვნას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტებს ებრძოდნენ.
მეორე მსოფლიო ომში უკრაინელი ჯარისკაცები ნაციზმის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იბრძოდნენ. ერთ სულ მოსახლეზე უკრაინამ უფრო მეტი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე რუსეთმა.
ასევე ნახეთ: უკრაინა ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს