თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას პოზიტიურად უყურებს, თუმცა არ უჭერს მხარს შვედეთის გაწევრიანებას, განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა.
„ჩვენი პოზიცია ფინეთთან მიმართებით პოზიტიურია, მაგრამ არ არის პოზიტიური შვედეთთან დაკავშირებით“, - თქვა ერდოღანმა.
ანკარის პოზიცია ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ცვლილება კი შვედეთში, თურქეთის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება, სადაც ყურანის ასლი დაწვეს.
„ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მათ ნატოში გაწევრიანებას, სანამ ისინი ყურანის დაწვას დაუშვებენ“, - ამბობს ერდოღანი.
ასევე ნახეთ: ერდოღანი: თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერსფინეთმა და შვედეთმა ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების, ისტორიული გადაწყვეტილება გასულ წელს მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
თავდაპირველად თურქეთი მხარს არ უჭერდა ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას, თუმცა ნატოს მადრიდის სამიტზე, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
ასევე ნახეთ: თურქეთის წინააღმდეგობა გადალახულია, ფინეთსა და შვედეთს ნატოში მადრიდის სამიტზე მიიწვევენგარკვეული პირობების საფუძველზე მაშინ საზეიმო ცერემონიალზე ითქვა, რომ თურქეთი ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას დაუჭერდა მხარს. თუმცა დღეს ანკარა ამბობს, რომ შვედეთი მათ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას, ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, თუ თურქეთი პოზიციას არ შეიცვლის, შესაძლოა შვედეთი ალიანსს მიღმა აღმოჩნდეს.
Your browser doesn’t support HTML5
აღსანიშნავია, რომ ფინეთის მთავრობა წევრობის თაობაზე განაცხადის ცალკე განხილვას არ ემხრობა და ნატოში შვედეთთან ერთად გაწევრიანების გეგმის ერთგული რჩება. ორივე ქვეყანამ განაცხადი ალიანში ერთობლივად შეიტანა.
თურქეთთან ერთად შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენია უნგრეთსაც. ეს არის პროცესი, როცა წევრი სახელმწიფოები შიდა კანონმდებლობაში ცვლიან კონკრეტულ პუნტქებს, რათა ის იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შეუსაბამონ, რაც ბრიუსელში იყო მიღებული.