ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენი აშშ-ის სასამართლოს წინაშე წარსდგება


კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენი ორშაბათს ამერიკული სასამართლოს წინაშე წარსდგება. მას ბრალად ედება მსხვილმასშტაბიან კრიმინალურ სქემაში მონაწილეობა, რომლის მეშვეობითაც მან ჰაკერული თავდასხმით მოპარული ინფორმაციის გამოყენებით მილიონობით დოლარის შემოსავალი მიიღო.

42 წლის ვლადისლავ კლიუშინი, 2021 წელს შევეიცარიაში დააპატიმრეს. იმ დროისთვის ის მოსკოვში რეგისტრირებული და რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტექნოლოგიის კომპანიის მფლობელი იყო.

პროკურორები ამბობენ, რომ კლიუშინის კომპანია "M-13" არა მხოლოდ პუტინის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა, არამედ მისი ერთ-ერთი თანამშრომელი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერიც იყო. რუსი ოფიცერი შეერთებული შტატების მთავრობის მიერ იძებნება მისი სავარაუდო როლის გამო ჰაკერულ სქემაში, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად იყო გამიზნული.

შვეიცარიიდან ექსტრადირების საქმეზე სასამართლო მოსმენაზე კლიუშინის ადვოკატმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო დევნის ნამდვილი მიზეზი რუსეთის მთავრობასთან კავშირები და აშშ-ის და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ ადრე მისი რეკრუტირების ჩავარდნილი მცდელობა იყო.

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ კლიუშინის თანამშრომელი ჰაკერი ივან ერმაკოვი, კლიუშინს დაეხმარა შეეღწია ორი ფირმის ქსელებში, რომლებიც საჯარო ბაზარზე მოქმედ კომპანიებს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლებისთვის ანგარიშების მომზადებაში ეხმარებოდნენ. ჰაკერმა ჯერ კიდევ არ გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშები ჩამოტვირთა.

მოგების შესახებ ამ მოპარული ანგარიშების გამოყენებით, კლიუშინი, ერმაკოვი და სხვები 2018-2020 წლებში შეთანხმდნენ სხვადასხვა კომპანიის აქციები შეესყიდათ და გაეყიდათ. მათ შორის IBM Corp (IBM.N), Snap Inc (SNAP.N) და Tesla Inc (TSLA.O). პროკურორები ამბობენ, რომ მათ ამ ოპერაციებით, სულ მცირე, 89 მილიონი დოლარი გააკეთეს.

კლიუშინის ადვოკატები ამბობენ, რომ ამ სავარაუდო მაქინაციებამდე, ის უკვე მდიდარი იყო და მთავრობის სამხილებს „სერიოზული დეფექტები“ აქვს.

XS
SM
MD
LG