ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელნსკიმ, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების წლისთავი აღნიშნა. ზელენსკი აცხადებს, რომ ორშაბათს ამ დღის აღსანიშნავ ოფიციალურ თარიღად 8 მაისს დააწესებს. დასავლეთის ქვეყნები, გამარჯვების დღეს სწორედ 8 მაისს აღნიშნავენ.

ერისადმი მიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ „ძველი ბოროტება“ დაბრუნდა, ამჯერად „თანამედროვე რუსეთის“ მიერ. მისი თქმით, დღეს რუსეთს იგივე მიზანი აქვს, რაც ნაცისტებს ჰქონდათ - „დამონება და განადგურებa“, მაგრამ ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვი ამას ვერ მიაღწევს.

ზელენსკის თქმით, მან პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც გამარჯვებისა და ხსოვნის დღედ 8 მაისს ოფიციალურად აწესებს. 9 მაისს კი, როცა რუსეთი გამარჯვების დღეს აღნიშნავს, უკრაინა ევროპის დღეს იზეიმებს.

„ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენი სახელმწიფოს პატიოსან ისტორიას, იდეოლოგიური გავლენების გარეშე. მსოფლიო ქვეყნების უმეტესობას, ნაციზმზე გამარჯვების დღედ სწორედ 8 მაისი ახსოვს“ - ამბობს ზელენსკი „ტელეგრამის“ საშუალებით გავრცელებულ ვიდეოში.

„დღეს მე ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას და ხვალიდან, ყოველწლიურად, 9 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ ისტორიულ ერთობას - ყველა ევროპელის ერთობას, ვინც გაანადგურა ნაციზმი და დაამარცხა „რაშიზმი", ერთიანობას, რომელიც გვაახლოებს მშვიდობასთან“ - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთისთვის 9 მაისის აღნიშვნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული მოვლენაა - ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში, საბჭოთა კავშირის მიერ გაღებული უზარმაზარი მსხვერპლის გახსენება.

ნაცისტური გერმანიის უპირობო დანებება ძალაში 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე შევიდა. მოსკოვში მაშინ უკვე 9 მაისი იდგა. 1941-45 წლების ომს, რუსები სამამულო ომს უწოდებენ.

„დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინაში ბევრისთვის ეს [9 მაისი] წმინდა დღეა. იქ არიან ვეტერანები, რომლებიც დიდ სამამულო ომში მონაწილეობდნენ და მათი ახლობლები, ვისთვისაც ეს დღე ძვირფასია“ - ასე უპასუხა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, უკრაინის პრეზიდენტის გეგმების შესახებ დასმულ კითხვაზე.

9 მაისამდე, მოსკოვმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სხვა რეგიონებზე თავდასხმები გააძლიერა. პოლიტიკურ კომენტატორთა ნაწილი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან და არაპროვოცირებულ ომში რაიმე სახის გამარჯვების მოპოვება სურს, რომელიც დღესასწაულს დაემთხვევა.

ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპა ამას არ დაუშვებს. „დროა ერთად დავამარცხოთ ბოროტება იმისთვის, რომ არავინ აღარასდროს დაიმონოს სხვა ხალხები, ან გაანადგუროს სხვა ქვეყნები. ჩვენ ჯერ არ ვიცით ჩვენი გამარჯვების თარიღი, მაგრამ ვიცით, რომ ეს იქნება დღესასწაული მთელი უკრაინისთვის, მთელი ევროპისთვის, მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“ - განაცხადა ზელენსკიმ.

"დემოკრატიის არსენალი" - ლენდ-ლიზი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:26:54 0:00

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG