რუსეთი ამტკიცებს, რომ ბახმუტთან ახლოს მდებარე სოფელი ბლაჰოდანტი აიღო. აღმოსავლეთში რუსებსა და უკრაინელებს შორის მძიმე შეტაკებები გრძელდება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფოკუსი სწორედ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზეა მიპყრობილი.
ბლაჰოდანტი ბახმუტიდან ჩრდილოეთით 5 კილომეტრითაა დაშორებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის აღება საჰაერო ძალების ჩარევით მოხდა. სააგენტო "როიტერმა" ვერ შეძლო დამოუკიდებლად გადაემოწმებინა სიმართლეს შეესაბამება თუ არა რუსეთის გავრცელებული ინფორმაცია. აღნიშნული არ დაუდასტურებია კიევს.
ბლაჰოდანტის აღების შესახებ ინფორმაცია, შაბათს, ვაგნერის დაჯგუფებამ გაავრცელა. თუმცა, ოფიციალური კიევი ამბობდა, რომ მტრის ჯარი მოიგერიეს.
ბლაჰოდანტის გარდა, რუსეთი ამტკიცებს, რომ ბახმუტის ირგვლივ, კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე აქვს კონტროლი, სადაც რუსი სამხედროები და "ვაგნერის" დაჯგუფების წევრები უკვე რამდენიმე თვეა იბრძვიან.