ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე "ვაგნერის" ჯგუფს შეუერთდა


ხუთშაბათს, რუსულმა ომის მომხრე არხებმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნეს ცნობა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი „ვაგნერის“ დაჯგუფებას მეთაურის მოადგილის სტატუსით შეუერთდა.

ომის კორესპონდენტ ალექსანდრ სიმონოვის მიერ „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ორ ვიდეოში, „ვაგნერის“ განმასხვავებელი ნიშნების მქონე საბრძოლო იარაღით აღჭურვილი მიზინცევი საწვრთნელ ბანაკში და ქალაქ ბახმუტთან რუსული პოზიციების დათვალიერებისას გამოჩნდა.

ეს ვიდეო დროში დაემთხვა „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინის მიერ ორი ვიდეო განცხადების გამოქვეყნებას, რომელშიც პრიგოჟინმა განაახლა თავდაცვის უწყების მიმართ ძველი ბრალდებები, რომ მათი წარმატებებისადმი შურის გამო, თავდაცვის უწყება „ვაგნერის“ ძალებს საბრძოლო მასალის დეფიციტით აშიმშილებდა.

იმ დროს, როდესაც პრიგოჟინი სამხედრო ოფიციოზს და მათ შორის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მუდმივად არაკომპეტენტურობაში სდებდა ბრალს, მან ზოგიერთი მეთაური შეაქო.

მიზინცევმა ომის პირველ თვეებში მარიუპოლის ალყის ორგანიზება მოახდინა და გასულ სექტემბერში, მხოლოდ ლოგისტიკის და მომარაგების დარგში თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა მიიღო.

„ვაგნერთან“ დაკავშირებულმა „ტელეგრამის“ არხმა, სახელად „გრეი ზონ“ დაწერა, რომ მიზინცევი „არც პირველი და აშკარად არც უკანასკნელი გენერალია, რომელიც ბიუროკრატიის და მლიქვნელობის ფონზე შესაბამის ადგილს არ იკავებდა.“

ევროკავშირმა მიზინცევს სანქციები ივნისში დაუწესა და ქალაქის ალყაში მისი როლის გამო „მარიუპოლის ყასაბს“ უწოდებს.

პრიგოჟინს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.

XS
SM
MD
LG