ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან, დიდი ალბათობით, კვლავ რუსი ჰაკერები დგანან. მასშტაბური თავდასხმა ამერიკულ კომპანია KASEYA-ზე განხორციელდა.
2 ივლისს დაწყებული კიბერთავდასხმა ამ დრომდე არ არის დასრულებული, ხოლო დაზარალებული კომპანიებიის რაოდენობა იზრდება.
კომპანია, რომელსაც რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ, მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს და 40 000-მდე ორგანიზაციას ემსახურება.
თავდაპირველად კომპანია KASEYA-ს აღმასრულებელი დირექტორი განმარტავდა, რომ კიბერთავდასხმა ათასობით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესსზე მოახდენდა გავლენას. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თავდასხმის უკან REVIL GANG დგას, რომელიც რუსულენოვანი სინდიკატია.
„დარქ ვებზე“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად დაზიანდა მილიონზე მეტი სისტემა. ჰაკერები, რომლებიც კიბერთავდასხმის უკან დგანან აცხადებენ, რომ დაზიანებას აღმოფხვრიან და KASEYA-ს გადასცემენ შიფრს, რომელიც კომპანიას სისტემაზე სრულ წვდომას დაუბრუნებს.
ჰაკერები შიფრის გადაცემისთვის თავდაპირველად 5 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდნენ, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალეს და ახლა ისინი 70 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალურას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ, საკითხზე განცხადება გაკეთდა თეთრ სახლში. ამერიკის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკის თქმით, ამერიკის ოფიციალური პირები უახლოეს დღეებში გამართავენ შეხვედრას რუს კოლეგებს და განიხილავენ არსებულ ვითარებას. აქვე ფსაკი აღნიშნავს, რომ ამერიკის სამთავრობო უწყებებმა და კომპანიებმა უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესონ კიბერუსაფრთხოება.
Facebook Forum