ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბახმუტისთვის ბრძოლა კიდევ უფრო მწვავდება


უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბახმუტში რუსების ჯარის დამატებითი შენაერთები ჩავიდა. რეგიონი ახლა ომის ყველაზე მწვავე წერტილია. რუსეთი კი სამხრეთ უკრაინაში საჰაერო იერიშებს აგრძელებს.

ბახმუტში, ბრძოლის ველზე უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის 60 იერიში მოიგერიეს, ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული შტაბების პრეს-სამსახური აცხადებს. პარასკევს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალაქის აღებას რუსები ახლა გაძლიერებულად და უფრო ინტენსიურად ცდილობენ.

ძლიერი შეტაკებებია ქალაქ მარიინკაშიც, ბახმუტთან ახლოს, რომლის აღებითაც შტაბების ცნობით, რუსეთის ძალები თავიანთი პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი ამბობს, რომ რუსეთის ძალები ბახმუტში დაწინაურებას 9 მაისამდე ცდილობენ, დღემდე, როცა რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას აღნიშნავს. მალიარი ამბობდა, რომ მოსკოვი ვაგნერის ძალებთან ერთად, მედესანტეებსაც იყენებს. თუმცა, ეს ერთგვარად ეწინააღმდეგება "ვაგნერის ჯგუფის" ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი მებრძოლები ქალაქ ბახმუტს დატოვებენ.

ევგენი პრიგოჟინმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ბახმუტიდან ძალების გაყვანით იმუქრება და სავარაუდო თარიღად 10 მაისს ასახელებს.

"ჩვენ ბახმუტი 9 მაისამდე უნდა აგვეღო, მაგრამ ფსევდო-ბიუროკრატებმა, რომლებმაც ამის შესახებ იცოდნენ, პრაქტიკულად გაგვიწყვიტეს საარტილერიოო ამუნიციის მოწოდება", - ამბობს პრიგოჟინი ვიდეოში.

პარალელურად, რუსეთი ქალაქ ხერსონის დაბომბვას აგრძელებს. რეგიონის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, შენობები, დაშავებული არიან მოქალაქეები. მძიმე საჰაერო იერიშები იყო ნიკოპოლზეც, დნიპროპეეტროვსკის რეგიონში. რეგიონული საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ საოკუპაციო ძალებმა ათი კერძო სახლი, სხვა შენობები, გაზისა და ელექტროენერგიის ქსელები გაანადგურეს.

რუსეთმა სამხრეთზე საჰაერო იერიშები ბოლო კვირის განმავლობაში გაააქტიურა. თავდასხმების უმთავრესი სამიზნე ოკუპაციისგან გათავისუფლებული ხერსონია, სადაც ამ კვირაში დაბომბვას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG